საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი კონფერენცია გაიმართა

ბანკი 2

საქართველოს ბანკისა და  ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-ის პარტნიორობით,  სან-ფრანცისკოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით დასრულდა.

cyc

Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში ერთმანეთს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ინვესტორები და სტარტაპები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები და მოწვეული სპიკერები შეხვდნენ. მათ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქართული სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში, ქალების როლი ტექნოლოგიების განვითარების პროცესში და სხვა.

სპიკერებს შორის წარმოდგენილი იყვნენ: ანტრეპრენერი და ინვესტორი – ზაზა ფაჩულია, „Singular“-ის დამფუძნებელი – გიორგი შამუგია, „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი – ნანა დიხამინჯია, „Catapult Ventures“-ის მმართველი პარტნიორი – ჯონათან თაუერი, „Pulsar AI“-ის თანადამფუძნებელი – დაჩი ჭოლაძე და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა თავიანთი კომპანიები დამსწრეებს, მათ შორის, საინვესტიციო ჯგუფებს წარუდგინეს.

„Globalize-ი 5,000-მდე წარმატებულ ქართველს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ. ჩვენ მათ ვაცნობთ ერთმანეთს, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს. ამასთან, ვცდილობთ წარმატებული ქართველები დავაკავშიროთ სტარტაპებს იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გააზიარონ და ახალბედა ანტრეპრენერებს რეკომენდაციები მისცენ. Globalize-ის პირველმა კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა; იმ ქართული სტარტაპების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე იღებდნენ მონაწილეობას, უკვე არაერთმა საინვესტიციო ჯგუფმა გაიგო. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აცხადებს Globalize-ის დამფუძნებელი და აღამასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

„მოხარული ვართ, რომ სილიკონ ველიზე ჩვენი პარტნიორის, Globalize-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით შედგა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმატებული პროფესიონალების გაერთიანება, ინვესტორების, გამოცდილი სპიკერებისა და ქართული სტარტაპების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებმა უკვე გაიცნეს ქართული სტარტაპები. ვფიქრობთ, ეს ახალი და საინტერესო თანამშრომლობების მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლოს განვითარება, მასშტაბირება და ახალი შესაძლებლობების ათვისება გლობალურ ბაზრებზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი