ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო, ჩემი შეფასებით, პატრიარქის “ლანძღვის” დეტალია

„პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი სექტარიანული დაპირისპირების ფორმა მიიღო რუსთავი ორის მიმართ გამოთქმულმა კორექტულმა კრიტიკამ“,-ამის შესახებ „ტაბულას“ გენერალური დირექტორი „ფეისბუქში“ წერს.

cyc

„მეგონა გავიარეთ.

კრიტიკის მიუღებლობა გავრცელებული სენია. არაადეკვატური რეაქციისგან დაზღვეული არავინ ვართ. მაგრამ ამ შემთხვევამ განმაცვიფრა.

სამწუხარო და სასაცილოა, რომ ამ ფორმით მიწევს პასუხის გაცემა და ალბათ დაგვცინებენ კიდეც – ნიკა გვარამიას კედელზე ვერ ვწერ, ჩემი კედლისგან განსხვავებით, ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, მეგობრებიდან კი წამშალა, იმ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, ვინც ჩემი მოსაზრება მოიწონა.

ეს ცხადია მისი ნებაა.

მაგრამ, ცხელ გულზე ჩემი რომელიღაც კომენტარის სქრინი გამოფინა და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს – თითქოს ნაცვლიშვილს ვაქებ. ეს ბუნებრივია ასე არ არის და რაღა დაგიმალოთ, ახსნაც კი მაღიზიანებს.

კი, გასულ არჩევანში საყვარელიძეს, გვარამიას და ელისო კილაძეს შორის სცენა დაიდგა და თავისთავად სასაცილოდ გამოიყურებოდა გვარამიას თვალწინ, ელისო კილაძე რომ ყვებოდა გვარამიას და ნაცვლიშვილის შეხვედრის დეტალებს.

ეს ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ ნაცვლიშვილი კარგი კაცია, ან კარგი სახელმწიფო მოხელე იყო, ან დანაშაულს არ ჩაიდენდა – რასაკვირველია არა, უკიდურესად დაბალი წარმოდგენის ვარ მასზე, როგორც სახელმწიფო მოხელეზე. ივანიშვილის სტანდარტითაც კი. ცხადია იმასაც სრულიად დასაშვებად მივიჩნევ, რომ ვიღაცებს უსმენდა და შემდეგ ჩანაწერებით ვაჭრობდა.

ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო, ჩემი შეფასებით, პატრიარქის “ლანძღვის” დეტალია, რომელიც ჩემი დაკვირვებით შემთხვევით არ გაჩენილა, არც არავის გაუპროტესტებია.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე დაიცალოს ამ თემით სპეკულირებისგან და ნებისმიერი გამოვლინება, მითუმეტეს იმ არხისგან, რომელსაც ჩემს ღირებულებებთან ყველაზე ახლოს მდგომად მივიჩნევ, ძალიან ცუდ სიგნალად მიმაჩნია.

კიდევ ერთხელ – მწუხარებას გამოვთქვამ, რომ კომუნიკაციის ასეთი ფორმა დამყარდა. ალბათ ძალიან კომიკურად გამოვიყურებით“,-წერს ჩერგოლეიშვილი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი