საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ჩაატაროს რეფერენდუმი არის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

cyc

მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამართული დებატების დროს გამოეხმაურა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ ”აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა”.

”ალტერნატივა არ აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას, ასევე, ყველა ეთნოსის წარმომადგენლის სრულ რეინტეგრაციას ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ისევე, როგორც განსხვავებული ჯგუფების კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება იქნება დაცული. ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მყარად მივყვებით ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს იმ ხალხთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა იმ კეთილდღეობასა და სარგებელს, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არის. მზად ვართ შევთავაზოთ მათ ყველა ის მიღწევა, რომელიც გვექნება განვითარების გზაზე”, – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით.

”საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატითაა გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

მინისტრის თქმით, საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით.

”რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოდან. და ბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტუროს ერთგულება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ. ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თქვენი და სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველამ არ დავიშუროთ ძალისხმევა იმ კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრისთვის, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას”, – აღნიშნა მინისტრმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი