,,ტკივილები ახლაც მაქვს, მაგრამ გაუსაძლისი – აღარ” – თამარ მაყაშვილი ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ფეხზე დააყენა

მსახიობი თამარ მაყაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია და საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. გთავაზობთ ,,სარკის” ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა.

თამარ მაყაშვილმა რამდენიმე თვე საწოლში გაატარა, რადგან ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების დახმარებით ფეხზე წამოდგომა და გავლა კი შეძლო, მაგრამ ამასობაში კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა კარანტინმა მოუსწრო და ისევ სახლშია.

მსახიობს იმხელა ოჯახი აქვს, მოსაწყენად დრო არ რჩება. თანაც ასეთ რეჟიმს დიდი ხანია მიეჩვია. წლებია, რაც შემოქმედებაში ტაიმაუტი აქვს აღებული, მაგრამ ეს საკუთარი სურვილით არ მომხდარა. ბოლო დროს პედაგოგობას მიჰყო ხელი, მომავალ მსახიობებს ასწავლიდა, მაგრამ ამაზეც უარის თქმა მოუხდა. თავის ახლანდელ ყოფაზე თამარ მაყაშვილი „სარკესთან“ საუბრობს.

__ ქალბატონო თამარ,  კორონავირუსმა და თვითიზოლაციამ დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ ისეთ ენერგიულ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ?

_  სამი თვეა, ისედაც თვითიზოლაციაში ვარ – ფეხის პრობლემა მაქვს. ორი თვე საერთოდ ვიწექი. თვეებია სახლში ვზივარ და სულ არ მაწუხებს შინ ყოფნა. ბუნებრივია, სახარბიელო არ არის თვითიზოლაცია.

ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ეპიდემია მასშტაბურად არ გავრცელდეს. მედიკოსებს ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შემაწუხა იმან, გარეთ რომ არ დავბოდიალობ.

__ ფეხის ტკივილის შესახებ არაფერი ვიცოდით. თუ საიდუმლო არ არის, რა დაგემართათ?

_ ძველი ტრავმა მქონდა. შემდეგ პროვოცირება მოხდა და კუნთი გამიწყდა. კარგახანს დატანჯული ვიყავი, მაგრამ, რადგან გადავრჩი, აღარაფერს დავეძებ. ტკივილები ახლაც მაქვს, მაგრამ გაუსაძლისი – აღარ.

იანვარში არანორმალური ტკივილები მქონდა, საავადმყოფოშიც კი ვიყავი და ახლა უკვე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დახმარებით ფეხზე გავიარე (ტრავმატოლოგი  ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან ცხინვალის ციხეში  რამდენიმე კვირა გაატარა  _  რედ. შენ).

__  თქვენი ქალიშვილები, მსახიობები რუსკა და ნინუცა მაყაშვილები, აქტიურად ცხოვრობენ, მუშაობენ. შეზღუდვებმა როგორ იმოქმედა მათზე?

_  რუსო ბაკურიანში იყო და იქიდან გამოუშვეს, რადგან ბაკურიანი დაიკეტა. ნინუცას გარდა, ყველა თვითიზოლაციაშია. ის დილის გადაცემაში მუშაობს და გარეთ ყოფნა უწევს, მაგრამ ახლა მითხრა, რომ შეიძლება დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და სახლიდან ჩაერთოს.

ბიჭებს უჭირთ ძალიან. ჩემი შვილი, ელიზბარი, 13 წლის არის. ამხანაგები აკითხავენ, გარეთ გასვლა უნდა, კბილებით გვიჭირავს. ნინუცას შვილს, ნოდარიკოს, იმდენად არ უჭირს, ტელეფონში თამაშობს და ერთობა.

__ თქვენი ოჯახი სტუმრიანობით გამოირჩევა. ახლა ალბათ  მეგობრები ვეღარ მოდიან.

_ მოგატყუებთ, რომ გითხრათ,  არავინ  შემოდის-მეთქი. ახლობლები მაინც მოდიან. ისე ხშირად – აღარ, როგორც ადრე, მაგრამ ძალიან შინაურები მაინც ვიკრიბებით, ნარდს ვთამაშობთ და დრო ასე გაგვყავს.

__ სახლში ყოფნამ და ნარდის თამაშმა ბევრს გასული საუკუნის 90-იანი წლები გაახსენა. ამ ასოციაციებმა თქვენშიც ხომ არ გაიღვიძა?

_ 90-იან წლებში ისეთი სიმღერა და ტაშ-ფანდური გვქონდა, ვერ აღგიწერთ. საოცრად ბედნიერები ვიყავით და ბევრად უფრო კონტაქტურები, ვიდრე ახლა. კომენდანტის საათი მაშინაც იყო, მაგრამ მიმოსვლა უფრო გვქონდა. ახლა კი ერთმანეთთან არ დავდივართ და ეს  საშინელებაა! ჩემს ოჯახში სულ მეგობრები იყვნენ და ამ მხრივ  ცოტა მოვიწყინეთ.

__ იძულებით სახლში ყოფნის სამი თვის შემდეგ რაიმე გატაცება ხომ არ გაგიჩნდათ, მაგალითად, ქსოვა, კერვა, ქარგვა… ან კულინარიამ ხომ არ გაგიტაცათ?

_ ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მობეზრებული მაქვს. ამას წინათ საქსოვი ჩხირები ავიღე ხელში, ვიფიქრე, რამეს მოვქსოვ-მეთქი. ერთი საღამო ვქსოვე, მაგრამ მერე ისევ გადავმალე და მისკენ გახედვა აღარ მინდა.

ახლა მეტს ვკითხულობ. მაშინ ბავშვები მიდი-მოდიოდნენ და ვერ ვახერხებდი, ახლა კი, როცა საქმე არ მაქვს და არ ვალაგებ, ვკითხულობ.

ვერ ვიტყვი, რომ რაიმე აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რაც არ ვიცოდი, რას აღმოვაჩენდი?! და რაც ვიცოდი, იმას მთელი ცხოვრება ისედაც ვაკეთებ. ტორტის ცხობა არასოდეს მიყვარდა და არც ახლა დავიწყებ.

__ გასულ წელს, როცა თქვენთან ინტერვიუ ჩავწერე, თქვით, რომ ბათუმსა და ქუთაისში მსახიობების ახალ თაობას ზრდიდით. ამ  ქალაქებთან ისევ თანამშრომლობთ თუ გაწყვიტეთ კავშირი?

_  ახლა ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ მანამდე მომიწია ბათუმიდან და ქუთაისიდან წამოსვლა. გოგოებს ძალიან გაუჭირდათ. იმ  პერიოდში ნინუცა არ მუშაობდა. ახლა კი, როცა ნინუცა მუშაობს, სახლს და ოჯახის წევრებს მარტო ვერ დავტოვებდი.

ახლა თავიდან ბოლომდე გოგოებზე ვარ დამოკიდებული. მირჩევნია, მათ აკეთონ თავიანთი საქმეები, ვიდრე მე. ისეთი არ ვარ, გამოვაცხადო, მე უნდა ვიმუშაო და თქვენ სახლში ისხდეთ-მეთქი.

__ მსახიობისთვის, მით უმეტეს,  თავის პროფესიაზე შეყვარებულისთვის, ძნელია საქმიდან ჩამოშორება. თავის დროზე რამ განაპირობა თეატრალურ ცხოვრებაში ტაიმ აუტის აღება?

_ ტაიმ აუტი ამაღებინეს. თუ არ დაგიძახეს, ხომ არ მიხვალ და დაუჯდები. არავინ მეძახის და რა ვქნა?! ილიაუნის თეატრის ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობ და თვეში ერთხელ თუ ჩასვეს აფიშაში, მივდივარ და ვთამაშობ.

რაღაც სისულელე რეკლამაში გადაღება შემომთავაზეს და უარი ვთქვი. როლების შემოტევა მაქვს-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. აღარ ვიცი, ვისზეა მოთხოვნა,   ალბათ მსახიობების 20 პროცენტზე, დანარჩენი არაპროფესიონალები სურთ. ვერ ამოვხსენი, ამ ხალხს რა აქვს პრიორიტეტად.

__  თვლით, რომ თეატრალურ სამყაროში დაიჩაგრეთ? 

_ ვერ ვიტყვი, რომ დაჩაგრული მსახიობი ვარ. არიან მსახიობები, რომლებიც განიცდიან, რომ რაღაც ეტაპზე მათზე მოთხოვნა არ არის, მე კი სახლში უამრავი საქმე მაქვს. ისეთი რამ არც შემოუთავაზებიათ, რომ გული დამწყვეტოდა, რატომ არ დავთანხმდი, რა მაგარი როლი და სცენარი იყო-მეთქი.

__ მომღერლებს რომ გაუჭირდათ და კონცერტები აღარ ჰქონდათ, რესტორნებს შეაფარეს თავი. მსახიობებმა რა გამოსავალი მოძებნეთ ოჯახების შესანახად?

_ მსახიობებს თუ სადმე დაუძახეს, ხომ კარგი, თუ არა და _ შიმშილით კვდებიან. ჩემს შვილებზე მეტნაკლებად არის მოთხოვნა. მე, პირადად, შვილი მარჩენს, თავიდან ბოლომდე რუსოს კმაყოფაზე ვარ.

აქამდე ჩემი ძმა მარჩენდა, მიუხედავად იმისა, რომ  მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. დღეს კი შვილების ამარა ვარ. კომუნალური გადასახადებია თუ ჩაცმა, შვილებზე ვარ დამოკიდებული. ბუნებრივია, უხერხულია შვილების იმედად ყოფნა. არ დაგიმალავთ და, შინაგანად მკლავს ეს ხელშემყურეობა.

სარკე

დაწერე კომენტარი