ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ და ყელში გაგეჩხირათ, ასეთი თავდასხმები შეგვაშინებს?! – წერეთელი ოხანაშვილს

ვატო წერეთელი

ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი წერს, რომ უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის საქციელში უჩვეულო არაფერი არ არის, რადგან მმართველი გუნდი დიდი ხანია აღარ მალავს ზრახვებს მათ მიმართ. ასე გამოეხმაურა ის იმ ფაქტს, რომ ოხანაშვილმა TV პირველის ეთერში წამყვანს, თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა.

“ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!”, — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

წერეთელი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ნებისმიერი კრიტიკული კითხვის დასმის, არასასურველი სტუმრის მოყვანის ან რაიმეს გამოკვლევის გამო მათ ჟურნალისტებს ტენდენციურობას აბრალებენ.

“ყველა ტენდენციურია — ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ, კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე. ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე”, — წერს ის.

ანრი ოხანაშვილი დღეს, 12 თებერვალს დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში იყო მიწვეული ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში გასული აქამდე გადაცემის კრიტიკა დაიწყო. ოხანაშვილის გაღიზიანება მოყვა ჩიხლაძის ადრინდელ გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე “ობიექტურად”.

“მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი… თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს”, — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.

გარდა ამისა, დეპუტატი ასწავლიდა ტრაპაიძეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ობიექტური ჟურნალისტი და მასაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კოლეგის საქციელზე “მორალურ პასუხისმგებლობას” არ გრძნობდა.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე ამავე დღეს დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვახტანგ რობაქიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციამ მუცლის არეში დაარტყა ხელი მაშინ, როცა მას ალკოჰოლურ თრობაზე ამოწმებდნენ.პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რობაქიძეს 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რასაც ადვოკატი შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე სხვა შემთხვევებში გირაოს რაოდენობა 2 ათას ლარს არ აღემატება.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი — ვის შეეხება მთავრობის შეღავათები
გურულ იუმორს ვერანაირი კორონა ვერ ამარცხებს - გურიაში გაგონილი ტოპ 10 ფრაზა დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით
ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
დაწერე კომენტარი