„ჩემს ანგარიშზე ისევ ირიცხება ფული“ – ლადო აფხაზავა

„მასწავლებლის გლობალური პრიზის“ ფინალისტის, ჩიბათის სკოლის პედაგოგის ლადო აფხაზავას პირად ანგარიშზე მოსახლეობა კვლავ აგრძელებს თანხის ჩარიცხვას.

ლადო აფხაზავა გეგმავს, რომ ხალხის მიერ შეგროვებული თანხით, გურიის სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურსები გამოაცხადოს და ასე დაეხმაროს პედაგოგებსა და მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში:

„ცხადია, იმის ილუზია არ მაქვს, რომ მართლაც მილიონი ლარი შეგროვდება და არც არის საჭირო მილიონი იმისათვის, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე და თან სხვა პედაგოგებსა და მოსწავლეებს დავეხმარო იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელთა განხორციელებაც მათ ასე ძალიან სურთ. უფრო ზუსტად კი ხალხი დაეხმარება მათ. სწორედ ის ხალხი, რომლებიც თითო-თითო ლარს რიცხავენ ჩემს ანგარიშზე“.

ლადო აფხაზავა ასევე გეგმავს, რომ შეგროვებული თანხით თავის მასწავლებელს დაეხმაროს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის:

„დედაჩემი სიმსივნით გარდაიცვალა. ვიცი, რას განიცდიან სიმსივნით დაავადებული ადამიანები და როგორ სჭირდება მათ გვერდში დგომა. აქამდეც ვცდილობდი, რომ ჩემს საყვარელ მასწავლებელს იმით დავხმარებოდი, რაც მქონდა, ახლა კი შესაძლოა, უფრო მეტის დახმარების საშუალება გაგვიჩნდეს ჩვენ ყველას ერთად“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლისთვის სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. ჯილდო, რომელიც ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიეღო, მილიონ დოლარს შეადგენდა. მილიონის მოგების შემთხვევაში კი ის აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის მოეხმარებინა.

მილიონიანი კამპანიის იდეის ავტორმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ მისი ინიციატივა ასე განმარტა:

„ჩემი იდეა იყო, რომ ყველას თითო ლარი გადაგვერიცხა ლადოს ანგარიშზე. ის არის კარგი, საღი ადამიანი და ჩვენ გვაქვს შანსი, მივცეთ მას შესაძლებლობა განახორციელოს თავისი გეგმები. დარწმუნებული ვარ, სიყვარულს + 1 ლარი, ლადოს გააკეთებინებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს“.

ლადო აფხაზავასთვის მილიონის შეგროვების იდეას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომლებსაც ლადოს აფხაზავაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

ჩიბათელი მასწავლებელი ამბობს, რომ ყველას შეუძლია მსგავსი კამპანიების წამოწყება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება: “პირადად მეც შევუერთდები ასეთ კამპანიებს. ხალხს ერთად ბევრი რამის შეცვლა შეუძლია”.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი 24 მარტს დუბაიში დასახელდა. ჯილდო მოიპოვა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელმა კენიიდან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გამარჯვებული კი ჯილდოდ მილიონ დოლარს იღებს.

რადიო თავისუფლება

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი