ყოფილი ბრიტანელი ჯაშუში ამბობს, რომ პუტინი “სერიოზულად არის ავად” – Sky News

პუტინი

ყოფილი ბრიტანელი ჯაშუში კრისტოფერ სტილი, რომელმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე და 2016 წელს ქვეყნის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე დოსიე მოამზადა, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არის ავად.

cyc

Sky News-ის ინფორმაციით, სტილი 1990-იან წლებში საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის [MI6-ის] რუსეთის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით 2006-2009 წლებში ამავე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ყოფილი ჯაშუში ამბობს, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, “პუტინის ავადმყოფობის შედეგია”.

“იქიდან გამომდინარე, რაც გავიგე წყაროებისგან რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, პუტინი ნამდვილად საკმაოდ სერიოზულად არის ავად. გაუგებარია რა დაავადებაზეა საუბარი – არის ის განკურნებადი თუ არა, რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ეს განტოლების ნაწილია”, – ამბობს სტილი.

მისივე თქმით, მთლიანობაში არსებობს ძალიან ცოტა ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ პუტინს შეეწინააღმდეგონ.

Sky News-ი ასევე უკრაინელი გენერალ-მაიორის კირილ ბუდანოვის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის ლიდერს სიმსივნე აქვს და რუსეთში მზადდება გადატრიალება, რათა ის თანამდებობიდან გადააყენონ.

ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად საუბრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. Sky News ასევე New Lines გამოცემის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე წერს – გამოცემა ამბობს, რომ მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქისა, რომელიც პუტინის შესაძლო ავადმყოფობაზე საუბრობს. “ოლიგარქი ჩანაწერში ამბობს, რომ პუტინს სიმსივნე აქვს, თუმცა რა სახის არ აკონკრეტებს”.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის შემდეგ გახდა, რომელზეც პუტინი სიტყვით გამოვიდა. Sky News-ი წერს, რომ სხეულის ენის ექსპერტებმა პუტინის მოძრაობები შეისწავლეს. მათი თქმით, პრეზიდენტის სახე იყო “დასივებული”, სიარული კი “არამყარი”, რაც მათი მტკიცებით, შესაძლოა რაიმე დაავადებაზე ან მედიკამენტების ზეგავლენაზე მიანიშნებდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პუტინის შესაძლო ავადმყოფობაზე არა ერთმა უცხოურმა გამოცემამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დაწერა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი