ქუჩის ისტორიები: დიმტრი არაყიშვილის ქუჩა

დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა მდებარეობს ვაკის რაინში, ილია ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე, თაქთაქიშვილის ქუჩის პარალელურად.

cyc

დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (დ. 11 თებერვალი/23 თებერვალი, 1873, ვლადიკავკაზი — გ. 13 აგვისტო, 1953, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1929). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში – არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული არაყიშვილს გაუღვიძა ლ. აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს მოუსმინა არმავირში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები – რომანსი “ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი” (ლექსი ი. ჭავჭავაძისა) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით.

 

მოსკოვში ყოფნის წლებში (1894-1918) არაყიშვილმა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებსა და მეცნიერებთან ( ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ს. პასხალოვი, მ. პიატნიცკი). ამ პერიოდში იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ფოლკლორს. ხალხური მუსიკის შემოქმედებისადმი ინტერესმა იგი მჭიდროდ დააკავშირა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ სამუსიკო-ეთნოგრაფიის კომისიასთან. ამ კომისიის დავალებით არაყიშვილმა ოთხი (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა.

 

1906 წელს არაყიშვილმა მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა “სახალხო კონსერვატორიას”, სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი “მუზიკა ი ჟიზნი”, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის “მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა”, რომელსაც სათავეში ედგა ა.სუმბათაშვილ-იუჟინი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — მატრონა გერასიმეს ასული კუპრიანოვა (დ. 20 ოქტომბერი, 1885 სოფ. ვასილევსკაია, ახლანდელი მოსკოვის ოლქი — გ. 14 თებერვალი, 1946, თბილისი) — 1953 წლის სექტემბერში კუკიის სასაფლაოდან გადმოასვენეს დიდუბის პანთეონში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი