“ძალიან ცუდი სიურპრიზი” საქართველოსათვის – აზერბაიჯანი, შესაძლოა, “ოდეკაბეს” შეუერთდეს

პუტინი-ალიევი

ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალურად შესთავაზა რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (“ოდეკაბე”) გაწევრიანება და ბაქოში უკვე სერიოზულად დაიწყო განხილვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, “საკმაოდ დინამიკურად იცვლება ვითარება, მანევრის საშუალება მწირი გვაქვს, მაგრამ აქტიური პოლიტიკით უნდა მოვახერხოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ სიურპრიზების წინაშე”.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ “ოდეკაბეში” აზერბაიჯანის ჩართვით საქართველოსთვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. ჩვენთვის ეს ყველაზე ცუდი სიტუაციაა. რუსეთის მთავარი იდეაა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ დააყენოს რუსული სამშვიდობო ძალები და კავკასიაში შექმნას სრული კარტბლანში. დარჩა ერთადერთი საქართველო, რომელიც ამ რუსულ ალიანსში არ არის და ამიტომ დიდია ხიფათი, განმეორდეს 1921 წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობა”.

12 აგვისტოს გაფორმდა 20-წლიანი ხელშეკრულება კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი კასპიის ზღვაში ნებისმიერ სამხედრო წარმომადგენლობას ზღუდავენ. სწორედ ამ ცერემონიალისას რუსეთის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს შესთავაზა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება.

აზერბაიჯანის პარლამენტის – მილი მეჯლისის წევრებმა რუსულ ალიანსში შესვლის სანაცვლოდ დივიდენდების მიღების განხილვაც დაიწყეს. ითქვა, რომ რუსულ შეიარაღებას იყიდიან შიდა ფასებით, ანუ იაფად, ისე-ვე როგორც სომხეთი, რაც მომგებიანია.

აყველაზე მთავარი კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების იმედია. როგორც დეპუტატი ალი ჰუსეინლი ამბობს, აზერბაიჯანის გაწევრიანებით ეს კონფლიქტი რუსეთისთვის გადაიქცევა კონფლიქტად ორგანიზაციის ორ პარტნიორს შორის, რაც მოსკოვს მისცემს საფუძველს, მისი შუამავლობითა და ძალისხმევით ეს პრობლემა მოგვარდეს. მოგვარებაში კი გულისხმობს “აზერბაიჯანული მიწის დეოკუპაციას”.

“ოდეკაბეს” წევრები არიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. თითოეულ წევრს ნებისმიერ საკითხზე აქვს ვეტოს უფლება. ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და ნებისმიერ ერთ მონაწილე ქვეყანას შეუძლია, არ დაუშვას ახალი წევრის მიღება.

აზერბაიჯანში იმედი აქვთ, რომ თუ რუსეთს მართლა სურს აზერბაიჯანის წევრობა, მას სომხეთის დარწმუნებაც შეუძლია და სომხეთიც სანაცვლოდ რაიმეს მიიღებს.

ამირან სალუქვაძის შეფასებით, “რეგიონში ბევრი რამ იცვლება და დღეს ჩვენ ირგვლივ ასეთი სურათია: რუსეთი 20-წლიანი მცდელობის შემდეგ ახერხებს 4 ისლამურ სახელმწიფოსთან კასპიის ზღვის კონვენციის გაფორმებას და ამით საკმაოდ აახლოებს ურთიერთობას ამ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქმენეთთან და ყაზახეთთან;

“მეორე მხრივ, რუსეთი ძალიან აახლოებს ურთიერთობას თურქეთთან, თურქეთ-დასავლეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე; სირიაში თურქეთ-რუსეთ-ირანის სამკუთხედიც შეიკრა; ასევე, რუსეთის პოლიტიკის ცვლილებას ვხედავთ კავკასიაში. განსაკუთრებით სომხეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საკმაოდ გააქტიურებული აქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ბოლო თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით რუსული საინფორმაციო დესანტის გადასხმას – დუგინი-შევჩენკოს ფლანგი ანტისომხური განცხადებების ფონზე აქტიურობს”.

სალუქვაძის თქმით, “აი, ასეთი ფონი გასდევს ამ ყველაფერს და ამ ფონზე შეთავაზება აზერბაიჯანთან მიმართებით არ უნდა გაგვიკვირდეს.

“ომს ყარაბაღში არ ველოდები, მაგრამ რუსეთი ამ კონფლიქტებს იყენებს სახელმწიფოებზე ზეგავლენის მიზნით. აზერბაიჯანთან გააქტიურება ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტია ზემოქმედებისა სომხეთზე, რათა იქ რაიმე პროდასავლური მოძრაობა რა გაძლიერდეს.  ეს არის რუსეთის პოლიტიკა, დანარჩენს უნდა დავაკვირდეთ.  გარკვეული საფრთხე თუ არა, რაღაც უხერხულობა შეიძლება შეიქმნას.

“მანევრის საშუალება მწირი გვაქვს, მაგრამ აქტიური პოლიტიკით უნდა მოვახერხოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ სიურპრიზების წინაშე. თუ ტრადიციულად გავაგრძელებთ თანამშრომლობას კავკასიის სახელმწიფოებთან, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან და ნეიტრალიტეტს შევინაჩუნებთ, ასევე, გავაგრძელებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მომგებიან სიტუაციაში ვიქნებით. იოლად არ უნდა წამოვეგოთ გამოგზავნილ მესიჯებს, ეს იქნება შამბას ინტერვიუ, თუ შევჩენკოს გააქტიურებული ინტერვიუები საქართველოსთან “მეგობრობაზე“, – აცხადებს სალუქვაძე.

ვახტანგ მაისაიას თქმით, აზერბაიჯანში ეს თემა ძალიან აქტუალურია. როგორც ჩანს, წინასწარ რაღაც მუშაობა იყო, სხვა შემთხვევაში პუტინი კასპიის ზღვის კონვენციის ხელმოწერისას ასე ოფიციალურად არ შესთავაზებდა ალიევს “ოდეკაბეში” გაწევრიანებას.

“მგონია, რომ ალიევიც მზადაა, ეს ნაბიჯი გადადგას. ამისთვის სერიოზული საფუძველიც არსებობს. კავკასიის გეოსტრატეგიული ვითარება შეიცვალა. კასპიის კონვენციით, კასპიის ზღვის რეგიონში რუსეთის ჰეგემონობა, ფაქტობრივად, ოფიციალურად დამკვიდრდა.

“აზერბაიჯანს სხვა არჩევანი არ რჩება, გარდა იმისა, რომ მოხვდეს ამ პრორუსულ სამხედრო ალიანსში. ბაქოს მიაჩნია, რომ ალიანსის წევრობით მთიანი ყარაბაღის ახალი მოდელის გადაწყვეტა მოხდება, რადგან ეს კონფლიქტი უკვე “ოდეკაბეს” ორი წევრი სახელმწიფოს კონფლიქტი იქნება, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალები განათავსოს.

“როგორც ჩანს, იქნება ვაჭრობა, რომ გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანმა დაიბრუნოს, სადაც განთავსდება რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი კი იქნება სომხეთის გავლენის ქვეშ. ამით ალიევის ხელისუფლებას ტერიტორიის დამბრუნებლის სტატუსი მიენიჭება და ალიევიც სწორედ ამას იმედოვნებს.

“ფაქტობრივად, “ოდეკაბეში” აზერბაიჯანის მიერთებით რუსეთი იღებს საკმაოდ ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას რეგიონში. რაც შეეხება სომხეთს, ახლა დაპატიმრებულია “ოდეკაბეს” ხელმძღვანელი სომეხი პოლიტიკოსი. ასევე, როგორც ჩანს, შესაძლოა, ეს იყოს ფაშინიანის მხრიდან მცირე ანტირუსული ქმედებების საკომპენსაციო ვარიანტი და მას სხვა გამოსავალი არ აქვს”, – აღნიშნავს მაისაია.

მისივე თქმით, “ოდეკაბეში” აზერბაიჯანის ჩართვით საქართველოსთვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება.

“საქართველო რთულ გეოსტრატეგიულ პირობებშია, ფაქტობრივად, გარშემორტყმულია ამერიკისათვის რთული თურქეთით, ასევე, აზერბაიჯანით, სომხეთითა და რუსეთით. ჩვენ ძალიან მძიმე და ცუდი გეოსტრატეგიული ფონი გვექმნება, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი სიურპრიზია, რუსეთი კავკასიაში სრულ კარტბლანშს ქმნის. დარჩა ერთადერთი საქართველო, რომელიც ამ რუსულ ალიანსში არ არის და დაახლოებით ვითარდება იგივე მომენტი, რაც იყო 1921 წლის იანვარ-თებერვალში,” – დასძენს მაისაია.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი