პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება – კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

აშშ-ის კოალიციური ძალების მხრიდან სირიაში განმეორებითი დარტყმების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ მსოფლიო ურთიერთობას ქაოსში გაახვევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთის ლიდერის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ მან კოალიციური ძალების სარაკეტო შეტევას ვერაფრით უპასუხა. ამიტომ ახლა იგი შეეცდება, საინფორმაციო ომის გააქტიურებით დასავლეთს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, კრემლის საპასუხო ნაბიჯებს კი კავკასიის მიმართულებით ელოდებიან.

როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, რუსეთისა და ირანის ლიდერებმა შეხვედრისას სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ “ეს უკანონო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს სირიაში პოლიტიკური პროცესების მოგვარების პერსპექტივას”. კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ თუ ასეთი მოქმედება გაგრძელდება, “ამას აუცილებლად მოჰყვება ქაოსი საერთაშორისო ურთიერთობაში”.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს. გაეროში აშშ-ის ელჩ ნიკი ჰეილის განცხადებით, ახალი სანქციები რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას უკავშირდება. სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ იარაღთან, ან მის გამოყენებასთან და სირიისთვის დანადგარებისა და აღჭურვილობის მიწოდებასთან. “ამ ყველაფერმა რუსეთს უნდა გააგებინოს, რომ ისინი არასწორად იქცევიან”, – აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთის იზოლირება სურს საერთაშორისო არენაზე და ეს არის სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი.

“თუ ადრე გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინის გამო ხდება ჩვენი დასჯა, ახლა ფორმულირება კარდინალურად შეიცვალა. ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ საერთაშორისო არენაზე ვართ”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საერთაშორისო ურთიერთობაში ქაოსის შესატანად? – პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ იგი ჰიბრიდული ომის ელემენტებს გაააქტიურებს.

“რუსეთს, უკვე დიდი ხანია, მსოფლიო წესრიგში ქაოსი შეაქვს. იგი დაარსების პირველივე დღიდან იმპერიაა, ამბიცია ჰქონდა მსოფლიო ბატონობაზე და მისი ყოველი ქმედება აქედან გამომდინარეობდა.

“მეორე მხრივ, რუსეთის სუსტი წერტილი ყოველთვის იყო ეკონომიკა და მთავარ აქცენტი გადაჰქონდა სამხედრო ძალაზე. ამიტომ რუსეთი, როგორც დასავლური სახელმწიფოების კონკურენტი, ვერც განიხილება. შესაბამისად, მისი გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება ძალის გამოყენება და ჰიბრიდული ომი, რომელსაც იგი მიმართავს.

“ახლაც ის ამ მიმართულებით შეეცდება გააქტიურებას. რუსეთი მოქმედებს პრინციპით, “ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მეგობარია. ამის შედეგად კი მისი მეგობრები აღმოჩნდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც რადიკალიზმითა და ფუნდამენტალიზმით გამოირჩევიან”, – აცხადებს ანალიტიკოსი, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი.

მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოს ახალს ვერაფერს შესთავაზებს, გარდა ბრძოლის დესტრუქციული მეთოდებისა და საინფორმაციო ომისა.

“ის მსოფლიოს ახალს ვერაფერს შესთავაზებს, გარდა დესტრუქციისა და იმ სახელმწიფოების მხარდაჭერისა, რომლებიც ებრძვიან ცივილურ სამყაროს. რომ არა რუსეთი, ტერორიზმი ისეთ მძლავრ მოქმედებას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, დღეს რუსეთი გააგრძელებს ე.წ ჰიბრიდულ ომს, რაშიც, პირველ რიგში, იგულისხმება საინფორმაციო კამპანია. ამ გზას რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან, დიდი ხანია, მიმართავს.

“სამწუხაროდ, ჩვენთანაც უკვე უამრავი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი და თუ ის ოკუპანტია, ისეთივე ოკუპანტია თურქეთი და ა.შ. ცდილობენ ორიენტირების აღრევას, რაც გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში ძალიან ცუდად ილექება. ეს საკმაოდ სახიფათო ბრძოლის მეთოდია. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთი მას აუცილებლად აიძულებს უკან დახევას”, – აცხადებს ირაკლი კიკიანი.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პუტინის მუქარის მიზანი დასავლეთზე ზეგავლენაა, რადგან ის ახლა გაღიზიანებულია, სარაკეტო დარტყმებზე ვერანაირი რეაგირება რომ ვერ შეძლო.

“ჩემი აზრით, პუტინის ძირითადი მიზანია გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენა დასავლეთზე. ის გაღიზიანებულია იმით, რომ რუსეთმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია კოალიციური ძალების მხრიდან სირიის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებას. ამიტომ ახლა წინასწარ იჭერს თადარიგს, რომ თუ მომავალში აშშ მოკავშირეებთან ერთად სარაკეტო დარტყმას კვლავ დააპირებს, მისმა ასეთმა რადიკალურმა განცხადებებმა გაჭრას და დასავლეთმა თავი აარიდოს სამხედრო ძალის გამოყენებას”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისი თქმით, პუტინის მუქარა შეიძლება უკავშირდებოდეს საოკუპაციო ზონებს და იქ გარკვეული პრობლემების შექმნას.

“არ არის გამორიცხული, მაგალითად, გარკვეული დივერსიული აქტების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც, თუმცა ვინმეს მიმართ პირდაპირი შეტევა განახორციელოს, არარეალური მგონია”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
"მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ - ირმა ინაშვილი
დაწერე კომენტარი