როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

სექსტინგი – ტელეფონით სექსუალური ფოტოების, ვიდეოების ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა სხვა ადამიანზე, უდავოდ ძალიან რისკიანი საქმეა. მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა. სექსტური შეტყობინების გაგზავნა შეყვარებულისთვის თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და თქვენც იმ ადამიანთა ჩამონათვალში აღმოჩნდეთ, რომელთაც შიშველი ფოტოები ყოფილმა შეყვარებულებმა შურისძიების მიზნით გაუსაჯაროვეს.

ცხადია, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, სანამ ისეთ რამეს გაგზავნით, რაც არ გსურთ, რომ სხვამ ნახოს, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ სექსუალური ხასიათის ფოტოები ვინმეს უნდა გაუზიაროთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

რა უნდა ქნათ, თუ შიშველი ფოტოს გაგზავნას გთხოვენ? – უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი უფლებაა, უარი თქვათ ნებისმიერი სახის სექსუალურ ქცევაზე, მათ შორის სექსტინგზეც. როცა  განიცდით დისკომფორტს და მიიჩნევთ, რომ ამას სხვისთვის აკეთებთ – დაუჯერეთ საკუთარ ინსტიქტებს. თქვენ არავის წინაშე ხართ ვალდებული.

1. არასოდეს გამოაჩინოთ ასეთ ფოტოში სახე

რამდენად საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ ადამიანს ერთი თითის დაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ თქვენი სექსუალური ხასიათის ფოტო  მთელმა მსოფლიომ იხილოს. ამიტომაც უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა ასეთ ფოტოში სახის გამოჩენა, ან ცალკე შეტყობინებით გაგზავნა თქვენი სახის. არც ისეთი მაიდენტიფიცირებელი დეტალები დაგავიწყდეთ, როგორიცაა, მაგალითად, ხალი ან ტატუ. ყურადღება მიაქციეთ ფონსაც, შეეცადეთ ფოტოზე არ იცნობოდეს თქვენი საცხოვრებელი – თუ ვერავინ დაამტკიცებს, რომ ფოტოზე თქვენ ხართ, უფრო მშვიდად იქნებით.

2. სექსუალობა არ ნიშნავს პორნოგრაფიას

Mashable წერს, რომ სექსუალური ფოტოები ყოველთვის ღია სიშიშვლეს არ ნიშნავს: “მკლავი დაფარებული მკერდზე, წელს ზემოთ შიშველი ფოტო ზურგიდან, გვერდითა ხედი, პირსახოცით ან ზეწრით დაფარული სიშიშვლე – ესეც ვერსიებია. ცოტა თვალის გადავლება არაპორნოგრაფიულ ჟურნალებზე ბევრ იდეას მოგცემთ სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული ფოტოების გადასაღებად”.

3. დარწმუნდით, რომ ადამიანი სანდოა

არ იჩქაროთ ასეთი ფოტოების გაგზავნა განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლახან გაიცანით. რისკი იმისა, რომ თქვენს შიშველ ფოტოს (სულ ცოტა) მისი მეგობრებიც ნახავენ – ძალიან დიდია. სამწუხაროდ, არც კარგა ხნის ნაცნობთან ღირს ასეთი ნდობა, რადგან შესაძლოა თქვენი დაშორების შემდეგ ყველაფერი შეიცვალოს. ამიტომ ფოტო ან ვიდეომასალის გაგზავნამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რამდენად სანდო ადამიანია არა მარტო თქვენთან, არამედ სხვებთან მიმართებაშიც.

წყვილების დაშორების შემდეგ შურისძიების მიზნით გავრცელებული სექსუალური ფოტო და ვიდეო საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა. ასეთი მასალა ხშირად გამოიყენება შანტაჟისთვის, რათა ფოტოს გამგზავნი ადამიანი ჩართონ სექსუალურ აქტში, აიძულონ ურთიერთობის გაგრძელება, ან, უბრალოდ, დააზიანონ მისი რეპუტაცია.

ბოლო წლებში სოციალურმა მედიამ, მათ შორის ფეისბუქმა, დაიწყო გარკვეული აქტივობები, რომ აღმოაჩინოს და შეაჩეროს ასეთი მასალების (თანხმობის გარეშე) გავრცელება. Mashable-ს ცნობით, გაუქმდა ვებგვერდები, რომლებიც განკუთვნილი იყო ასეთი მასალების გასაჯაროებისთვის. თუმცა ფეისბუქის ქართულ სივრცეში დღემდე არსებობს გვერდები, სადაც მომხმარებლები ინტიმური მიმოწერების სქრინებს აგზავნიან და გვერდის ადმინისტრატორი ხშირად სახელისა და გვარის დაუფარავად ასაჯაროებს ამ მასალებს.

4. კარგად გადაამოწმეთ ადრესატი

გაგიგზავნიათ სხვისთვის დაწერილი შეტყობინება სხვა ადამიანისთვის? ინტიმური ტექსტის ან ფოტოს გაგზავნისას ბევრად უფრო მეტი ყურადღება გმართებთ. ონლაინგამოცემა bolde გირჩევთ, რომ რამდენჯერმე გადაამოწმოთ ადრესატი, რადგან უკვე გაგზავნილ შეტყობინებას უკან ვერ დააბრუნებთ. ასევე დარწმუნდით, რომ ფოტოებს შემთხვევით თქვენს სოციალურ მედიაში არ აქვეყნებთ.

5. წაშალეთ კვალი 

  ყოველთვის ვერ გეცოდინებათ ვინ ათვალიერებს თქვენს ტელეფონს, ვინ შეიძლება შემთხვევით მოჰკრას თვალი თქვენს შიშველ ფოტოს ან ინტიმურ მესიჯს, ამიტომ უმჯობესია ასეთი ფოტოები ტელეფონში არ შეინახოთ. “წაშალეთ ასეთი ფოტოები, განსაკუთრებით თუ ხშირად კარგავთ ტელეფონს ან ტოვებთ სხვადასხვა ადგილას – განსაკუთრებით თუ პაროლიც არ გაქვთ დაყენებული”, – ამბობს ფსიქოლოგი და სექსთერაპევტი, დოქტორი ჯობ ბეიტერი Mashable-სთან საუბრისას.

ტელეფონის დაკარგვის ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, თავის დაზღვევის მიზნით, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს მიმოწერა და ფოტოები თავის ტელეფონშიც წაშალოს.

allaboutyou.ge – ქართული ვებსაიტი სექსუალური განათლების შესახებ გირჩევთ,სექსტური შეტყობინების გაგზავნამდე საკუთარ თავს ჰკითხოთ:

  • ეს კანონიერია? არასრულწლოვანი (18 წელს ქვემოთ) ადამიანის შიშველი ან სექსუალური ფოტოების გაგზავნა, ფლობა ან გადაღება უკანონოა, თუნდაც ორივე თანახმა იყოთ. არასდროს გაგზავნო, შეინახო ან გადაუგზავნო არასრულწლოვნის შიშველი ფოტო. ზოგან საკუთარი შიშველი ფოტოს გაგზავნაც უკანონოა;
  • ეს ის არის, რაც გინდა? თუ ვინმე გაიძულებს სექსტური შეტყობინების გაგზავნას, როცა შენ ეს არ გინდა ან გემუქრება, გაუზიარო პირადი ფოტოები ან შეტყობინებები, იცოდე, რომ ის არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, რაც არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ამიტომ არ გაუგზავნო არავის ფოტოები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა;
  • სხვაგან ხომ არ გააზიარებენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია, რადგან ხშირად არ იცი პასუხი. როდესაც ვიღაცა საკმარისად მოგწონს ან ენდობი, რომ სექსტური შეტყობინება გაუგზავნო, შეიძლება ვერასდროს ვერ წარმოიდგინო, რომ ეს ადამიანი შენს ფოტოებს ან შეტყობინებებს სხვას აჩვენებს. თუმცა ადამიანები ხშირად აკეთებენ იმას, რასაც მათგან არ ველოდებით, განსაკუთრებით ჩხუბის ან დაშორების შემდეგ. მათ შენი სექსტური შეტყობინებები შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით გამოიყენონ. შეიძლება განზრახ არც გააზიარონ შენი ფოტოები, მაგრამ მეგობრებმა დაათვალიერონ მათი ტელეფონი, დაკარგოს, მოპარონ ან სულაც დაჰაკონ და შენი ფოტოები ისე გააზიარონ, რომ არც იცოდე და არც თანახმა იყო.

თუ შენთვის უცნობი ადამიანი გიგზავნის სექსტურ შეტყობინებას ან შიშველ ფოტოს: დაუყოვნებლივ უთხარი მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი; არ წაშალო ფოტო ან ტექსტი, სანამ არ აჩვენებ მშობლებს ან ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობი; არ აჩვენო არავის, გარდა მშობლების ან ზრდასრული ადამიანისა, ვისაც ენდობი.

სექსტინგის შედეგად შეიძლება დაზარალდნენ როგორც გოგოები, ისე ბიჭები, თუმცა ბიჭებისგან განსხვავებით გოგოები უფრო ხშირად, უფრო მძაფრი კრიტიკის ქვეშ ექცევიან, როცა საქმე სექსუალობას ეხება. ინტერნეტჟურნალი www.psychologytoday.com-ი  წერს, რომ გოგოებს (68% ) უფრო ხშირად სთხოვენ სექსტური მესიჯების გაგზავნას, ვიდრე ბიჭებს (42%).

იმ შემთხვევაში, თუ სექსუალური ხასიათის ფოტოები უკვე გაზიარებული გაქვთ სხვა ადამიანისთვის, რომელიც მათი გასაჯაროებით გემუქრებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ პოლიციას, ეს ძალადობაა და ისჯება კანონით. 21 წლამდე ასაკის ადამიანებს შეგიძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდსდაუკავშირდეთ ნომერზე: 116 111 | 0322 421 422, სადაც პრობლემის მოგვარების პარალელურად დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალობა.

“ნეტგაზეთი”

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი