“ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე – სიგარეტის ნამწვავები” – საბერძნეთში ქართველი გოგონას მკვლელობის დეტალები

სოფო წიკლაური

საბერძნეთში ნაპოვნი 23 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი საუბრობს და ამბობს, რომ სოფო წიკლაური წამებით არის მოკლული.

“სოფოს ერთადერთი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი ვარ, ერთმანეთისთვის დებივით ვიყავით. 5 წელია, ორივე ერთად ემიგრაციაში ვართ საბერძნეთში. სოფოს ჰყავს 2 თვის პატარა ალექსანდრე.

სოფოს გვარი არის შანშიაშვილი, წიკლაური დედის გვარია. დედის გვარზე უნდოდა გადასვლა და სოციალურ ქსელში წიკლაური ეწერა. თუმცა, საბუთებით შანშიაშვილია და ცხადია, პოლიციას, საკონსულოს ასე აქვს გადაცემული მისი დოკუმენტები. სოციალურ ქსელში დაიწერა ისიც, რომ 2 დღის მკვდარია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდარი, ეს არავის დაუდგენია. დეტალებს გამოძიება დაადგენს და სავარაუდოდ, დღეს საღამოს მეცოდინება,” – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი ქეთევან ძიგუა ამბები.გე-სთან.

ძიგუა იხსენებს, როგორ იპოვა მან და კიდევ ორმა ადამიანმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი

“დილიდან ისე მოხდა, რომ სოფო ვერ ვიპოვე. სახლში მასთან რომ მივედი, კარი არავინ გამიღო, ძალიან ავნერვიულდი, მით უფრო, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია, არც სმს გამოუგზავნია, ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, კარი შეგვემტვრია, ამაში 2 ადამიანი დამეხმარა.

კარი პოლიციის გარეშე შევამტვრიეთ, რადგან სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა, თან, არ ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით მსგავსი რამ თუ დაგვხვდებოდა, ამას ვერ ვფიქრობდით. რომ შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო… პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია.

ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეუღლე პატიმარია. ისინი საბერძნეთში დაქორწინდნენ, მერე მისი ქმარი დაიჭირეს. ქმართან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ქმარიც, იქიდან რეკავდა და როგორც მე ვეძებდი, ისიც ასე ეძებდა მას.

სანამ გათხოვდებოდა, მუშაობდა ისე, როგორც მე ვმუშაობ, ალაგებდა ოჯახში, ბავშვებთანაც მუშაობდა და ბებიასთანაც. მერე, როგორც ვთქვი, დაქორწინდა, ორსულად იყო და ამიტომ აღარ საქმიანობდა. მერე უკვე პატარა ჰყავდა და მას უვლიდა. ამ წუთისთვის დროებით უმუშევარი იყო.

დეპრესიული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნე, სოფოს თვითმკვლელობა გამორიცხა პოლიციამ და ექსპერტმა. მათი ვერსით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი. ამ წუთისთვის მეტი არაფერი ვიცი, მისი საქართველოში გადასვენების საკითხში საკონსულო გვეხმარება”, – აცხადებს დაღუპულის მეგობარი.

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტების პირველადი ინფორმაციით, სოფო წიკლაური მოკლულია. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რეზონანსი

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი