“უკრაინაში იარაღის ყველაზე აქტიური “კონტრიბუტორი” ისევ და ისევ რუსეთია” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

cyc

30 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– ქალაქი სევეროდონეცკისათვის ბრძოლა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. რუსებმა აღმოსავლეთით, ტყისპირა გარეუბნის ნაწილი დაიკავეს. ჰოსპიტლების უბნის დიდი წილი კვლავ უკრაინელთა ხელშია, მაგრამ მასთან მიახლოება რუსებმა შეძლეს. მუშაობს რუსული პროპაგანდაც თითქოს ქალაქის დაკავებულ ტერიტორიაზე უკრაინელები ტაშით ხვდებიან რუსულ დანაყოფებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – ქალაქის დიდი ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ვინც დარჩა მათ წასასვლელი არსად აქვთ. ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტის მომზადებისას რუსებმა თავიანთი პროპაგანდისტები დაბომბეს. ამ ეტაპზე ქალაქის 90% კვლავ უკრაინელთა ხელშია.

– ყველაზე რთული სიტუაციაა ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მაგისტრალზე. რუსები არამხოლოდ სამხედრო ლოჯისტიკურ მომარაგებას ბომბავენ, არამედ ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობასაც. რუსები ინტენსიურად უტევენ ბერესტოვესაც, რომელზეც გადის აღნიშნული მაგისტრალი. სიტუაცია რთულია, მაგრამ ამჯერად კონტროლირებადი.

– იზიუმის სამხრეთით რუსების მცდელობა გდაეჭრათ უკრაინული თავდაცვის ზღუდე და მიახლოებოდნენ სლავიანსკს წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელებმა ავიარეიდი განახორციელეს და გააჩერეს შეტევა.

– მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ უკრაინელებს ხერსონის რაიონში. ისინი მთელი დღის განმავლობაში მდინარე ინჰულენიც დასავლეთ სანაპიროზე რუსების მიერ დარჩენილ ოკუპირებულ სოფლებს ათავისუფლებენ. დღის განმავლობაში შეტაკება მიმდინარეობდა სნიჰურივკაზე, რომელსაც ხერსონი-კრივიი რიჰის (კრივოი როგი) მიმავალი გზა კვეთს. უკრაინელებმა გაათავისუფლეს მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული მცირე დასახლება დავიდოვ ბროდიც.

როდესაც გუშინ რუსებმა ხერსონის რაიონში დიდი რაოდენობით თავდაცვით ძალებს მოუყარეს თავი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, ხერსონი-მიკოლაივის გზაზე რუსული სპეცრაზმის დანაყოფები თავიანთი მძიმე ტექნიკითურთ განადგურდნენ. ვნახოთ როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს.

– ბრიტანელებმა უკრაინელებს Wolfhound-ის ტიპის ქვეითთა საპატრულო მანქანები გადასცეს, რომლებიც ფრონტისპირა, ყველაზე აქტიურ საბრძოლო ზონებში გამოიყენება. უკრაინაში ჩადის დამატებითი თვითმავალი არტილერიაც, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური “კონტრიბუტორი” ისევ და ისევ რუსეთია, რომლის სამხედრო დაჯგუფებები თითქმის ხელუხლებელ ტექნიკას ტოვებენ და უკან გარბიან, ხოლო უკრაინელები მათ ათვისებას ინტენსიურად ახორციელებენ. ზოგადად კი უკრაინაში ნელა, მაგრამ დიდი რაოდენობით იარაღი ჩადის. ტემპი ომის დროში გაწელვის ალბათობას ზრდის, მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება – რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი