“შეგნებული მკვლელობის კვალიფიკაციაზე ლაპარაკი არასწორია” – გია ნოდია

ყოფილი განათლების მინისტრი გია ნოდია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

ჩვენი ხელისუფლების არც უნარიანობაზე, არც პროფესიონალიზმზე და არც პატიოსნებაზე მაღალი აზრის არა ვარ. მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის თემით სპეკულირება სრულიად არასწორი მგონია. ადრე, „ოცნების“ მხრიდან უდიდესი პოლიტიკური უნამუსობა იყო ლაფანყურის თემით მანიპულაცია; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უპრინციპობას ისევ უპრინციპობით უპასუხო – მით უმეტეს, როცა ეროვნული უსაფრთხოების რეალურ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

სავსებით შესაძლებელია, როგორც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ისე პანკისში ჩატარებული ოპერაციები არასწორად, არაპროფესიულად იყო ჩატარებული; ვაღიარებ, რომ ჩემი სუბიექტური განცდა სწორედ ასეთია. მაგრამ მე არც საიმისო ცოდნა მაქვს და არც კონკრეტული ინფორმაცია, რომ რამე კატეგორიულად ვამტკიცო. ასეთ შემთხვევებში პასუხი უნდა გაგვცეს სანდო და გამჭვირვალე გამოძიებამ. ეს მოთხოვნა უნდა იდგეს, თუმცა ვიცით, რომ ასეთი გამოძიების ჩამტარებელი ხელისუფლება არ არის.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აპრიორი დანაშაული დავაბრალოთ. ყველა მონაცემით, რაც გვაქვს, მაჩალიკაშვილის სიკვდილი იყო ტრაგიკური შემთხვევითობა, რომელიც ყოველთვის შეიძლება მოხდეს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას. სამწუხაროდ, როგორც ვთქვი, ალბათ ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, რეალურად რა გარემოებებში ესროლეს მაჩალიკაშვილს, რამდენად სწორად თუ არასწორად იქცეოდნენ ამ შემთხვევაში სპეცსამსახურები.

საქართველოში და კონკრეტულად პანკისში, რეალურად არის რადიკალური, ანუ ტერორზე ორიენტირებული ისლამიზმის კერა. ხელისუფლებამ დადო გარკვეული სამხილები, რის მიხედვითაც ამ კაცს, მაჩალიკაშვილს, ჰქონდა კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციებთან, და მე არა მაქვს კონკრეტული საფუძველი, მას ამაში არ ვენდო, რადგან არ ვიცი, რა მოტივით უნდა მოეგონებინა ასეთი რამე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის კაცი მძინარე უნდა მოეკლათ, მაგრამ მისი დაპატიმრება შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, სავარაუდო სახიფათო დამნაშავის დაპატიმრების პროცესში კი ფატალური შემთხვევაც შეიძლება დადგეს. შეგნებული მკვლელობის კვალიფიკაციაზე ლაპარაკი და ამაზე რაღაც დიდი კამპანიის აგორების მცდელობა პრინციპულად არასწორია და, საბოლოოდ, პოლიტიკურად კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ხელისუფლება მართალი გამოგყავს.

და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) სხვა გაცილებით უფრო მძიმე შეცოდებები აქვს: ბირჟა-მაფიის წევრების მიმართ, აფგან მუხთარლის მიმართ, ზვიად რატიანის მიმართ. კი, არც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ადამიანი არ მომკვდარა, მაგრამ ყველა მათგანში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად ჩაიდინა დანაშაული. ძალიან სამწუხაროა და ჩვენი საზოგადოების სისუსტეზე მეტყველებს, რომ მას ეს ჯერჯერობით შერჩა, მაგრამ ამ სისუსტის კომპენსაცია მაჩალიკაშვილის თემის აგორებით არასწორია.

 

gh.nodia_fti_12.1.18

FTI.GE

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი