“შავი სია” უქმდება, რა შეიცვლება “გაშავებული” მსესხებლებისთვის

“შავი სია” უქმდება, მსესხებლებს კი შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციაც მოამზადა, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც იგეგმება. სებ-ში “გაშავებული” მსესხებლებისთვის საკრედიტო ისტორიის ბოლომდე გასუფთავებას კონკრეტულად არ ადასტურებენ, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ირკვევა, რომ სექტემბრიდან ყველა მსესხებელს მოეხსნება “ნეგატიურის” სტატუსი და ე.წ. “შავი სიაც” წარსულში დარჩება. საკრედიტო ბიურომ ეროვნული ბანკის წესის მიხედვით უნდა განაგრძოს მუშაობა წევრების გაფართოებული ბაზით. შესაძლებელია ბაზარზე რამდენიმე ბიუროს ერთდროულად მოქმედება, ამ დროისთვის კი მხოლოდ ერთია – “კრედიტინფო” – 150 000-ზე მეტი კლიენტით. ახალი რეგულაცია ყველა სესხის გამცემს ბიუროს წევრობას დაავალდებულებს.

როგორ დაიყოფა ვადაგადაცილებული სესხები, რა სტატუსი მიენიჭება მსესხებელს, გაძვირდება თუ არა მომსახურება, როდის მიუერთდება მას საგადასახადო ბაზა, სექტემბრამდე გახდება ცნობილი. სებ-მა რეგისტრაციის, რეგულირების, აღრიცხვიანობისა და ხელმისაწვდომობის წესის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. გვენეტაძის უწყება აქტიურად მუშაობს ბიუროში დაცულ მონაცემებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ეროვნული ბანკის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ე.წ. “შავ სიაზეა” საუბარი. 3 კვირაში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად, საკრედიტო ამონაწერში “ნეგატიური” სტატუსის ნაცვლად ასახული იქნება ფაქტობრივი მონაცემები მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების პროექტები შემუშავებულია მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისივე მოთხოვნით, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში. სებ-ს მიენიჭა უფლებამოსილება, 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობა.

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანი ალიბეგაშვილის აზრით, ის ცვლილება, რომელიც სექტემბრიდან იგეგმება, მსესხებლების მდგომარეობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, “შავი სია” აღარ იარსებებს, მაგრამ შეიძლება, სახელი შეცვალონ და გადავიდნენ სხვა ტერმინებზე. თუკი სესხის მიმღებზე ნეგატიური ინფორმაცია სადმე ინახება, ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და მომხმარებლები შეძლებენ, ამ სტატუსის გაუქმების შემდეგ, რაღაც პერიოდი, სესხებით ისარგებლონ.

“კრედიტინფოს” მონაცემთა ბაზა იფილტრება სხვადასხვა მეთოდით. მომხმარებლისთვის, რომელსაც აქვს ნეგატიური ისტორია, გამოყოფილია სპეციალური ველი (მათ ჰქონდათ სტატუსი “ნეგატიური”). ახლა ეს სტატუსი მათ ნამდვილად მოეხსნებათ, სექტემბრიდან აღარ იქნება სიტყვა “ნეგატიური” გამოყენებული მომხმარებლის იდენტიფიკაციის დროს, თუმცა იქნება ახალი ველი, სადაც იქნება მონაცემები, როგორ იხდის მომხმარებელი ვალს. ვადაგადაცილება თუ ექნება, სტანდარტულად დაფიქსირდება ამ გრაფაში.

ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ მსესხებლისთვის, ვისაც აქვს “ნეგატიური” სტატუსი, ყველაფერი შეიცვლება და ის სესხის აღებას უპრობლემოდ შეძლებს. სახეცვლილება თვით ამ პორტალისა და მათი მონაცემთა ბაზის მხრივ იგეგმება. ის, რომ “შავი სია” არ იარსებებს, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. შეიძლება, ეს სახელი არ გამოიყენონ და გადავიდნენ სხვა ტერმინებზე. ვინც იყო ცუდი გადამხდელი, დარჩება ცუდ გადამხდელად. ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები შეძლებენ, ამ სტატუსის გაუქმების შემდეგ, რაღაც პერიოდი სესხებით სარგებლობას”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

“შავი სიის” გაუქმების პარალელურად, სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, “კრედიტინფო” არის უცხოური ფირმა, რომელსაც აქვს წვდომა ჩვენი მოქალაქეების როგორც საბანკო, ასევე პერსონალურ მონაცემებთან. სებ-ი აპირებს მიიღოს კანონი, რომ ინფორმაცია საკრედიტო დაწესებულებებიდან გადაეცემა იმ მსესხებლების შესახებ, რომელთა ჯამური ვალდებულება არ აღემატება 3 მლნ ლარს. თუ ჯამური ვალდებულება აღემატება 3 მლნ ლარს, ასეთი ინფორმაცია საკრედიტო ბიუროს არ გადაეცემა, ეს ყველაფერი კი გარკვეულ კითხვებს ბადებს და ეროვნულმა ბანკმა პასუხი უნდა გასცეს.

“შეიძლება, “შავ სიასთან” დაკავშირებით ძირეული ცვლილებები არ იგეგმებოდეს, მაგრამ მის გარშემო საკმაოდ საეჭვო ვითარებაა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. მაგალითად, “კრედიტინფო” არის უცხოური ფირმა, რომელსაც აქვს წვდომა ჩვენი მოქალაქეების როგორც საბანკო, ასევე პერსონალურ მონაცემებთან. ეროვნულმა ბანკმა დართო ნება ამ კომპანიებს, თავიანთი საქმიანობა გაიტანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უცხოელებს ეს საინფორმაციო ბაზა შეუძლიათ, სათავისოდ გამოიყენონ. ცნობილია, რომ “კრედიტინფო საქართველოს” სერვერები, რომლებშიც განთავსებულია პირადი პერსონალური ინფორმაცია, არის განთავსებული საზღვარგარეთ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, რომელსაც ამბიციები აქვს, იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი.

სებ-ი აპირებს მიიღოს კანონი, რომ საკრედიტო დაწესებულებებიდან იმ მსესხებლების შესახებ მიიღოს ინფორმაცია, რომელთა ჯამური ვალდებულება არ აღემატება 3 მლნ ლარს. თუ ჯამური ვალდებულება ამაზე მეტია, მაშინ ასეთი ინფორმაცია საკრედიტო ბიუროს არ გადაეცემა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ინფორმაცია წვრილ მსესხებლებზე არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხოლო მსხვილ ორგანიზაციებზე არის ღრმად გასაიდუმლოებული. საინტერესოა, რატომ არის ასე? რომელ მსხვილ ან შავ ბიზნესს აფარებს ხელს ეროვნული ბანკი და უქმნის კომფორტულად არსებობის პირობებს?” – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ლია ელიავამ.

წყარო: რეზონანსი

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი