თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

cyc

დედაქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გასული წლის განმავლობაში განხორციელდა.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის კრწანისი შინდისის და სამება-მახათას ახალი გზის პროექტზე,   კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, ასევე პუშკინის ესტაკადაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს თბილისში კაპიტალურად შეკეთდა 500-მდე ქუჩა, 2017 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის მასშტაბით არსებულ 600-მდე ქუჩას.

თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო პროექტი „ახალი ტფილისი“. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა. მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

„2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ისაუბრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. გარდა

ამისა, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო.

ტრანსპორტის ნაწილში თბილისის მერმა ხაზი გაუსვა  საბაგირო გზების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგიროს აღდგენა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს დაიწყება მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია.

ანგარიშის პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით დაირგო 180 000 ხე-მცენარე და თბილისსა და მის შემოგარენში პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. დავით ნარმანიას თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, უკვე დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.

თბილისის მერმა ყურადრება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა.

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო დარეგისტრირება. გარდა ამისა, 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, თბილისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში 28 პროექტი განახორციელა: დააფინანსა 50-მდე Start Up, გახსნა ახალგაზრდული ცენტრები, დანერგა სტუდენტთა წახალისების პროგრამა და დაიწყო შშმ მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება.

რაც შეეხეება კულტურასა და სპორტს, თბილისის მერის თქმით, 2016 წელს, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები და პროექტები განხორციელდა.

,,შეიქმნა „მუზეუმების გაერთიანება“, ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალები; დაარსდა

გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი; „ქალაქი – ბიბლიოთეკა“, „ბიჭუნათა კაპელა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი  და სკულპტურა შეემატა. რესტავრაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის საფლავს მთაწმინდის პანთეონში; აღდგა მზიურის კარიბჭე. წარმატებით ჩატარდა სახალხო დღესასწაულები.

„რაც შეეხება სპორტს, 2016 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფინანსდა 210 სპორტული ღონისძიება და სპორტსმენთა მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში.  დედაქალაქის მასშტაბით მოეწყო 7 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210 სპორტულ მოედანს. აღდგა და გაიხსნა სპორტული დარბაზები; სკვერებში დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები; მიმდინარეობს რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსისა და  საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონის მშენებლობა და სხვა’’, – განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერია ეტაპობრივად გადადის აღნიშნული პრინციპით მუშაობაზე, რაც მოქალაქეებს მერიის სამსახურებთან ურთიერთობას გაუმარტივებს და მისცემს დროის დაზოგვის შესაძლებლობას.

რეკლამა

დაწერე კომენტარი