რიმა ბერაძემ და გიორგი ვოლსკიმ მოქალაქეთა ერთობლივი მიღება გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ და საქართველოს პარლამენტის ამავე რაიონის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ მოქალაქეთა ერთობლივი მიღება გამართეს.

cyc

რიმა ბერაძის განცხადებით, გარკვეული საკითხები, რომელთა მოგვარების თხოვნითაც მოქალაქეები დეპუტატს მიმართავენ, საკრებულოს კომპეტენციას სცდება და მათი გადაჭრა ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობითაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, რიმა ბერაძის ბიუროში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა და საქართველოს პარლამენტის ამავე რაიონის დეპუტატმა ერთობლივი მიღება გამართეს და რაიონის მცხოვრებლების პრობლემები პირადად მოისმინეს.

დეპუტატებს დღეს პაატა სააკაძის # 19- ში ამორტიზირებულ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ალტერნატიული ფართის გამოყოფის თხოვნით მიმართეს. როგორც მიღებაზე აღინიშნა, პრობლემის გადაჭრის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და მისი მოგვარება დედაქალაქისა და ცენტრალური მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდება.

დღესვე დეპუტატებმა ათობით მოქალაქეს მოუსმინეს და მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ. საკითხები, რომლებიც ტრადიციულ მიღებაზე იყო წარმოდგენილი, ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, დასაქმების, ჯანდაცვისა და მიწის ლეგალიზაციის მიმართულებით არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

რიმა ბერაძის დახმარებით,  მოქალაქეებს იურისტების უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ, ხოლო დეპუტატის ბიუროში შემოსულ განცხადებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობები მომზადდა.

სამაჟორიტარო ბიუროში გამართულ შეხვედრას დეპუტატებთან ერთად ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ვლადიმერ გოგსაძე ესწრებოდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი