ქუჩის ისტორიები: ი. აბაშიძე

ი. აბაშიძის ქუჩა მდებარეობს ვაკის რაიონში, კერძოდ ფალიაშვილის ქუჩის პარალელურად.

cyc

ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი , 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი  პოეტი.

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი,საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. ლექსთა პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“, 1932; „ახალი ლექსები“, 1938; „ლექსები“, 1941. მეორე მსოფლიო ომის  პერიოდის საბჭოთა პატრიოტული ლირიკის აღიარებული ნიმუშებია „კაპიტანი ბუხაიძე“, „ლესელიძის ხსოვნას“ და სხვა. 1957-1959 და 1969 წლებში შექმნილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება. 1960 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის  სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, 1972) და „პალესტინა, პალესტინა“ (შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1966).

აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ,,ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და ,,საპატიო ნიშნის” ორდენებით, მედლებით.

რეკლამა

დაწერე კომენტარი