ცუდი სიურპრიზის მოლოდინი ცხინვალში – პუტინს 26-ში ზეიმზე ჩასვლა არ გადაუწყვეტია

ბიბილოვი-პუტინი

ჩავა თუ არა ვლადიმირ პუტინი ცხინვალში, „რესპუბლიკად აღიარების 10 წლის იუბილეზე” თუ მხოლოდ მოკლე მისალოც დეპეშას გააგზავნის – ეს თემა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დიდი განხილვის საგანი გახდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გავრცელდა, რომ ამ დღეებში პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ეს ფაქტი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა დამალა.

ამ ფაქტის გამო ცხინვალში შიშნარევი მოლოდინიც გაჩნდა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი მათ მიწვევაზე უარს იტყვის და ცხინვალში არ ჩავა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის დათმობას აპირებს საქართველოსთვის?

როგორც ოსური მედია წერს, არსებობს კითხვები, რატომ დამალა ანატოლი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა და რატომ გაიგეს ეს ოსებმა მხოლოდ რუსული მედიისგან. მით უმეტეს, როდესაც პუტინის მხრიდან ნებისმიერი კომუნიკაცია „რესპუბლიკის” ხელმძღვანელობასთან, ან უბრალოდ პუტინის მხრიდან მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის” ან ბიბილოვის ხსენებაც კი, დიდ გამოხმაურებას იწვევს ცხინვალში.

გარდა ამისა, ცხინვალში არ მოეწონათ ის, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი წერია პუტინის ცხინვალში ვიზიტზე.

როგორც ოსური მედია წერს, ცხინვალში მთელი მოსახლეობისა და ე.წ. ხელისუფლებისთვის უმთავრესი კითხვაა, ეწვევა თუ არა „სამხრეთ ოსეთს” რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ბიბილოვმა დაპატიჟა „რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილეზე, თუ შემოიფარგლება მხოლოდ მისალოცი ტელეგრამით.

ოსური მედიის ვარაუდით, რადგანაც ეს ზარი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა დამალა, ფაქტი ცხინვალში ცუდად ენიშნათ. დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ პუტინი 26 აგვისტოს ოსების ზეიმზე ჩასვლას არ აპირებს.

ერთ-ერთი ოსი ექსპერტი იური ვაზაგოვი აცხადებს, რომ შესაძლოა ზარი უკავშირდებოდა უსაფრთხოების საკითხს, რადგან ამ დღეებში საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა, თუმცა ამის მიუხედავად არ თვლის, რომ ეს ზარი ნიშნავს, რომ პუტინი არ ეწვევა მათ.

მისი თქმით, „ასეთი მაღალი რანგის პირის ვიზიტი ყოველთვის რჩება საიდუმლოდ თვით მასპინძლისათვის, რადგან უსაფრთხოების გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტს”.

ოსი ჟურნალისტი თემურ ცხურბატი კი აცხადებს, რომ „პუტინი ასე უბრალოდ არავის არ ურეკავს” და თუ პუტინი 26 აგვისტოსთვის ცხინვალში არ ჩავა, ესე იგი, ის “სამხრეთ ოსეთს თბილისს უთმობს”:

„თუ ვარაუდს დავიწყებთ, რუსეთის ლიდერის მხრიდან სატელეფონო ზარი 26 აგვისტოს ზეიმის წინ ნიშნავს, რომ პუტინი ცხინვალში არ ჩამოვა და მაშინ ეს უკვე ქვეყნისთვის ცუდის ნიშანია. თუ პუტინი არ მოვა აქ, ეს ჩვენთვის დიდი საფრთხეცაა. სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი გავიდა, ჩვენ ფაქტობრივად მისი ქმნილება ვართ და თუ ის არ ჩამოდის, ეს ბუნდოვან შიშს აჩენს, რომ შეიძლება იწყება ჩვენი დათმობა საქართველოსთვის. ჩემში ეს სერიოზულ შიშს იწვევს. ძალიან კარგი იქნება, თუ ვცდები. იმედი მაქვს, რომ პუტინი მაინც ჩამოვა,”- ამბობს ცხურბატი.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ პუტინის მხრიდან ცხინვალში ვიზიტზე უარის თქმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს უსაფრთხოების საკითხთან, ეს არასერიოზულია.

„პუტინს საკუთარი უსაფრთხოდ ყოფნის უზრუნველყოფა შეუძლია თბილისშიც კი”, – დასძენს ცხურბატი.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რთულია იმის თქმა, ჩავა თუ არა პუტინი ცხინვალში, მაგრამ ჩასვლა-არჩასვლა უსაფრთხოების საკითხებზე დამოკიდებული არ არის, არამედ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ოსები პუტინისთვის.

„პუტინი უსაფრთხოებას შეიქმნის ნებისმიერ ადგილას. აქ უფრო პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ პუტინი დე ფაქტო ლიდერებს ტრადიციულად სოჭში დაიბარებს და იქ შეხვდება. ხოლო თუ ოსებს ეწყინებათ და გაბრაზდებიან, ცივი წყალი დალიონ, ასე ეტყვიან მათ მოსკოვიდან. არც ოსები და არც აფხაზები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ გაიბუტონ და გაბრაზდნენ, მით უმეტეს პუტინზე. არც აფხაზებთან მიმართებაში და არც ოსებთან მიმართებაში პუტინს არასდროს გამოუხატავს დამოკიდებულება, რომ ისინი განსაკუთრებულად საჭიროები არიან მისთვის. ეს ტერიტორიები მოსკოვისთვის არის სამხედრო პოლიგონები და სამხედრო ბაზა და მათ ფულს აძლევს იმისთვის, რომ რუსული სამხედრო ბაზების კეთილდღეობას მოხმარდეს,”- აღნიშნავს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ოსებს პერიოდულად უჩნდებათ შიში, ხომ არ შეაქცევს მათ ზურგს პუტინი და ახლანდელი აჟიოტაჟიც ამის მაგალითია.

„მათ შიშები პერიოდულად უჩნდებათ, თუმცა ეს შიშებიც უმეტესად გამოწვეულია უფრო პროპაგანდის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინონ,”- დასძენს ცქიტიშვილი.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი