რა მტკიცებულებები გააჩნია მეუფე პეტრეს და რა შემთხვევაში განკვეთენ მას ეკლესიიდან

საპატრიარქოს ირგვლივ მოვლენები კიდევ უფრო მწვავდება და არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდის კიდევ ერთი სხდომა დაინიშნოს. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი მამა პეტრე ცაავა არ აპირებს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ამიტომაც, სასულიერო პირები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან, როდის დაინიშნება ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს კიდევ ერთი სხდომა.

თეოლოგები კი ეპარქიიდან იძულებით განკვეთილ მეუფეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ჭყონდიდის ეპარქიამ სინოდს წერილობით მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ სინოდი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯერი მსოფლიო საპატრიარქოზე დადგება.

ისინი მღვდელმთავრებს ურჩევენ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ და მამხილებელი მტკიცებულებითაც დაინტერესდნენ. ხოლო ამ მტკიცებულებებს ის თუ ვერ წარმოადგენს, მაშინ მისი ეკლესიიდან განკვეთა უნდა მოხდეს.

მეუფე პეტრე რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მეთვრამეტე განწესების წაკითხვას ითხოვდა, რომელიც საპატრიარქოში საკუთარი ხელით მიიტანა, თუმცა, მას ამის უფლება არ მისცეს. იმ ხმაურიანი და მძიმე განცხადებების გამო, რომლებიც სასულიერო პირმა სინოდზე გააკეთა, მღვდელმთავრებმა სასჯელის უკიდურეს ფორმაზე – მღვდელმსახურებიდან განყენებაზეც იმსჯელეს.

დროებით მღვდელმსახურება შეჩერებული ჭყონდიდის მიტროპოლიტი საპატრიარქოს იურისტმა ის უკვე ერისკაცობის სახელით მოიხსენია. თუმცა, მეუფე პეტრესთვის ხარისხი წმინდა სინოდს არ შეუჩერებია.

სინოდის სხდომაზე სასულიერო პირებმა საეკლესიო 55-ე კანონით იხელმძღვანელეს და მეუფე პეტრე ჭყონდიდის მმართველობიდან გაათავისუფლეს, მას მღვდელმსახურება აეკრძალა და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა.

თეოლოგები „რეზონანსთან” ამბობენ, რომ მღვდელმსახურებიდან განყენება მძიმე სასჯელია – მას ეკრძალება წირვის, აღსარების ჩაბარება, შენდობა და ყოველგვარი საეკლესიო მსახურება. ამატებს, რომ ამაზე უარესი სასჯელი სასულიერო პირის კურთხევის გაწვევა და ერისკაცად განკვეთაა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე პეტრეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის იძულებულია, რომ ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს.

საქართველოს პატრიარქმა უარით უპასუხა მეუფე პეტრეს თხოვნას, რომ ის განემწესა იჩხურში, წმ. ამროსი ხელაიას მონასტერში. მისი თქმით, “მეუფე პეტრე უნდა გამწესდეს იქ, სადაც იქნა ჩემს მიერ გამწესებული, შიო მღვიმის მონასტერში”,-აღნიშნავს უწმინდესი.

მეუფე პეტრე კი არ აპირებს შიო მღვიმეში გადასვლას და პატრიარქის დამორჩილებას, მისი თქმით, ამიერიდან ის თვითონ გადაწყვეტს, თუ სად და როგორ იცხოვროს. “მე სადაც ვიქნები, იქ ვიცხოვრებ ჩემი, პირადი კანონებით” – ამბობს ის.

„როგორც მითხრეს, ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს, კი ბატონო ვეთანხმები. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ჭღონდიდის ეპარქიაში ჩასულ ახალ მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს კი საკმაოდ რთული ვითარება დახვდა. ეპარქიაში საღამოს ლოცვა ცარიელ ტაძარში მრევლის გარეშე ჩაატარა.

სინოდის ხმაურიანი სხდომისა და გადაწყვეტილების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში სალოცავად დღეს მოქალაქეები არ მივიდნენ. საღამოს ლოცვებს დაესწრო ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. მან კიდევ ერთხელ განმარტა სინოდის გადაწყვეტილება, თქვა, რომ ინვენტარიზაცია და გადაბარების პროცესი ეტაპობრივად მოხდება და ამაში მეუფე პეტრეს დახმარების იმედი აქვს.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის თქმით, პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპირებდა, თუმცა, მაშინ სინოდის წევრების თხოვნა გაითვალისწინა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დატოვა. მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ ჩასული იყო მეუფე პეტრესთან და პატრიარქთან შერიგება სთხოვა, თუმცა, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ის თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

“გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს, იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, რომ თუ შეიძლება რომ ახლა მივცეთო, გაფრთხილება, ერთი, ორი, სამი… გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა. ეს კიდევ მიიღო ერთი გაფრთხილება, უწმინდესის კურთხევით ჩამოვედი და ვუთხარი, რომ შეურიგდეს პატრიარქს, შეურიგდეს მღვდელმთავრებს. მეუფემ თქვა, – მე მივდივარ ბოლომდე.

კიდევ ვამბობ, ამ სინოდზე მეუფეები ადგნენ და უთხრეს, – მეუფევ არ გინდა, რატომ აკეთებ… ის მეუფეები, რომლებმაც სთხოვეს პატრიარქს 2017 წელს, ახლა სთხოვეს მეუფე პეტრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად… მივიღეთ შედეგი ეს…” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

თეოლოგი ლადო ნარსია კი „რეზონანსთან” ამბობს, რომ მეუფე პეტრემ გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე უნდა გაასაჩივროს. მისი აზრით, კარგი იქნება სინოდის კიდევ ერთი სხდომა თუ დაინიშნება. ნარსიას აზრით, აუცილებელია, რომ მეუფეს ბრალდება ასე ჰაერში გამოკიდებული არ იყოს და მას ბრალდების დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს. ხოლო, თუ წმინდა სინოდის სხდომა არ დაინიშნა და არ მოხდა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ განხილვა, მაშინ მეუფეს ერთი გზა დარჩა, რომ მან მსოფლიო საპატრიარქოს მიმართოს.

„რა თქმა უნდა, რომ სინოდის სხდომაზე მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არასამართლიანი და ნაჩქარევია. რაც შეეხება იმ სასჯელს, რაც მას დააკისრეს, აუცილებელია, რომ პირდაპირ წმინდა ეკლესიური ტერმინოლოგიით გაიშიფროს. აქ საუბარი განკვეთაზე არ არის. ვინაიდან მეუფე პეტრემ და სხვა ეპისკოპოსებმაც თქვეს, რომ აქ საუბარი განყენებაზეა, ეს იმას გულისხმობს, რომ მეუფე პეტრეს დროებით სამღვდელმთავრო ფუნქციები შეუჩერდა.

“ის ეპისკოპოსისი და მიტროპოლიტის პატივში ისევ რჩება, მაგრამ მას უფლება ეზღუდება, რათა გარკვეული ტიპის სამღვდელმთავრო ფუნქციები განახორციელოს. მის განსაკვეთად კიდევ ერთი ახალი სინოდის სხდომა უნდა დაინიშნოს. მისი განკვეთა კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეუფე წარდგენილ ბრალს პატრიარქის მიმართ ვერ დაამტკიცებს.

“თუ ის თავის ნათქვამს არგუმენტებით და მტკიცებულებებით დაადასტურებს, მაშინ სინოდმა მას მღვდელმთავრის შეჩერებული სტატუსი უნდა დაუბრუნოს. თუ კი ნამდვილად არსებობს ფაქტები, რომელიც მეუფეს გააჩნია, მაშინ ეს სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს”, – ამბობს ნარსია.

მისივე თქმით, მეუფე იაკობთან დაკავშირებული განცახდება და სინოდის ქმედება, არის არა ეკლესიაში არსებული წესების დაცვა, არამედ კერძო წარმოდგენა, რაღაც კლუბურ მართვაზე. მათ მიაჩნიათ, რომ მათი გამოგონილი წესებით ეკლესიის მართვა შეიძლება. ხოლო თეოლოგის აზრით, ასეთი რამ საეკლესიო წესებით გაუგონარია. ამ ტიპის დანაშაული, რაზეც მეუფე იაკობმა ისაუბრა, რომ პატრიარქის გადაყენებას ცდილობდნენ ქვეყნის პრემიერი და მინისტრები, ერთი-ერთში მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოუდგენელია.

რეზონანსი

დაწერე კომენტარი