ქუჩის ისტორიები: დოდო აბაშიძის ქუჩა

დოდო აბაშიძის ქუჩა მდებარეობს გლდანის რაიონში, აკაკი ხორავას ქუჩის პარალელურად.

დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1990) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა”), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი”), როლერის (შილერის „ყაჩაღები”) და სხვა როლები.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი”, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი”, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა”, 1965), ომარის („მაცი ხვიტია”, 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი”, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა”, 1970) და სხვა სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

დაწერე კომენტარი