საბა ბუაძე კალაძეს – “ქურდს ქუდი ეწვისო” – ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს

ბუაძე

“ქურდს ქუდი ეწვისო”, – ასე მიმართა “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ საკრებულოში დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სიტყვიერი შელაპარაკების დროს.

ბუაძის განცხადება კახა კალაძის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ბუაძეს მიმართა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ“.

ბუაძის თქმით, სიტყვა “კორუმპირებული” სამართლებრივი შეფასებაა და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც მსგავს შემთხვევას დაინახავს.

„”ქურდს ქუდი ეწვისო” და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – მიმართა ბუაძემ კალაძეს.

დედაქალაქის მერმა ბუაძე ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, პოლიტიკის “გაგებაში არ არიან” და რამდენ ტყუილსაც იტყვიან, “იმდენჯერ სიმართლე მოხვდებათ ცხვირ-პირში”. აღნიშნულს კი საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: „ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს“.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი