ქუჩის ისტორიები: თაბუკაშვილის ქუჩა

რეზო თაბუკაშვილი

თაბუკაშვილის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

რევაზ (რეზო) შალვას ძე თაბუკაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1927, თბილისი — გ. 5 აგვისტო, 1990, იქვე) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

დაიბადა ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მეშვიდე საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა.

თაბუკაშვილის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე: „რაიკომის მდივანი“ (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1953, რეჟ. ლ. იოსელიანი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1972, რეჟ. რ. სტურუა), „რას იტყვის ხალხი“ (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1956, რეჟ. ლ. იოსელიანი; 1975, რეჟ. ლ. ნიკოლაძე), „დენბურგის ზარი“ (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟ. გ. ქავთარაძე) და სხვა.

თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა რეზო თაბუკაშვილისთვის სიცოცხლის ბოლო 10-12 წელი, როდესაც იგი მთელი არსებით გატაცებული იყო საავტორო დოკუმენტური ფილმებით. 1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი პირველი კინოდილოგია სერიიდან — „ქარველები იტალიაში“ („კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“). ამას მოჰყვა „მიხეილ ხერგიანი“, „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ და ისევ დილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ“ და „შორიელთა სიახლოვე“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

loading…
გააკეთე კომენტარი!