რუსული წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ ყირიმსა და კალინინგრადის ოლქში შესაძლოა ბირთვული სიმძლავრეები განათავსოს, რაც დღეს არსებულ ვითარებას უფრო მეტად დაძაბავს.

გეოპოლიტიკური დაპირისპირება ახალ ფაზაში – „ბირთვული შეიარაღების რბოლაში” გადავა. რუსეთის მიზანი, განათავსოს სამხედრო სიმძლავრეები, ფაქტობრივად, მთელ ევროპაზე გავრცელდება, რის შედეგადაც კონტინენტი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგება, რაც ახალ რეალობას შექმნის – მიიჩნევენ ექსპერტები.

„თუკი საშუალო და მცირე რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებული ხელშეკრულებიდან აშშ-ის გამოსვლა საბოლოოდ მოხდება და ამ ხელშეკრულების შესრულება შეჩერდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ რუსეთი თავის დასავლეთ საზღვარზე საშუალო და მცირე რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებს ნამდვილად განათავსებს. ეს კალინინგრადის ოლქში და ოკუპირებულ ყირიმშიც განთავსდება” – ჟურნალ „არსენალის” მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსს” განუცხადა.

რუსეთის გეგმის, ბირთვული სამხედრო სიმძლევარეების ევროპის საზღვრებთან განთავსების შესახებ, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროპას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფრისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად უნდა იყოს – ამის შესახებ სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო რუსეთს 6 თვის ვადას აძლევს, რათა მცირე და საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება აღადგინოს.

რა ბირთვული სიმძლავრეებია და რუსეთის მხრიდან კონკრეტულად, სად შეიძლება განთავსდეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ საზღვრებზე, „რეზონანსი” ანალიტიკოსს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა შეიარაღება შეიძლება განათავსოს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეში.

„ასეთი შეიარაღება ჩრდილოეთ მხარეში განთავსდება. ასევე, საუბარია დასავლეთში და ოპერატიულ-სტრატეგიული სამხრეთის ტერიტორიაზე, ყველა კომპონენტის – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო, ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე.

„აქ სახმელეთოში მცირე და საშუალო სიშორის კომპლექსები იგულისხმება, რომელშიც ისეთი კომპლექსი მოიაზრება, რომელსაც სარაკეტო ქობინი მ729 გააჩნია და 500 კილომეტრზე მეტს რადიუსს ფარავს და კალინინგრადის ოლქშია განთავსებული,” – აცხადებს მაისაია.

ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება გასულ საუკუნეში ცივი ომისკენ დაბრუნების ტოლფასი იქნება. ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განათავსოს, როგორც ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

„არსებობს ეჭვი, რომ ახალი ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით ასეთი ოთხი დივიზიონი, რომელთა მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს სცდება, რუსეთს უკვე შეიარაღებაში ჰქონდეს. სიტუაციას ეს, რა თქმა უნდა, კიდევ დაძაბავს და ყველაფერი იმ ცივი ომისკენ დაბრუნდება, რაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში მთელ ევროპასა და მსოფლიოში იყო.

„ჩრდილოეთით რუსეთს კალინინგრადის ოლქი აქვს, რომელიც რუსეთის ანკლავს წარმოადგენს და ფაქტობრივად, შეჭრილია ევროპაში, – კალინინგრადის ოლქიდან ახალი რუსული რაკეტების მოქმედების რადიუსი თითქმის მთელ ევროპას ფარავს. მეორე მიმართულება ეს არის ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს პრობლემა არ ექნება, რომ განათავსოს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები.

„ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ , რომ თუკი რუსეთი განათავსებს, იგივეს აშშ არ აპირებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, თუკი ასეთი არასახარბიელო გზით წავიდა მოვლენები, ისევ დაიწყება მილიტარიზაცია და ქვეყნები გამალებულ შეიარაღებაზე იფიქრებენ, რაც, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის კარგი,” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, დღევანდელი გეოპოლიტური რეალობა კიდევ ერთხელ შეიცვლება და შესაძლოა „ბირთვული შეიარაღების რბოლა” მივიღოთ, რაც ვითარებას უფრო მეტად დაძაბვისკენ უბიძგებს.

„ოპერატიულ სტრატეგიულ სარდლობაში, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი მიგ 29-ის განლაგება ჩრდილოკავკასიაში, პირდაპირ ემუქრება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი, რუმინეთი, რომლებიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები არიან. შესაძლოა ნატო-ს სხვა სახლემწიფოებსაც ეხებოდეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასევე იგულისხმება ოკუპირებულ აფხაზეთში სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსებისა და ოკუპირებულ ყირიმში ბირთვული ფრთოსანი რაკეტების განთავსება.

„ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე განთავსებულია “ეს300” სარაკეტო კომპლექსი. აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე შეიძლება “მიგ36” განთავსდეს, რადგან ამის საშუალება გუდაუთას გააჩნია. ამასთანავე, შეიძლება მეოთხე თაობის “სუ30″ ტიპის ავიაგამანადგურებელი განთავსდეს და არ არის გამორიცხული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წყალქვეშა ნავები განათავსონ. ეს ყველაფერი სიტუაციას საკმაოდ დაძაბავს, – ეს გადავა ბირთვული შეიარაღების რბოლაში” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რეზონანსი

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი