ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მას სხარტი აზროვნება აქვს (ვიდეო)

დონალდ ტრამპი

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 100 დღე ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში შეაჯამა. მან სხვადასხვა თემაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დაძაბულობაზეც ილაპარაკა.

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის კიმ ჩენ ინის შესახებ, ჟურნალისტმა ტრამპს მოსაზრება ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:

“ადამიანები შეკითხვას სვამენ აქვს თუ არა კიმ ჩენს ინს საღი აზროვნება. წარმოდგენა არ მაქვს. ერთს ვიტყვი და ვიცი, რომ ბევრს არ სიამოვნებს, როდესაც ამას ვამბობ. კიმ ჩენ ინი 26 თუ 27 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მისი ძალაუფლება აიღო ხელში. ის არაერთ მოწინააღმდეგეს გაუსწორდა, მათ შორის გენერლებსა და სხვებს. მან ასეთ ახალგაზრდა ასაკში შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რომლის წართმევასაც ბევრი ეცადა, იყო ეს ბიძამისი თუ სხვა ვინმე. მან შეძლო ეს. ის საკმაოდ სხარტი აზროვნებისაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფხენიანთან ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომელიც აღარ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემა ჯერ კიდევ კლინტონის ადმინისტრაციას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ვერ შეძლო ვერც ბილ კლინტონმა, ვერც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა და ვერც ბარაკ ობამამ.

29 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. თუმცა სამხრეთკორეელი სამხედროების თქმით, გამოცდა ისევ წარუმატებელი იყო – რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში ჰაერში აფეთქდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა  სამხრეთ კორეაში THAAD-ის ანსიტასარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა, რომელმაც მიზანთან მიახლოებისას ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტები უნდა გაანადგუროს. ამასთან, თეთრმა სახლმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ ქოუთსი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სტრატეგია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, ფხენიანზე ზეწოლა და მისი იძულებაა უარი თქვას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამებზე.

 

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი