თბილისს შესაძლოა დიდი ტრაგედია დაატყდეს – ავჭალაში მდებარე კორპუსის მცხოვრებლები შენობის დანგრევას ყოველ წამს ელოდებიან

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც ადგილობრივები , “ტიტანიკს” ეძახიან, ავარიულ მდგომარეობაშია, მასში მცხოვრებლები კი მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან.

კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა.

“ტიტანიკი” მეწყერშაშიშ ზონაში მდებარეობს და ნელნელა მიწაში იძირება. შენობის საძირკველი ისეა დაზიანებული, რომ კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ის, რომ შენობაში ცხოვრება საშიშია დადასტურებულია სეისმოლოგიური და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებით.

ჯერ კიდევ 2013 წლის 14 მარტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით შედგა გაერთიანებული საინჟინრო-ტექნიკური კომისია, რომელმაც დაათვალიერა ავარიული კორპუსი მისი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

კომისიის 2013 წლის 14 მარტის დასკვნაში ვკითხულობთ:

“ლიბანის ქუჩა #6-ში მდებარე შენობაში შექმნილია კრიტიკული მდგომარეობა (ფორსმაჟორული სიტუაციით) და მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შედეგების განვითარება, ადამიანთა მსხვერპლის ჩათვლით. ხიფათის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ბოლო ორი სადარბაზოდან შენობაში დარჩენილი მობინადრეების გამოსახლება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. თუ დროულად არ მოხდება მობინადრეების გამოსახლება, შესაძლოა, ტრაგედიას, რომელიც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, მსხვერპლი მოჰყვეს“.

შენობის მობინადრეები აცხადებენ, რომ საფრთხეს ყოველწამს ელოდებიან და მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, 2000 წელს კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა .

როგორც ადგილოობრივები cyc.ge-სთან აცხადებენ, ხუთსადარბაზოიანი კორპუსის ოთხი სადარბაზო წინა ხელისუფლების დროს ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა. პირველი და მეორე სადარბაზოს 34 ოჯახს დახმარება სჭირდება. შესაძლოა, რომ მათ უმძიმესი ტრაგედია ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს. კორპუსის მობინადრეებს წლების განმავლობაში აქვთ კომუნიკაცია გლდანის რაიონის გამგებლებთან, თუმცა საკითხი სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს გადაუწყვეტელია, შენობაში მცხოვრები 34 ოჯახის ბედი კი გვლავ გაურკვეველი.

დაწერე კომენტარი