შშმ მოზარდის ცემის საქმეზე პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

მოზარდის ცემა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები ბრალს არ აღიარებენ. გამომძიებელ ირაკლი ლეხოშვილის თქმით, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

cyc

24 იანვარს სოციალური ქსელით ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ  მეტროსადგურის პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი შშმ მოზარდს სცემს, მეორე ინსპექტორი კი უყურებს და მეწყვილის ძალადობის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს. ბიჭს უკვე მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.

შსს-ს თანამშრომელს, ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ,  სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი