ყოველ დილით ვლოცულობ … ეს რომ გააკეთოს, ისტორიაში შევა – რას ურჩევს წულაია ივანიშვილს

გოგი წულაიას პარტიის ოფისში ვესტუმრე, როცა თბილისში იმყოფებოდა და ამა თუ იმ აქტუალურ თემასა და „ჭორ–მართალზე“ ვისაუბრეთ…

– საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კახა კუკავას, როგორც კანდიდატს, საარჩევნო დაპირებებში ეწერა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავ, ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კორუმპირებული ჩინოვნიკებისგანო. როგორ ფირობთ, რა ძალა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ეს ორი დაჯგუფება პოლიტიკური ველიდან „ჩააჩოჩოს“?

– ეს ორი დაჯგუფება, ძალიან კარგად იციან, რომ ერთმანეთს ავსებენ და თუ არ იქნება ერთი, არ იქნება მეორე. შუაში უნდა მოვნახოთ გამოსავალი – ე.წ. მესამე ძალა უნდა ჩამოყალიბდეს და ადამიანებმა თავი დაანებონ იმან ფიქრს, ვინ და როგორ გადაარჩენს და რეალური არჩევანი გააკეთონ. ადამიანების გარეშე ეს არ მოხდება, ქვეყანა რევოლუციურ სიტუაციამდე არ უნდა მივიყვანოთ. ყოველ დილით ვლოცულობ, – ღმერთო, დღევანდელი დღე ისე გაატარებინე ამათ, რამე დიდი სისულელე არ გააკეთებინო–მეთქი, კიდევ აქციები არ დაიწყოს და რევოლუციამდე არ მივიდეთ–მეთქი. არჩევნების გზით, ადამიანებმა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლონ, ერთ ძალაზე არ გადაირიონ, მრავალპარტიული პარლამენტი უნდა მივიღოთ.

– ბიძინა ივანიშვილზე რას იტყვით?

– (იცინის). საერთოდ, სრულად ადამიანის შეფასება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კარიერას დაასრულებს, ჩვენ კიდევ არ ვიცით წინ რა გველის მისი მხრიდან – ან ცუდი, ან კარგი. შეიძლება, რამე ისეთი ცუდი გააკეთოს, თუ რამე კარგი გაუკეთებია, თავისი სამებიანად, საერთოდ წყალს გაატანოს. ან ისეთი სწორი ნაბიჯი გადადგას – არჩევნების გზით კოალიციურ მთავრობას მიაღწიოს და ხელისუფლებაში ძრომიალს თავი დაანებოს, იყოს და იცხოვროს თავისთვის. უნდა ქველმოქმედება აკეთოს, უნდა ბიზნესი, მაგრამ ბიზნესი მარტო „კარფური“ და იყიდე–გაყიდე არ არის, საწარმოები ააშენოს. ერთხელ, ერთი მაღაზიიდან ჩავრთე „ლაივი“, 2 200 საქონლიდან, ქართული დასახელების მხოლოდ 96 იყო. ეს ტრაგედიაა. კეთილი ინებოს, ქართული საწარმოები ააშენოს, საამქროები, რომ ქართული პროდუქცია შეიქმნას. ეს რომ გააკეთოს, ისტორიაში შევა როგორც ერთ–ერთი დადებითი მმართველი ამ ქვეყნის ისტორიაში და წავა მშვიდობიანი გზით, მრავალპარტიულ პარლამენტს ხელისუფლებას გადააბარებს და არ გაჭიჭინდება ნამეტანს.

– თქვენ თუ მოგწონთ რაიმე მისი გაკეთებული?

– სამება ვახსენე, ეს მომწონს და ის ქველმოქმედებები, რაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა გაკეთებული. ახლა აღარ იკლავს თავს. ზღვისპირეთში რაც გააკეთა, კარგია, მაგრამ ერთეულებისთვისაა, „ბლექ სი არენაც“ კარგია, დენდროპარკიც, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: უახლესი ინფორმაცია მაქვს, რომ იმერეთის რეგიონში 30 სოფლის სკოლაში ერთი პირველკლასელიც კი არ მისულა. მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენი იქნება? მიგრაციაა, შობადობა არ არის და 20–30 წლის ადამიანს აღარ უნდა სოფელში ცხოვრება. ქუთაისი პირველ ადგილზეა ემიგრაციით. როცა ქვეყანაში ასეთი პრობლემებია, ზოგჯერ ეს პოლიტიკოსებიც გადამრევენ, რეებზე დავობენ. ქვეყანა გველევა ბალზაკის „შაგრენის ტყავივით“. აფხაზეთზე და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ რაც გვაქვს, ის რომ ოხრად გვრჩება?! აუთვისებელია, სოფელი აღარ გვექნება. 20–30 წელიწადში რა დაგვრჩება? დენდროპარკის მაგივრად, აჭარა–გურიაში ციტრუსების გადამამუშავებელი მინი–ქარხნები აეშენებინა და ბოლოს და ბოლოს, იმისთვის მაინც მიგვეღწია, რომ უკრაინული და რუსული წვენი არ ვსვათ.

– ქუთაისლები რას ამბობენ ხელისუფლებაზე?

– მოლოდინები მათაც დიდი ჰქონდათ და ნამდვილად ფიქრობდნენ, რომ ქალაქში ყველაფერი აგუგუნდებოდა, სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა, მაგრამ ახლა, ხელებატატებული იგინება მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამას ადგილობრივი თვითმმართველობები უწყობს ხელს თავისი ლენჩობით, კორუმპირებულობით, ღორობით, კომფორტის სიყვარულით. ეს მაღალი გამავლობის ჯიპები ამ ქუთაისში რად უნდათ, ვერ ვიგებ?! ყველაზე მაღალი და შედარებით გორიანი არის ე.წ. გორა და საფიჩხია. ზღვის დონიდან დაახლოებით 160 მეტრი. ნამუსი ხომ უნდა გქონდეს? როცა ამდენი პრობლემაა ქალაქში… სად იშტრიკენებს ქუთაისში ამ ჯიპით, ერთი ვანახავ.

– საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა ჩაკვდა?

– თავიდან დაიწყეს 60 ათას სტუდენტზე საუბრით, შარშან 6 ათასზე ჩამოვიდნენ, ერთი ნოლი „ეგრევე“ გააგდეს და ახლა 1000 სტუდენტს გვიცხადებენ. კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, ახლის აშენებას, გეპეის შენობები აეთვისებინათ,  ჯობდა, ისპობა. კომუნისტები რაც უნდა ვაძაგოთ, ის მაინც იცოდნენ, აუდიტორია რა ზომის და რამდენი უნდა ყოფილიყო, რაზე გათვლილი. მშვენიერი კორპუსებია.

ქუთაისს რა? უცხოელებს რომ შემოიყვან, რა? დანიიდან და ბელგიიდან რომ არ ჩამოვლენ სასწავლებლად, სანამ კემბრიჯივით გავითქვამთ სახელს, კი ვიცით. კამბოჯელი სტუდენტი რომ მოვა, ქუთაისს რა შეემატება? „შავკანიანი“ და „წვრილთვალება“ ადამიანების სიარული ქალაქში. ქუთაისი მსოფლიოს ქალაქებს შორის მეხუთე ადგილზეა თავისი სიძველით და თუ ამით ვამაყობთ, მისი გადარჩენაც უნდა გვინდოდეს. რეალური თვითმმართველობა მიანიჭონ და გზების „დალატკვის“ და მილების გამოწერის ფულზე თბილისში არ რეკონ. ზესტაფონში, ფოთში ჩადით რა ხდება, რას ჰგავს.

– ფოთელები ამბობენ, ეკა ბესელია კურირებდა ყველანაირ ბიზნესსო, ქუთაისში ვის აქვს ადგილობრივ ბიზნესებზე დიდი გავლენა? ხელისუფლების წარმომადგენლებიდან.

– არ ვიცი, ვინ რას კურირებდა და ვინ რამდენი იშოვა, ჩემი საქმე არ არის და არ დამითვლია. ვერც ქუთაისზე ვიტყვი რამეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ბიზნესები, თუ აქვთ, მაგრამ ეს ჩემი თემა არ არის და ვერაფერს ვიტყვი, პროკურატურის თემაა. ტენდერები რომ კორუფციულია და ფულები „ტყდება“, ფაქტია. ეს უნდა დამთავრდეს!

– ქუთაისლები ჰყვებოდნენ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რესტორნებში ერთად დაქეიფობდნენ ხელგადახვეულებიო… თქვენც შესწრებიხართ ასეთ სიტუაციებს?

– არა, მაგრამ რა არის, იცით? არც ესაა გასაკვირი. შესაძლოა, თვითონ პოლიტიკაში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები არსებობს, წარსული. მაგალითად, კაკო ბობოხიძე ჩემი სკოლის ამხანაგია და რაც უნდა „ევროპული საქართველოდან“ და ლიბერალიზმის მომხრე იყოს, რა ვქნა, ერთად რომ მოვხვდებით, ჭირში ან ლხინში, რა ვუთხრა, კაკო, გენდურიო? მივალ, გადავკოცნი და მოვიკითხავ. ჩემი აზრით, ეს არაა ის, რითაც საქართველოს ბედი წყდება, უარესი პრობლემები გვაქვს. მთავარია, იქ იპაექრონ, სადაც საჭიროა. რასაც პოლიტიკოსები პარლამენტში ურტყამენ ერთმანეთს, ის თუ რესტორნებში და პირად შეხვედრებზე გადაიტანეს, კარგად იქნება საქმე (იცინის).

– თქვენზეც ამბობდნენ, „მაგი „ნაციონალიაო“… მათი მომხრეო.

– „ნაციონალი“ როგორ ვარ? ან როგორ უნდა ვიყო? ამოიღონ კადრები, ვინ იღებდა ხმას „ნაციონალებზე“, 26 მაისს რომელი იყო დაჭერილი და ვის ურტყეს, 7 ნოემბერს ვინ მოიწამლა, აქციებზე ვინ მოიტეხა ხელი, როგორ ვაგინე მოედანზე მიშა სააკაშვილს, როცა პრეზიდენტი იყო. გაიხსენონ, რას როგორ ვაპროტესტებდი. მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, უსამართლობაზე ყოველთვის ვიყვირებ!

– რა პერფორმანსი გაქვთ დაგეგმილი უახლოეს პერიოდში? ყველაფერს თქვენ იგონებთ?

– კი, აბსოლუტურად ყველა ჩემი მოფიქრებულია. ამ ორი დღის წინ, როდინი მივიტანე და წყალი დავნაყე – ამათთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა–მეთქი. ვნახოთ, წინასწარ არ ვგეგმავ ხოლმე, დილით ავდგები, ახლა თქვენ გიჩვენებთ ყოფას–მეთქი და ვაკეთებ.

– დაბოლოს, შვილზე – თემურზეც გკითხავთ. პოლონეთის საფეხბურთო გუნდშია, ხომ?

– კი, პოლონეთშია ამჟამად, უკვე ორი თამაში ჰქონდა, ნელ–ნელა ეგუება იქაურობას და იმედიანადაა, ყოველ დღე ვესაუბრები. ადრე, სულ მიკვირდა, ქვეყანას რომ ტოვებდნენ… შვილებისთვის ვაკეთებო, ერთმა მეგობარმა მითხრა და მაინც რაღაცნაირად ცუდი თვალით შევხედე, – რა ყველა გარბიხართ, ამ ქვეყანას ვის უტოვებთ–მეთქი? მაგრამ ახლა ვხვდები. ჩემი ბიჭი რომ წავიდა, გაგიკვირდებათ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აქ იმდენად უპერსპექტივო იყო მისი ცხოვრება, გინდა განათლებაში და გინდა – სპორტში. მე, შეიძლება, ხვალ გამძვრეს სული და რა უნდა ექნა აქ? მე თუ შვილის წასვლა ასე გამეხარდებოდა, არ მეგონა. ამ ქვეყანას გაერიდა და თავისი ცხოვრების აწყობას შეეცდება, 19 წლისაა, პერსპექტივა წინ აქვს. ამ დონეზე ვართ დასულები ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთბრალდებების, ურთიერთჩხუბისა და ურთიერთსისულელეების გადამკიდე.
primetime.ge

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი