ირაკლი სესიაშვილი: მინდა დაგაიმედოთ, დიდი ალბათობით ჯარისკაცებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდებათ

სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ. მისივე თქმით, ჯარისკაცები არიან მაქსიმალურად იზოლირებული და ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

„უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა ნორმის დაცვა. ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი პასუხები. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბლოკ-პოსტთან იმყოფებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ“ ,- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 5 სამხედრო მოსამსახურიდან 2 მარნეულის მუნიციპალიტეტის ბლოკ-პოსტთან იმყოფებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით სულ 77 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერე კომენტარი