ქუჩის ისტორიები: ქიქოძის ქუჩა

გერონტი ქიქოძე

ქიქოძის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ კი სოლოლაკში.

გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე (დ. 8 სექტემბერი, 1888, ბახვი, — გ. 1 აგვისტო, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში. ბოლო კლასებში ამხანაგებთან ერთად ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო რსდმპ წევრი, ბოლშევიკების ფრაქციაში. 1905 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და ჩაება რევოლუციაში. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან „მოგზაური“, „დროება“ და „ახალი ცხოვრება“, თარგმნიდა ქართულად მარქსისტულ ლიტერატურას. 1906 წელს დააპატიმრეს სამი კვირით პოლიტიკური საბაბით. გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა ლაიფციგში და განაგრძო სწავლა. 1910 წლის გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში. სვიმონ მაჭავარიანთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. მიუსაჯეს შიდა რუსეთის გუბერნიებში გადასახლება, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობის შემდეგ მისცეს გერმანიაში დაბრუნების საშუალება. 1910-1913 წლებში სწავლობდა ლაიფციგისა და ბერნის უნივერსიტეტბში ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგიაში, ბრიუსელში.

1910 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1910-იან წლებში ჩამოსცილდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს. ათავსებდა წერილებს გაზეთებში „სახალხო ფურცელი“ და „საქართველო“. 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა საქართველოში. 1917 წელს იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, რომელიც იყო ედპ-ის ორგანო. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად ედპ-ის სიით, იყო ხელოვნების კომისიის მდივანი. 1919 წლის 21 მაისს დატოვა პარტია და ფრაქცია და იყო დამოუკიდებელი დეპუტატი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა თბილისში. 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს სრ რევკომმა ის დასავლეთ საქართველოში გაგზავნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს მისია უშედეგოდ დასრულდა. 1922 წლიდან წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე, 1924-1926 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ სტილისტი. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი, მწერალთა კავშირის წევრი. 1931-1932 წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1936 წელს, საქართველოში ანდრე ჟიდის სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს მისი ძმისწული გივი ქიქოძე, რომელმაც წერილი მიუძღვნა ჟიდს. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟიდმა კრიტიკულად შეაფასა საბჭოთა კავშირი, გივი ქიქოძეს კი ჟიდის ქება არ აპატიეს და დააპატიმრეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1947 წელს მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან კავშირის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომიზეზებით გერონტი ქიქოძე დაკითხვაზე დაიბარეს კანდიდ ჩარკვიანთან, მაგრამ საბოლოოდ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და არ დაუჭერიათ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით „კავკასიის დაცვისთვის“ და „მამაცური შრომისთვის“.

ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947), „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956), „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ქართულ ენაზე თარგმნიდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომებსა და ბალზაკის, სტენდალის, მერიმეს, დოდეს, ფრანსისა და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს „ტრისტანი და იზოლდა“, „წითელი და შავი“, „იტალიური ქრონიკები“, „შაგრენის ტყავი“ და სხვა.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი