ჩვენება: რაში დახარჯეს პოლიციელებმა დავით მუმლაძის გატაცებისთვის აღებული ფული

რუსთავში მტკვარმა გამორიყა მამაკაცის გვამი, რომელსაც 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ დანაშაული გახსნა. დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები.

ადამიანის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელების სკანდალურ ჩვენებებს აქვეყნებს გაზეთი „კვირის პალიტრა“.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელები – დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. 

ამ დრომდე იძებნება მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა. უკვე ცნობილია, რომ ადამიანის გატაცებაში თითოეულმა­ პოლიციელმა 4 000 ლარი აიღო.

დავით მიროტაძის ჩვენება

რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა.

2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი­ იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს… შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში… ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება… ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე­ მოიყვანდა.

დუღაშვილი დამთანხმდა… შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა… 1-ლ ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი­ თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათ­იანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათი­ანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო. ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი­ ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი­ ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგ­ვეწია ეს მანქანა­, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი,­ მანიშნა, რომ გავყოლო­დით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე. გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას მაკაროვი ამოუღო ღებიანურმა. ჩავაგდეთ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გვერდით მიუჯდნენ დიტო და მიხეილი და მიშამ­ იარ­აღი, რომელიც ამოაცალა მუმლაძეს, გადმომაწოდა, მანქანის წინა სავარძელში დააგდეს მუმლაძის მობილურიც… რუსთავში რომ შევედით, მე დავუკავშირდი ჩემს სიძეს, ვუთხარი,­ რომ მას ველოდებოდით ქუჩის ბოლოში… ჩვენ ხელებზე ბორკილდადებული მუმლაძე ჯღარკავას და ასათიანს გადავეცით. ამის შემდეგ მტკვარზე გადასასვლელ ხიდთან ჩავუხვიეთ, გრუნტიან გზაზე გადავედით და მდინარე მტკვრის სანაპიროზე გავაჩერეთ და მუმლაძის იარაღი და ტელეფონი, ასევე ტრანზიტული სანომრე ნიშნები მტკვარში­ გადავყარე. ამის შემდეგ ჯერ ჩამოვსვი დიტო, მერე გადავჯექი ჩემს მანქანაში, სახლთან მივიყვანე ღებიანური და წავედი სახლში…

დაწერე კომენტარი