როგორ არკვევდა ივანიშვილი, ვის სურდა პატრიარქობა და რას ფიქრობდა მეუფე იაკობზე – ფაილები

ბიძინა ივანიშვილი

გავრცელებულ ფაილებში გვხვდება ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახელი, რომელიც ერთ-ერთ არქიმანდრიტს, ბართლომე ფირცხალაშვილს საპატრიარქოს შიდა საკითხებზე ესაუბრა, მათ შორის მღვდელმთავრებიდან ვის აქვს პატრიარქობის ამბიცია.  

ფაილში ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისთვის საინტერესო საკითხებს საპატრიარქოზე, შუამავლების მეშვეობით, იგებდა. კერძოდ,  არქიმანდრიტმა შორენა თეთრუაშვილის მეგობარ მონაზონს გაანდო ივანიშვილთან საუბრის შინაარსი.

ფაილების მიხედვით, ფირცხალაიშვილი ყვება, რომ ივანიშვილმა ცოლთან ერთად განიხილა პატრიარქობის ამბიციების მქონე მღვდელმთავრები, ქორეპისკოპოსი იაკობი კი “ფოსტალიონად” მოიხსენია. 

“ბ.ფირცხალაშვილის სიტყვებით ბ.ივანიშვილი დაინტერესდა თუ რომელ მღვდელმთავრებს აქვთ პატრიარქობის ამბიცია, რაზეც ბ.ფირცხალაშვილმა დაასახელა _ მიტროპოლიტები იობი აქიაშვილი, დანიელ დათუათვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია. ბ.ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბ.ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ – ეკატერინე ხვედელიძემ დადებითად დაახასიათეს აბრაამ გარმელია, რომელიც მოიხსენიეს განათლებულ და რეფორმატორ პიროვნებად. უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი.

ბ.ფირცხალაშვილის სიტყვებით მისი და ბ.ივანიშვილის საუბარი შეეხო ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილსაც. ამ უკანასკნელს ბ.ივანიშვილი იხსენიებს “ფოსტალიონად” მთავრობასა და საპატრიარქოს შორის, რომელსაც სერიოზულ ფიგურად არავინ განიხილავს”. 

ფაილის მიხედვით, ფირცხალაიშვილი ყვება, რომ ივანიშვილი პატრიარქზეა განაწყენებული, რადგან მიხეილ სააკაშვილს საახალწლო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

“ბ.ფირცხალაშვილმა საჩხერეში ვიზიტის შესახებ ასევე ესაუბრა მონაზონ ანასტასია გელაშვილს. აცნობა, რომ ბ.ივანიშვილი განაწყენებულია და არასწორად მიიჩნევს პატრიარქის მიერ საახალწლო მისალოცი ბარათის გაგზავნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

ბ.ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ბ.ივანიშვილმა ზემოთხსენებული ფაქტის გამო მხოლოდ იმიტომ უსაყვედურა შორენა თეთრუაშვილს, რადგან არ უნდოდა მოხუცის განაწყენება და არ ადანაშაულებს თეთრუაშვილს წერილთან მიმართებაში. ივანიშვილი ამჟამად ცდილობს მისი პოზიცია მივიდეს პატრიარქის ყურამდე”.

რეკლამა

დაწერე კომენტარი