საქართველო – საბერძნეთი (ძვ.წ IV-III ს.ს)

ძვ.წ 304-207 წლებში იბერიაში ფარნავაზი მეფობდა. დაახლოებით ამ პერიოდში, მიმდინარეობდა ბრძოლა საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის დიადოქოსებს შორის.

cyc

როგორც ქართველი მემატიანეების წყარო გვეუბნება, ”

ფარნავაზამდე დიდი ხნით ადრე, ქართველთა ერთ მთავარ წინაპართაგანი – ქართლოსი, დასახლებულა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე არმაზის მთაზე. აქ აუშენებია სიმაგრეები (შემდგომში აქ არმაზის კერპი აღმართეს, იქამდე კი ამ მთის სახელი „ქართლი“ ყოფილა). ქართლოსს აუშენებია ორბის (შემდგომ სამშვილდედ წოდებული) და ხუნანის (ანუ მტუერის) ციხეები. უცოცხლია დიდხანს.

ქართლოსისა და თარგამოსის შთამომავალთ ერთმანეთში სიყვარულით უცხოვრიათ, შემდგომ კი აშლილან და დაკნინებულან. ამ მიზეზით მათ შორის აღარავინ ყოფილა უწარჩინებულესი და უსახელოვანესი. ადგილ-ადგილ თავადები (გამოჩენილი მეთაურები) ჩნდებოდნენ, მაგრამ მცხეთის თავადი ყველაზე წარჩინებულად ითვლებოდა სხვებთან შედარებით. მას მეფის, ან ერისთავის სახელი არ ეწოდებოდა, არამედ მამასახლისი. ის გამზავებელი და მოსამართლე იყო ქართლოსიანთა შორის.

სწორედ ამ დროისათვის დაუვიწყნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ქართველთა წინაპრებს სწამდათ, დაუწყიათ მსახურება მზისა, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავისა, „მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა“.

დიდი ხნის შემდგომ გამოჩენილა ალექსანდრე მაკედონელი. იგი სხვა ქვეყანათა დაპყრობის შემდგომ შემოსულა ქართლში, სადაც მას უხილავს მკვიდრნი ქვეყნისა; უნდა ითქვას, რომ აქ მემატიანეს მიერ გადმოცემული ამბავი აშკარად არეულია, ჩანს არა მარტო სხვადასხვა წყაროს, არამედ სხვადასხვა კონცეფციის გავლენაც. მაგალითად, როგორც ვიცით, სხვა წყაროს, „მოქცევაი ქართლისაის“ – კონცეფციის თანახმად, ქართველები სამხრეთის „არიან-ქართლის“ ქვეყნიდან გადმოსახლებულან მაკედონელის დროს. მათ ამ ქვეყანაში დახვედრიათ უცხო ერი, „ქართლის ცხოვრების“ კონცეფციით კი ქართველობა ხალხად ყალიბდება საქართველოს მიწა-წყალზე, ე.ი. არ გადმოსახლებულა. ზემოაღნიშნული ამბის გადმოცემის დროს, როგორც აღინიშნა, ეს ორი კონცეფცია ერთმანეთშია არეული. მაგალითად, მაკედონელს ქართლში ხვდება ქართველობა და… უცხო ერი – ბუნთურქები და ყივჩაღები. აქ, ცხადია, აღებულია „მოქცევაის“ ამბავი, რომელიც სათანადოდ არაა შეჯერებული „ქართლის ცხოვრების“ კონცეფციასთან.

ქართლში შემოსვლის შემდგომ ალექსანდრე მაკედონელი შეებრძოლა და დაამარცხა ზოგიერთ კუთხეში მცხოვრები არაქართული ტომები – „მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყვევნა და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი“ (ქ.ც. I, გვ. 18). არაქართველთა მოსპობის შემდეგ დარჩენილ ქართველ მოსახლეობას (ქართლოსიანებს) პატრიკად დაუტოვა მაკედონელი აზონი, იარედოსის ძე. მას ემორჩილებოდა 100000  ქვეითი.

მათი სარწმუნოება, მემატიანეს გადმოცემით, ასეთი იყო: ებრძანა აზონს ალექსანდრეს მიერ ქართველთა ქვეყანაში დანერგილიყო თაყვანისცემა მზისა, მთვარისა, ხუთი ვარსკვლავისა, მსახურება უხილავი ღმერთისა, ყოვლის დამბადებლისა. ალექსანდრეს წასვლის შემდგომ აზონმა მიატოვა ეს სარწმუნოება – „იწყო კერპთმსახურებად და შექმნნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: „გაცი და გაიმ“. აზონი სასტიკი და სისხლიანი კაცი ყოფილა, მას ქართველთათვის იარაღის ტარების ნებაც კი არ დაურთავს – გაუცია ბრძანება: „ყოველმან ქართველთაგანმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალით იგი“. – „და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა“. სწორედ ასეთ დროს გამოჩენილა ფარნავაზი – ქართველთა განმათავისუფლებელი. სიყრმიდანვე კავკასიის მთებში ლტოლვილი ფარნავაზი სახელოვან ვაჟკაცად აღზრდილა. ის „იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. მცხეთაში დაბრუნების შემდგომ ის გაუცნიათ აზონისათვის, როგორც სახელგანთქმული მონადირე. „შეიყვარა იგი აზონმან მონადირეობისათვის“. აზონთან დაახლოებას დიდად შეუშინებია დედა ფარნავაზისი, ევედრებოდა შვილს დაეტოვებინა მცხეთა, ქართლი და წასულიყვნენ, რათა აზონის ხელს დასხლტომოდნენ. მართლაც ოჯახმა გადაწყვიტა სხვაგან, ფარნავაზის დედის ქვეყანაში გადასახლება. მემატიანე განაგრძობს:

მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, თითქოსდა იგი იყო ერთ უკაცურ სახლში, უნდოდა გასვლა და ვერ გადიოდა. მაშინ სარკმლიდან შემოვიდა მზის სხივი შემოერტყა წელზე, გაიზიდა და გაიყვანა სარკმელიდან. და როდესაც ველზე გავიდა მზე, ფარნავაზმა ის იხილა დადაბლებული, ხელით შეეხო მზის პირს, მოხოცა ცვარი და იცხო თავის პირზე. გაიღვიძა ფარნავაზმა, გაუკვირდა და თქვა – ეს სიზმარი ალბათ დედაჩემის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ამიხდება, იქ სიკეთეში ვიქნებიო.

იმ დღეებში ფარნავაზი სანადიროდ გაემართა და დიღმის ველზე ირმებს გაეკიდა. ირმები თბილისის ხრიოკებისაკენ გაიქცნენ. მისდევდა ფარნავაზი, სტყორცნა ისარი, ჰკრა ირემს, მან ცოტა გაიარა და დაეცა კლდის ძირში. ამასობაში დაღამდა, ჩამოქვეითდა ფარნავაზი და ირემთან გადაწყვიტა ღამის გათენება. ამ დროს გაწვიმდა ძლიერ. კლდის ძირში ფარნავაზმა გამოქვაბული შეამჩნია, ამოქოლილი. ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი, რათა სიმშრალეში შესულიყო. შევიდა შიგნით და იხილა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი, უთვალავი ჭურჭელი ოქროვერცხლისა. ძლიერ გაუკვირდა, აღივსო სიხარულით და გაახსენდა სიზმარი. ისევ ამოქოლა გამოქვაბულის კარი. უთხრა ეს ამბავი დედასა და ორ დას. გამოიტანეს ეს განძი მალვით. ამის შემდგომ აზონის ქმედება მიუთითებს იმის შესახებ, თუ რა ძლიერი იყო იმ უძველეს დროსვე, ქრისტეშობამდე ასწლეულებით ადრე, ქართველთა შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობა და ქართველ ტომებს როგორ ჰქონდათ შენარჩუნებული ეთნიკური ერთიანობის სიმძაფრე. განძის პოვნით უცებ გამდიდრებულმა ფარნავაზმა, უპირველეს ყოვლისა, გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ეგრისის დასავლურ ქართული საერისთაოს მეთაურთან – ქუჯისთან და შეატყობინა მას მომხდარი ამბავი. ფარნავაზმა შეუთვალა სურვილი, თავისი განძით მისულიყო ქუჯისთან და ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ აზონს – ქართველთა ქვეყნის დამპყრობელს.

მემატიანე წერს, რომ ამ ამბის მოსმენით „განიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და ჰრქუა: „აღსდეგ და მოვედ ჩემ თანა, ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა, განგიმრავლნე სპანი შენნი, ვიდრე გამოვჩნდეთ მტრად აზონისა, მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყვედილთა მისგან და მიწყვედულთა“ (ქ.ც. გვ. 22).

პასუხის მიღების შემდეგ ფარნავაზი დედითა და დებით სიხარულით წავიდა ქუჯისთან. ქუჯი ასეთი სიტყვებით შეეგება მას: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი… შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“ (გვ. 22). ფარნავაზი ამ დროისათვის, როგორც ვიცით, უბრალო, ყოველგვარი პატივისა და თანამდებობის უქონელ პირს წარმოადგენდა, ხოლო ქუჯი ეგრისის ვრცელი ქვეყნის მფლობელი იყო, ამიტომაც მისგან თავისი თავის „მონად“, ხოლო ფარნავაზის „უფლად“ გამოცხადება აიხსნება გენეალოგიური უფროს-უმცროსობითი ურთიერთდამოკიდებულებით, რაც ძველი დროისათვის იყო დამახასიათებელი და სავალდებულოდ შესასრულებელი. ფარნავაზი „ქართლის თავთა შვილია“, ამიტომაცო, ამბობს „ეგრისის თავთა შვილი“, – მე შენ უნდა დაგემორჩილო, შენ „ჩვენი უფალი ხარო“. ასეთი ურთიერთობა გვაფიქრებინებს, რომ თავდაპირველ გენეალოგიურ ვარიანტში, რომელსაც შემდგომ ასახვა ვერ უპოვნია „ქართლის ცხოვრებაში“, გენეალოგიური შტო, ჩანს ასეთი სახით იყო გადმოცემული:

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი