სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციის საერთო საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საერთო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივარი შემაჯამებელი ოქმებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის საჩივრებს ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი არ ჰქონდა, ცესკომ შემაჯამებელი ოქმები უკვე გამოსცა. ოპოზიცია და ადვოკატები კი ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და ამბობენ რომ ეს სამართლებრივი დარღვევაა. 

“ცესკომ წინასწარ განჭვრიტა თუ რას იზავდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, კომისიის წევრები ცინიკურად სხდომაზე ამბობდნენ, რომ წაიღეთ სასამართლოში და ნახეთ რა იქნება, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ შედეგი. ეს უწყება სამივე ინსტანციით, როგორც კი პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე მაშინვე არიან დამორჩილებულები ხელისუფლების ნებას”, – თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთო კახიძემ. 

ადვოკატ, მარი ცუცქირიძის თქმით, სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და სისტემის დისკრედიტაცია მოახდინა. 

“ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს ჩაინიშნა. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. 

დაწერე კომენტარი