ქუჩის ისტორიები: ქურდიანის ქუჩა

სოლომონ ქურდიანი

ს. ქურდიანის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანი (დ. 6 მარტი, 1867, საგარეჯო — გ. 1937) — ქართველი მეტყევე-სელექციონერი, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი.

დაიბადა სოფ. საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში. გამოჩენილი ქართველი მეტყევე სოლომონ ქურდიანი იყო რუსული სატყეო მეცნიერების კლასიკოსის გიორგი თედორის ძე მოროზოვის თანამედროვე, რუსეთსა და საქართველოში ტყის მერქნიანი ჯიშების ჰიბრიდიზაციასა და სელექციის პიონერი. ს. ქურდიანი სწავლობდა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში. 1900 წელს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იქვე ტოვებენ მეტყევეობის კათედრაზე ასისტენტად. ჯერ პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს დენდროლოგიაში. 1903-1904 სასწავლო წლებიდან კითხულობს დენდროლოგიის კურსს თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე. დენდროლოგიის სახელმძღვანელოს აქვეყნებს 1912 წელს ქ. პეტერბურგში. ს. ქურდიანი აყენებს საკითხს სასელექციო სატყეო სადგურების რუსეთში დაარსების შესახებ და ამ მოხსენებით გამოდის 1912 წელს სრულიად რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სელექციონერთა ყრილობაზე. ს. ქურდიანი რუსეთში, მიუხედავად ინტენსიური პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, ჩამოყავს სტუდენტები და სასწავლო პრაქტიკას უტარებს ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში. ს. ქურდიანის საკმაოდ სქელტანიანი მონოგრაფია — „ცივგომბორის ქედის და იორ-ალაზნის მდინარეთა ჭალის ტყეები“, ავტორისეული ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, სადაც მშვენივრად არის აღბეჭდილი საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება.

1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ს. ქურდიანი ბრუნდება საქართველოში და ახლადგანხსნილ უნივერსიტეტში ბოტანიკის კათედრაზე პროფესორის თანამდებობას იკავებს.

1920 წელს ს. ქურდიანი „ტყის დღის“ თაოსანიც გახდა. ეს მოვლენა სპეციალური სამეცნიერო-პოპულარული კრებულების გამოცემითაც აღინიშნა. 1926 წლის კრებულში მოთავსებულია მეტად საინტერესო, შინაარსიანი წერილი — „ტყე და ბუნება“, სადაც იგი ვრცლად ჩერდება ბუნების ძეგლების დაცვის საკითხზე; მიმოიხილავს საქმის ვითარებას საზღვარგარეთ, ადარებს მას ჩვენში არსებულ მდგომარეობას და სინანულს გამოთქვამს, რომ ბუნების იშვიათ და ძვირფას ძეგლებს ჩვენში საჭირო ყურადღება არ ექცეოდა.

საქართველოში პირველად ელდარის ფიჭვის 25 ჰექტარი და ბიჭვინთის ფიჭვის უნიკალური ტევრის 340 ჰა გამოცხადდა ბუნების ძეგლებად. ს. ქურდიანი საჭიროდ თვლიდა რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ღონე ეხმარა და სხვა უნიკალური ჯიშებიც შეეყვანა მისი დაცვის ქვეშ. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ ის იყო, რომ განათლების კომისარიატთან არსებული, სიძველეთა, ხელოვნებათა და ბუნების ძეგლტა დაცვის განყოფილებას, იმავე წელს გამოეყო ბუნების ძეგლთა სექცია.

სოლომონ ქურდიანი მონაწილეა 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიული ფაკულტეტის შექმნისა და ამ ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებისა, სადაც იგი დენდროლოგიის, სატყეო ტაქსაციისა და სატყეო მეურნეობის კათედრის გამგე, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანია.

პროფესორი ს. ქურდიანი ფართო მუშაობას აჩაღებს საქართველოს ტყეების მოწყობა-გაუმჯობესებისათვის. 1923 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა სატყეო საკურორტო სამმართველო, რომლის განკარგულებაში არსებული ტყეების აგეგმვა-მოწყობა მიენდო ს. ქურდიანს.

1929 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა ცენტრალური სატყეო საცდელი სადგური და დირექტორად პროფესორი სოლომონ ქურდიანი დაინიაშნა.

სოლომონ ქურდიანი ქართულ ენაზე სატყეო ლიტერატურის პირველი შემქმნელია, მის კალამს ეკუთვნის 1922 წელს გამოცემული „მეტყევეობის ენციკლოპედიური კურსი“ და 1931 წელს გამოქვეყნებული „დენდროლოგიის სახელმძღვანელო“. ს. ქურდიანის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე.

პროფესორმა ს. ქურდიანმა თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე რუსეთსა და საქართველოში გამოზარდა მეტყევე-სპეციალისტთა მრავალი კადრი.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ტყეების სრულფასოვანი აღწერა, მისი თაოსნობით ბიჭვინთის, ტევრის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ყორუღის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარას და მარიამჯვრის ნაკრძალს ქურდიანის სახელი ეწოდა. სოლომონ ქურდიანი ებრძოდა ტყის უგეგმვოდ ჩეხვას. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა, როდესაც 1931 წელს საკავშირო დადგენილებით საქართველოსა და რუსეთის ტყეები ერთ საექპლოატაციო ზონად გამოცხადდა. ტაიგის მსგავსად მთიანი რაიონების ტყეების ჭრა, მეცნიერების აზრით, გამოიწვევდა მეწყერებს, ღვარცოფებსა და ეროზიას. ტყეების გადარჩენისათვის საჯარო კრიტიკული გამოსვლები მეცნიერს სიცოცხლის ფასადა დაუჯდა. 1937 წელს იგი “ხალხის მტრად” გამოცხადდა, დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, მისი შრომები გაანადგურეს და დახვრიტეს. დღესაც უცნობია მისი საფლავი

loading…
იტვირთება…

პოპულარული

რუსეთში ინტიმური ადგილების გაპარსვა უნდა აიკრძალოს - დუმის წევრი ქალბატონი
დიდი რეჟისორი ივანიშვილის წინააღმდეგ - „ხიტრი იმერელია, ყველაფერს მოგატყუებს... ერთ ტრუპკაში რეკავს, ერთს ლაპარაკობს და მეორე ტრუპკაში - მეორეს“
„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან
მსოფლიოს ყველაზე სენსაციური პენალტი, რომლის შემსრულებელმაც ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი