“ეს ცეცხლზე ნავთს ასხამს”- რა მოხდება პანკისში

პანკისის სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების მიმართ ბრალდებები ძალიან ბევრია როგორც ოჯახისა და ხეობის მცხოვრებლების, ისე ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილის მხრიდან.

ხელნაკეთი ქალის ჩანთა

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ხეობის მცხოვრებლები იმ სპეცრაზმელის დასახელებას და დასჯას ითხოვენ, რომელმაც 19 წლის ახალგაზრდას საკუთარ საწოლში ესროლა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაში კითხვები ჩნდება და ობიექტური გამოძიების დიდი იმედიც არ აქვთ.

ამ ბრალდებებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხია, რომ თემის პოლიტიზებითა და აქცენტების არასწორი დასმით “ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეების უსაფრთხოებასაც”.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ დაკრძალეს. დაღუპულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს სთხოვს, გაასამართლოს ის სპეცრაზმელი, რომელმაც მის შვილს ესროლა.

“ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო… ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას. თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის ხეობის მკვიდრი ნათელა ფარეულიძე ამბობს, რომ ხეობაში ყველა ითხოვს, დამნაშავე დაისაჯოს.

“დაკრძალვაზე ვიყავი მეც. ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა არაფრის გამო. ხეობაში გამოძიებას თითქოს არც ენდობიან, ჩვენ სხვა ეროვნებისა ვართ და ამიტომ იქნებ სხვანაირად წარმართონ გამოძიება, თავიანთი თავის გამართლების მიზნით ჩაატარონ ეს გამოძიება?!

“ღმერთმა ქნას, კანონიერად ჩატარდეს ყველაფერი. ამ ბავშვს და დაკავებულ ბიჭებს რომ ტერორისტებთან შეხება არ ჰქონდათ, ეს აქ ყველამ ვიცით. ეს სპეცოპერაცია ტყუილად იყო დაგეგმილი. ტელეფონის ყიდვაა ფაქტი, ან სასიკვდილოდ ხომ არ უნდა გაემეტებინათ ბავშვი?! მამა ითხოვს, რომ სპეცრაზმელი დაისაჯოს, მაგრამ იქნება კი ასე?! რა მოჰყვება ამას, ვერაფერს ვერ ვიტყვი,” – ამბობს ნათელა ფარეულიძე.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, აქცენტი კი უმეტესად იმაზე კეთდება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეკულაციები არ შეიძლება.

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, “სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე”, ხოლო მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს იტყვის.

“ზოგადად, მგონია, ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს”, – განაცხადა სუბარმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, აღნიშნულ თემას, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვას, დაინტერესებული პირები პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ – “შეფარვით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და დაღუპულია სპეცრაზმელი”.

“გამოძიება მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალ დღეზე, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი”, – ამბობს სესიაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სოზარ სუბარის განცხადება, რომ ოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა, ისედაც მწვავე სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, რადგან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც ის, რომ რა საჭირო იყო ღამით სპეცოპერაციის დაგეგმვა, როდესაც შეეძლოთ, ეჭვმიტანილები ადგილობრივ პოლიციაში დაკითხვაზე დაებარებინათ და ისე დაეპატიმრებინათ. სუბარი არაპროფესიონალი დილეტანტია და მას არ აქვს უფლება, სპეცოპერაციაზე ილაპარაკოს. ამით ცეცხლზე ნავთს ასხამს.

“ჩვენ უსაფრთხოების ჩიხში შევედით. სპეცრაზმელის დანაშაულზე საუბარი რთულია, რადგან ის ბრძანებას ასრულებდა და იმ პირობებში მოქმედებდა, რაც ხელმძღვანელობამ დაისახა. როგორც ჩანს, ინსტრუქცია იყო, რომ იქ საშიში ტერორისტები იყვნენ.

“ჩვენ გვქონდა ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ჩატაევთან და მის თანამებრძოლებთან ბრძოლაში სპეცრაზმელი გმირულად დაიღუპა და ასეთ რთულ ფსიქოლოგიურ ფონზე, შესაძლოა, სპეცრაზმელს უნებლიე შეცდომა მოუვიდა, რაც ეს მისი ბრალი არ არის.

“აქ მთავარი მომენტია, ვინ გასცა ასეთი ძალისმიერი ოპერაციის ჩატარების ბრძანება, რა აუცილებლობა იყო, ასეთი ტიპის ოპერაცია ჩატარებულიყო, როდესაც პანკისის ხეობა ისედაც გარკვეულწილად საფრთხილოა. ბრძანების გამცემს უნდა მოეთხოვოს პასუხი.

“რთულია, მაგრამ ოპტიმალური გამოსავალი ძალოვნების მხრიდან სწორედ შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა და იმ პირების დასჯა იქნება, ვინც ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ. ის, რომ მაჩალიკაშვილს არ წაუყენეს ტერორიზმთან კავშირში ბრალი, კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ვერსიას, რომ იგი უდანაშაულო იყო,” – ამბობს მაისაია.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ მთელი არასახელისუფლებო პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობოების, მედიასაშუალებების მხრიდან ძალიან სახიფათოდ ხდება ამ თემის გამწვავება, რაც ყოვლად მიუღებელია.

“ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ასეთ საკითხებს სახელმწიფოებრივად მივუდგეთ. არ ვიცი, მიზანმიმართულად ხდება თუ უნებლიეთ, მაგრამ უდავოა, რომ გარე ძალების საკეთილდღეოდ ოჯახის წაქეზება და თემით სპეკულირება მიმდინარეობს. ხდება ცალმხრივად გამართლება გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის. ამ ახალგაზრდის უპირობოდ უდანაშაულოდ ან დამნაშავედ გამოცხადება არ შეიძლებოდა, რაც ხდებოდა ამ 2 კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ცნობილი პირის მხრიდან. ანალოგიურად, არ შეიძლებოდა სპეცრაზმელის დადანაშაულება ან მისი უდანაშაულოდ ცნობა.

“არ შეიძლება ყველა თემის პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენება. ოჯახის მესმის და ამ დროს ასეთი წაქეზება, პირველ რიგში, სახელმწიფოს საწინააღმდეგოა და ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ამ დროს ოჯახის ტრაგედია ვინმეს ადარდებს. თუ ვინმეს ოჯახის ტრაგედია ადარდებს, ის ამ დროს პაუზას იღებს,” – ამბობს სალუქვაძე.

ის ამბობს, რომ სპეცოპერაციასთან და გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდეს”. მისი თქმით, კითხვების დასმის ფორმა და დრო არსებობს და არ შეიძლება კითხვები წაქეზებით დასვა, მით უმეტეს, როცა თემა პანკისს ეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან განცხადებებიც გვახსოვს, როდესაც გრიგორი კარასინმა რუსეთიდან ვიზების გაუქმების საწინააღმდეგოდ თქვა, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის კერაა.

“ადამიანებს, რომლებიც გულანთებულები ლაპარაკობენ, წარმოდგენაც არ აქვთ პანკისის ხეობაზე, რა პროცესები მიდის მთელი 16-17 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად შეგნებულად შემოდენეს ჩეჩნური მოსახლეობა ხეობაში.

“სპეციალურად მოაწვნენ ჩეჩნებს საქართველოს საზღვრისკენ. ეს იყო შეგნებულად შექმნილი თემა საქართველოს ტერიტორიაზე, რათა შემდგომ მუდმივად ესარგებლათ ამ თემით და საქართველოს ტერიტორიაზე გაერთულებინათ ვითარება.

“უახლოესი ისტორიიდან გაკვეთილებს ვერ ვსწავლობთ. ეს მუქარაც აქედან გამომდინარეა. ყველაფერი ოჯახისთვის უნდა მიგვენდო. ეს არ ნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურები არ უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს, არსებობენ ომბუდსმენი, პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები.

“ჯერ კიდევ არ არის გვიან და ოპტიმალური იქნება, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა პაუზა აიღონ, დუღილის ტემპერატურა დაწიონ. შევეცადოთ, ნორმალური გამოძიება ჩატარდეს და გამოძიების შედეგი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც დადგება,” – ამბობს სალუქვაძე.

“რეზონანსი”

იტვირთება…

პოპულარული

ჩერნობილი დღეს - როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი 32 წლის შემდეგ
სკანდალის შემდეგ, ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი ექიმის ქმედების განხილვას გეგმავს
სასტიკი მკვლელობა თურქეთში - სტამბოლში ნაწამები საქართველოს მოქალაქე იპოვეს
,,ყველა გადაცემა უნდა დავხურო..." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას
დაწერე კომენტარი