საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია განიხილეს და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა სახელმწიფო სტრატეგიის მიმართულებები მიმოიხილეს, საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და პროექტის იმ ძირითად მიზნებზე ისაუბრეს, როგორებიცაა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, ასევე თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა და ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ, მნიშვნელოვანია მათი როგორც სახელმწიფო და პოლიტიკურ, ასევე კულტურულ – ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა და მას სახელმწიფო მინისტრის აპარატს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი