„შეიძლება „რუსთავი 2“ საერთოდ დაიხუროს…არა მგონია ივანიშვილმა ზედმეტი ფული ჩადოს… „იმედი“ უკვე აქვს“

„რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ, არხიდან დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები წავიდნენ. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. „რუსთავი 2″-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ონ.ჯის უთხრა, რომ არხზე ამ დრომდე არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. არც ვებგვერდზე იდება ნიუსები, თანაც გადაღებებზე არცერთი ჟურნალისტი არ გასულა.

ნოდარ მელაძის გარდა, სამსახურიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ესენი არიან ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. „რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი” და „შიდა ომები” დაასახელა.

„ტელეკომპანიაში, რაც ხდება, მოსალოდნელი იყო; თავიდან გაგვიშვებდნენ წამყვანი სახეებს და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყებენ ტელეკომპანიის გადაქცევას ერთ პატარა, უსახურ, პროსახელისუფლებო არხად, რა გეგმაც ჰქონდა ივანიშვილს. ეს პროცესი დაწყებულია, შეიძლება არხი დაიხუროს კიდევაც. არამგონია ივანიშვილმა ზედმეტი ფული ჩადოს „რუსთავი 2″-ში იმისათვის, რომ ისიც ისეთივე მასშტაბის ტელევიზია იყოს, როგორიც „იმედია,” ეს არხი უკვე აქვს,” – განუცხადა „რეზონანსს” ეკა კვესიტაძემ.

მელაძის ნაცვლად საინფორმაციო სამსახურს, გავრცელებული ინფორმაციით, ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

„ეს ინფორმაცია მეც გამიგია, შიგნითაც იყო ლაპარაკი. ნინო შუბლაძის გადასაწყვეტია მივა თუ არა ასეთ მდგომარეობაში, ამ პასუხისმგებლობას აიღებს, გაინადგურებს თუ არა თავის იმიჯს ბოლომდე. ყველა დგას ინდივიდუალური არჩევანის წინაშე. სამაგიეროდ მზად უნდა იყოს საზოგადოებრივი წნეხისთვის, რომელიც მასზე განხორციელდება, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,” – დასძინა კვესიტაძემ.

„რუსთავი 2″-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში არსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება,” – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის” პირად გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია „მთავარი არხი” დააფუძნა. გვარამია აცხადებს, რომ მთავარი დასაყრდენი მისი გუნდი იქნება.

გვარამიას „მთავარ არხზე” გადასვლას გეგმავს ეკა კვესიტაძე. მან „რეზონანსს” განუცხადა, რომ „რუსთავი 2″-ის თანამშრომელთა უმეტესობა შესაძლოა ახალ არხზე გადავიდეს.

„ბევრმა დატოვა „რუსთავი 2″, ბევრი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. რაღაცა ტექნიკური პაუზა იქნება. გვარამიასთან მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ და სხვათაშორის ბევრი აპირებს. რა იქნება და როგორ ცოტა ხანში გამოჩნდება. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ,” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2″ დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადება „კურიერის” 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი