ციაკო ფიფია: “მშობიარობიდან 10 დღეში შვილი დედამთილს გადავაბარე”

ციაკო

ციაკო ფიფიას პერსონაჟი “კომედი შოუდან” – სოფელში გათხოვილი “სვეცკი” რძალი – მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე იყო სკეტჩებში. ახალგაზრდა იუმორისტი ქალი ცხოვრებაშიც ძალიან მხიარული და ხალისიანია, არაფერს ართულებს. უკვე ორი წლის ბიჭუნას დედაა და, როგორც “სარკეს” უამბო, ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდები უპრობლემოდ, მარტივად გადალახა, ერთი წამიც კი არ ჰქონია დეპრესიული. ცხოვრებისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება ბევრს გამოადგებოდა მაგალითად.

– ციაკო, დავიწყოთ პატარა ალექსანდრეთი. როგორ ზრდით მას, როგორი დედაა ციაკო ფიფია?

– როცა ალექსანდრესთან ვარ, მეც ვხდები ჩვეულებრივი 2 წლის ბავშვი, რომელიც მასთან ერთად დარბის, დახტის, თამაშობს. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ისაა, რომ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, შვილთან ხშირად ვერ ვარ. ბავშვთან მყავს დედიკო ხათუნა, ჩემი დედამთილი, რომელსაც ღმერთქალს ვეძახი, იდეალური დედამთილი, დედა და იდეალური ბებო. ხათუნა მეორე დედაჩემია და მეორე დედა ალექსანდრესთვის.

– ანუ ფაქტობრივად ბავშვს დედამთილი გიზრდით?

– დიახ. ალექსანდრეს გაზრდაში 100-დან 80% ხათუნას წილია.

– ხასიათით ვის ჰგავს პატარა ალექსანდრე, თქვენ თუ მამას?

– ორივეს. ძალიან მხიარულია და თან ზოგჯერ ძალიან ბრაზიანი. ეს მეც მაქვს და გოგასაც. ცოცხალი ბავშვია და არაფრის ეშინია. ძალიან მოსწონს მუსიკა და საკმაოდ მუსიკალურია. ამ ამბავში მამიკოს ჰგავს უფრო – ჩემი მეუღლე დიჯეია. მიკროფონი უყვარს – ამაში კი მე მგავს, რადგან წამყვანიც ვარ.

– მეორე შვილი ხომ არ შედის თქვენს გეგმებში?

– რა თქმა უნდა, მეორეც და მესამეც, მაგრამ ახლო გეგმებში არ შედის. გვინდა, სამი შვილი გვყავდეს.

– როგორ გახსენდებათ ორსულობისა და დეკრეტის პერიოდები, რთული თვეები იყო?

– რეალურად ჩემი ორსულობის პერიოდი იყო იდეალური. სამსახურში ჩვეულებრივად დავდიოდი. ორსულობის 8 თვე ვიმუშავე, ვიხტუნავე, ვიგიჟე და ყველა მეუბნებოდა, გეხვეწები, გაჩერდი, არ გინდაო.

ბოლო ერთი თვე სახლში რომ დავჯექი, ეს იყო კატასტროფა! ძალიან არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება. ალექსანდრე 10 დღის იყო, როცა ჩემს დედამთილს გადავაბარე და მე სამსახურში წავედი.

– შვილის გაჩენის შემდეგ პირველი თვეების გადალახვაც არ გაგიჭირდათ? ამ დროს ქალებს ხასიათი ეცვალებათ, წონაში იმატებენ, აქვთ მუდმივი დაღლის შეგრძნება…

– ხასიათი საერთოდ არ შემცვლია. მაგ ამბებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს წაკითხული. მხოლოდ ის იყო, რომ ორსულობის დროს ცოტა გულჩვილი ვიყავი, ყველაფერზე მეტირებოდა. მშობიარობის შემდგომ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. რთული პერიოდი არ მქონია.

წონის პრობლემა ახლა უფრო მაქვს, ვიდრე მაშინ. ორსულობის პერიოდში 9 კილო მოვიმატე, აქედან 4 კილო იყო ალექსანდრე. რეალურად ჩემი წონა არის 65-დან 68 კგ-მდე. მე მგონი, 77 კილო ვიყავი ორსულობის დროს, ახლა დაახლოებით 70 ვარ.

– დიეტას იცავთ?

– არა. დიეტები და მე ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, გემრიელი საჭმელების გაკეთებაც მიყვარს და ჭამაც. სწორი კვებაც არ გამომდის, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე.

– გეტყობათ, კარგი კულინარი ხართ.

– ჰო, რა ვიცი, ასე ამბობს ჩემი ქმარი, ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელები. ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული “მადამ ბოვარი”. ჩინურ ტორტს ვაკეთებ კიდევ ძალიან გემრიელს.

– შვილის გაჩენამ თქვენში დიდი ცვლილებები მოახდინა?

– ადრე მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავდი. მერე გამოჩნდა გოგა და გავყავი ეს 50 50-ზე. 50 ჩემი თავი იყო, 50 – გოგა. ალექსანდრე როგორც კი დაიბადა, 100-დან 100% წაიღო, სულ მასზე ვფიქრობ. აი, თუნდაც წავედი პირადად ჩემთვის საშოპინგოდ, იქაც ალექსანდრესთვის ვყიდულობ.

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა შვილის დაბადების შემდეგ. წიგნებს ვყიდულობ ძალიან ხშირად. სავარაუდოდ, ასე, 10 წლამდე კარგად გვეყოფა. ვყიდულობ სათამაშოებს, ტანსაცმელს. მიყვარს, ბავშვს კარგად რომ აცვია. დედა მყავს ამერიკაში, რომელიც უამრავ სათამაშოს უგზავნის ალექსანდრეს. დედაჩემი კიდევ ცალკე მოვლენაა, თვითონ რომ ვერ არის ალექსანდრესთან და ვერ ზრდის, გზავნის და გზავნის სათამაშოებს.

ალექსანდრე ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ინგლისური ანბანი იცის ჩვეულებრივად. საკმაოდ ჩართული ვარ მის განვითარებაში, მაგრამ როგორც უნდა იყოს, წესით, დედა შვილთან, ეგრე არ ვარ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მე და ალექსანდრე მაინც სულ ვერთობით.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ დედობის პირველი წუთები?

– რა თქმა უნდა. რომ დამიწვინეს ალექსანდრე გულზე, მაშინ მივხვდი, რომ ამქვეყნად თურმე რაღაც გამიკეთებია. ისეთი გრძნობა დამებადა, ამ წუთებზე ტკბილი თუ რამე არსებობს ქალისთვის, არ მგონია. მე და დედაჩემს ერთმანეთთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ალექსანდრეს დაბადების შემდეგ კი ათასჯერ და ორი ათასჯერ მეტად დავაფასე და მივხვდი, რას ნიშნავს შვილი.

– უკვე 3 წელზე მეტია, რაც თქვენ და გოგა ნებიერიძე ცოლქმრულ უღელს ეწევით. გათხოვების პირველ ხანებში ქმრის ოჯახს როგორ შეეგუეთ?

– როცა გავთხოვდი, არ მქონია ის მომენტი, რომ უცხო სახლში ვარ, უცხო ოთახში, უცხო სამზარეულოში, უცხო ხალხთან. ძალიან კონტაქტურები არიან, ძალიან საყვარლები, ძალიან თბილები, ძალიან ტკბილები, ძალიან მოსიყვარულეები და არ გამჭირვებია. გოგაც უზომოდ თბილი, უზომოდ ყურადღებიანია. მისი დამსახურებაა, რომ ასე ადვილად შევედი ყველასთან კონტაქტში.

– როგორი მამაა გოგა?

– გოგა არის ძალიან, ძალიან საყვარელი მამა. ალექსანდრეც გიჟდება მამაზე. სულ მისი სახელი აკერია პირზე. გოგას რომ დაინახავს, არავინ და არაფერი აინტერესებს. გოგა სულ ეთამაშება, ასმენინებს მუსიკას, აკვრევინებს ამ თავის აპარატზე, რაღაცებს აკეთებინებს.

– სახლში რამდენი სული ცხოვრობთ?

– მე, გოგა, ალექსანდრე, დედამთილი, მამამთილი და ჩემი მეუღლის ბებო.

– თქვენი მეუღლე ადრე ხომ ფეხბურთელი იყო? აღარ თამაშობს?

– არა, გოგა ახლა დიჯეია. აქვს ასევე ცალკე თავისი ივენთები. კორპორატიულებზე, დაბადების დღეებზე უკრავს.

– ფეხბურთს რატომ დაანება თავი?

– პრობლემები ჰქონდა მუხლზე, წყალი ჩაუდგა და ამიტომ ჩამოშორდა ფეხბურთს.

– სიყვარულთან, ურთიერთგაგებასა და პასუხისმგებლობასთან ერთად ოჯახს მატერიალური უზრუნველყოფაც სჭირდება. ამ მხრივ, თავად უძღვებით ყველაფერს ახალგაზრდა წყვილი თუ უფროსი თაობა გეხმარებათ?

– ჩემი დედამთილი ხათუნა რომ არ მეხმარებოდეს, მეყოლებოდა ძიძა, რომელსაც, ცხადია, ფული დასჭირდებოდა. ისეთი სამსახურები მაქვს, ხან ღამის 11-ზე მიწევს სახლში მისვლა, ხან 12-ზე. გოგაც ასეა, გვიან ვამთავრებთ ორივე მუშაობას. ხათუნა რომ არ მეხმარებოდეს, რაღაცების ჩახსნა მომიწევდა და მატერიალური მხარე უკან-უკან წავიდოდა.

დედაჩემი მეხმარება იმ მხრივ, რომ ალექსანდრესთვის უამრავ რაღაცას მიგზავნის. მეხმარება დეიდაჩემიც, რომელიც მეორე დედაა. როცა დედა ამერიკაში წავიდა, ბებო და დეიდა იყვნენ ჩემთვის ყველაფერი. ბებიები ჰყავს ალექსანდრეს საოცარი და ბაბუებიც, რა თქმა უნდა.

– 27 წლის ასაკში საკუთარ გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?

– მყავს სტილისტი, რომელთანაც ყოველთვის დავდივარ და თვალდახუჭული ვენდობი. მანიკიურ-პედიკიურის გამკეთებელ გოგოსაც თვალდახუჭული ვენდობი, მყავს ასევე კოსმეტოლოგი. ასე ვთქვათ, წლებია ამ ადამიანებთან ერთად მოვდივარ და ვენდობი.

– როგორც დედა და ქალი შემდგარი ხართ. თქვენი ცხოვრების მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან მხარეზეც – საქმიანობაზეც ვისაუბროთ. ამ კუთხით თავს რეალიზებულად მიიჩნევთ?

– როგორც იცით, ვმუშაობ “მთავარ არხზე”. “ახალი შაბათის შოუ” – ასე ჰქვია ჩვენს გადაცემას. ვმუშაობ კიდევ ბავშვთა გასართობ ცენტრში. ალბათ 24 საათიდან 12 საათს ამ ცენტრში ვატარებ. ასევე ვარ “სამ შვიდიანში”, სადაც მიმყავს გათამაშებები, ივენთები, კონცერტები.

– როგორ მიიღეთ პირადად თქვენ გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2”-დან “მთავარ არხზე” გადასულიყავით?

– ზოგადად ტელევიზია ჩემთვის ყველაფერია, რადგან ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. “რუსთავი 2”-ში მუშაობა ტკბილად და კარგად მახსენდება. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი ხანი არ მიფიქრია, რა უნდა მექნა. მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა გადავსულიყავი “მთავარ არხზე”, ასე ჩავთვალე საჭიროდ.

– ემოციურად არ გაგიჭირდათ? თქვენი პირველი ტელეკომპანია ხომ “რუსთავი 2” იყო?

– კი, რა თქმა უნდა, ემოციური იყო. ბევრი ნერვიულობა და ბევრი ცრემლი ახლდა. ძალიან განვიცადე. არ არის მარტივი, როცა ერთი ოჯახი შუაზე იყოფა, ნაწილი დარჩა, ნაწილი წავიდა. ისინი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი მეგობრები არიან.

– ქმარსაც ჰკითხეთ რჩევა?

– ზოგადად მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობთ ჩვენს სამსახურებზე და, რა თქმა უნდა, რჩევასაც ვეკითხებით ერთმანეთს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, და ვფიქრობ, რომ ეგ სწორია, მაინც იღებს ის, ვისაც უშუალოდ ეხება საკითხი.

– როგორ გახსენდებათ თქვენი გმირები, პერსონაჟები “კომედი შოუდან”?

– ძალიან კარგად. ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვარჩევ, ეს არის “სვეცკი” რძალი. დღემდე რომ დამინახავენ, “სვეცკი რძალს” მეძახიან. ეს როლი არის ალბათ ყველასთვის დასამახსოვრებელი – ქალაქელი გოგო, რომელიც სოფელში გათხოვდა. პირობას ვდებ, ძალიან ბევრ, კარგ ახალ პერსონაჟს შევთავაზებ ჩემს მაყურებელს.

წყარო: სარკე

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი