ქუჩის ისტორიები: უ. ჩხეიძის ქუჩა

უშანგი ჩხეიძე

უ. ჩხეიძის ქუჩა მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში.

უშანგი ვიქტორის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1898, სოფ. ფუთი (ზესტაფონის რაიონი) — გ. 1 დეკემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

მიაბარეს ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება” და “სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის “მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის “სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის “ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის “გმირი”) და სხვა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის “ჰამლეტი”) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928-1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კ. მარჯანიშვილის დადგმებში (1928-1933) მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის “ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!”), ბეგლარი (კალაძის “როგორ”), ურიელ აკოსტა (გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), ყვარყვარე (კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), კვეჟენაძე (შ. დადიანის “კაკალ გულში”), გულბაათი (კ. კალაძის “ხატიჯე”), გრაფი ჩენჩი (შელის “ბეატრიჩე ჩენჩი”), იაგო (შექსპირის “ოტელო”).

ჩხეიძე როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა “გიორგი სააკაძე” იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: “კ. მარჯანიშვილი – რეჟისორი და მასწავლებელი” (1949), “მოგონებები და წერილები” (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო (“ქარიშხლის წინ”, 1925), რაიკომის მდივანი იულონი (“ნარინჯის ველი”, 1937) და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი