“ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა – მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა…” – მიხეილ რამიშვილის საგანგებო განცხადება

რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალ ფიგურანტის მიმართ, რომელმაც ბაჩალიშვილის ოჯახის წევრებს თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

„ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა – მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული „სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა, ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რითაც საქმე შეწყვიტეს“, – აცხადებს რამიშვილი.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, საქმის ახალ ფიგურანტს მობილურ ტელეფონს ჩამოართმევენ, ისინი ტელეფონის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვენ.

„უნდათ, რომ ეს მოწმე და ეს „სქრინი“, რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას, პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა. გოგონა დაგვიკავშირდა და პირდაპირ გვითხრა, რომ ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, გამოძიება დაზარალებულის პოზიციას კი არ ახორციელებს, პირდაპირ მოქმედებს. არანაირ კავშირზე არ გამოსულან ჩვენთან, არანაირი ობიექტურობა არ გამოუჩენიათ, პირდაპირ ახორციელებენ ზეწოლას. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს გოგონა არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გვინდოდა გარემო შეგვეცვალა და ჩოხატაურის პოლიციას მივმართეთ, რომ დაზარალებულად ეცნოთ, შუამდგომლობას და განცხადებას გუშინდელი დღიდან ველოდებოდით, უარი გვითხრეს. გოგონას უთხრეს, რომ ტელეფონს ჩამოართმევდნენ, მას ავუხსენი, რომ ტელეფონის მიცემა, დაკითხვა, გამოკითხვა, მხოლოდ ადვოკატების ჩართულობით მოხდება. თუ ტელეფონს წაიღებენ, ალტერნატიულ ექსპერტიზასაც ჩავატარებთ, მაგრამ ექსპერტიზებში მონაწილეობა მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ, არ შეიძლება მათ ექსპერტიზას ვენდოთ“, – აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივართან ერთად მასალაც მიიტანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი „სქრინია“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვას“.

დაწერე კომენტარი