ქუჩის ისტორიები: თ.აბაკელიას ქუჩა

თ.აბაკელიას ქუჩა 19 საუკუნიდან იღებს სათავეს

ქუჩა წარმოიქმნა მე-19  საუკუნეში. 1867 წ. ეწოდა არსენალის შესახვევი, 1897 წ. — მცირე სასამართლოს ქუჩა, 1923 წ. — ტრიბუნალის შესახვევი. 1953 წ. ქუჩას მიენიჭა ხელოვან თამარ აბაკელიას  სახელი, რომელიც აქ ცხოვრობდა.

თამარ გრიგოლის ასული აბაკელია: დაიბადა 19.08.1905 დაბა ხონში— გარდაიცვალა 14.05.1953 თბილისში. ქართველი  მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდა 1942 წელს.

თამარ აბაკელიამ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს, იყო ი.ნიკოლაძისა და ნ.კანდელაკის  (ქანდაკება), ე.ლანსერესა  და ი.შარლემანის (გრაფიკა) მოწაფე. 1938-იდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო “სარმას” წევრი. აბაკელიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. მისი მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (5 კომპოზიცია): “ბათუმის დემონსტრაცია”, “ოქტომბერი საქართველოში”, “საქართველოს ინდუსტრია”, “სოფლის მეურნეობა საქართველოში” და “ბედნიერი ცხოვრება” (ქვა, 1936-1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი ; ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია “შურს ვიძიებთ!” (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას  ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია “იმერელი ბიჭი” (1928), “ბროწეულის კრეფა” (1930), “ბედნიერი ოჯახი” (1936), “რთველი” (1946, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა ვეფხისტყაოსანი (1930-იანი წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მისი დეკორატიული-სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიკულ განწყობილებას ქმნის.

თამარ აბაკელიას ეკუთვნის “დავით სასუნცის” (1939) და ვაჟა-ფშაველას  პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის “ირმის ხევი” (1945), კ. კალაძის “ლალი” (1945, კ.მარჯანიშვილის სახელობის თეატრი); კინოფილმები: “არსენა” (1937), “გიორგი სააკაძე” (1941-1942), “დავით გურამიშვილი” (1945). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი