“ხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები” – ოპოზიცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე

ეკა ბესელია

ხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არავინ გამოიძიებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ასეთი ბინძური მეთოდით ბრძოლა აირჩია.

კანდელაკი დარწმუნებულია, რომ საქმეს არ გამოიძიებენ, თუმცა თვლის, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა და გამოძიების მოთხოვნა არ უნდა შეწყდეს.

„მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც იყენებს პირადი ცხოვრების კადრებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და სამწუხაროდ ქალბატონი ბესელიას შემთხვევა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკაში გამოიყენეს პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ამას აკეთებს ეს მთავრობა და ამ მთავრობის პირობებში ეფექტური გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს. მიუხედავად ამისა, მთავრობაზე ზეწოლა არ უნდა შესუსტდეს, რომ თუნდაც დამოუკიდებელი მექანიზმის საშუალებით, ან საპარლამენტო კომისიის საშუალებით გამოძიება ჩატარდეს,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ იძიებს არცერთ გახმაურებულ საქმეს, რადგან ეს მის ინტერესებში არ არის. გოცირიძის თქმით, სწორედ ასეთი საქმეების გამოუძიებლობა მეტყველებს იმაზე, რომ ამ დანაშაულებებთან მმართველი გუნდი პირდაპირ კავშირშია.   

“ორ წელიწადზე მეტი გავიდა აფგან მუხთარლის გატაცებიდან. გამოიძიეს?-არც არასოდეს გამოიძიებენ. ეს არის პირდაპირ ნიშანი იმისა, რომ არ იძიებენ იმ საკითხებს,რომელშიც უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლება და რომელიც პირდაპირ არის მათ ფინანსურ პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესებში.

ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ მარტივად, დამნაშავე არის ხელისუფლება. ხელისუფლებამ გააკეთა, ხელისუფლებამ გაავრცელა და თუკი რამე სხვა ინფორმაცია არსებობს, ინფორმაცია ხშირად ჟონავს ხოლმე ხელისუფლებიდან, როგორც ჩანს ქალბატონმა ეკამ ეს იცის, ვინაიდან მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა,”-განაცხადა გოცირიძემ.

განცხადება ბესელიამ დღეს გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ გონივრული ვადა საქმის გამოძიებისა ამოიწურა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას არ აქვს არანაირი შედეგი.  ბესელია აცხადებს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრებს და საეჭვო გარემოებებსა და გვარებს დაასახელებს.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი