ქვეყანა ხალხისგან თუ დაიცალა, ეს უმუშევრობის შემცირებას ნიშნავს? – გოცირიძე

რომან გოცირიძე

 დღეს რომ საქართველოდან გავიდეს 100 000 ადამიანი უცხოეთში, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდება, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

მისივე თქმით, ეს 39 000 ადამიანი, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს, ის ხალხია, რომელიც დასაქმებული ბიზნესში იყვნენ. ხოლო ბიზნესი იმიტომ კვდება, რომ არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკა ტარდება.

„დღეს რომ საქართველოდან გავიდეს 100 000 ადამიანი უცხოეთში, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდება?! რა თქმა უნდა, ამაზე მიპასუხებთ, იმიტომ რომ ელემენტარულია. ბუნებრივია, შემცირდება უმუშევრობა. უმუშევრობა შემცირდაო, რომ აცხადებს ჩვენი სტატისტიკის სამსახური და სიამაყით რომ იმეორებთ მერე ამას, ხალხისგან თუ დაიცალა ქვეყანა, ეს არის უმუშევრობის შემცირება?! ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, შეგიძლიათ შებრძანდეთ ახლავე ოფიციალურ საიტზე და დაინახავთ. 2015 წელს იყო მილიონ შვიდას ოცდაცამეტი ათასი სამუშაო ადგილი, 2016 წელს მილიონ შვიდას ჩვიდმეტი ათასი, 2018 წელს მილიონ ექვსას ოთხმოცდაათი ათასი, რაც ნიშნავს, რომ კლებულობს ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ საქართველოში, 39 000 ადამიანით ნაკლები მუშაობს, ვიდრე მუშაობდა 2015 წელს. ეს არის ქვეყნის აღმავლობა და ეკონომიკური ზრდა?!, – განაცხადა გოცირიძემ.

პლენარული სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები რეგლამენტს აპროტესტებენ.

დაწერე კომენტარი