„როგორ ავუხსნა ნიკას შვილს ეს ყველაფერი?“ – ანზორ მელიას ინტერვიუ შვილის შესაძლო დაკავებაზე

ანზორ მელია შვილის დაკავებას ელოდება. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბატონო ანზორ, ნიკას პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა, ამ გადაწყვეტილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორ შეაფასებთ ამას?

როცა ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ნიკას დაიჭერდნენ დავჯექი და დავითვალე რამდენი ჩემი ყოფილი პაციენტი იჯდა იმ პარლამენტში. სულ 10 დეპუტატია ასეთი. მათთან არ მქონია უბრალოდ ავადმყოფის და ექიმის ურთიერთობა – ათწლეულები მაკავშირებდა.

ყველამ ნიკას წინააღმდეგ მისცა ხმა?

მხოლოდ რომან კაკულია აღმოჩნდა გამონაკლისი, როცა სწორედ მასთან არ მაკავშირებდა მეგობრობა. მისი დედა იყო ჩემი პაციენტი და წელიწადში ორჯერ მოჰყავდა ჩემთან.

სხვები?..

მხოლოდ ერთზე გეტყვით, ყველაზე მეტად ვინც გული მატკინა. ეს არის კობა კობალაძე. როგორც შვილს მამა უვლის, ასე ვუვლიდი მას. ყველაზე მტკივნეული კობას გადაწყვეტილება იყო დღეს ჩემთვის. 

ელოდებით რომ დააკავებენ ნიკას?

დიახ, ველოდები, როცა შვილი დინების საწინააღმდეგოდ მიდის და მონსტრს ებრძვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაიჭერენ. 2012 წელს მე ოცნების მხარდამჭერი ვიყავი. მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა გამოგვიგზავნა და საქართველოს გადაარჩენდა. ახლა კი ნიკა ხშირად ამბობს, რომ მე უფრო ოპოზიციონერი ვარ, ვიდრე ის. ნიკას ეს ყველაფერი მოუწყვეს. უთხრეს, რომ მინისტრს და პრემიერმინისტრს უნდოდა მასთან შეხვედრა და მოტყუებით შეიყვანეს პარლამენტში.

თქვენც თქვენი შვილივით ფიქრობთ, რომ ამის მონაწილე პავლე კუბლაშვილია?

ნიკა არასოდეს ტყუილს არ ამბობს, ის არის სუფთა პიროვნება, მეც მამასაც არაფერს არ მაპატიებს და ამიტომ რაც თქვა ნიკამ, დაიჯერეთ, რა. მე სანამ სული მიდგას ნიკას გვერდზე ვიქნები. 

რამე გეგმა გაქვთ, თუ ნიკას დააკავებენ?

მე რა გეგმა უნდა მქონდეს, 72 წლის მამაკაცი ვარ. ერთადერთი, მის შვილზე ვფიქრობ, რომელიც 4 წლინახევრისაა – როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი. მას არაფერი გამოეპარება. ახლაც ნერვიულობს ხოლმე, როცა მამას სამსახურიდან აგვიანდება.
primetime.ge

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი