რაც ახლა წარმოადგინეთ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის – იოსელიანი ღარიბაშვილს

იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ლევან იოსელიანმა პრემიერმინისტორბის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, სამთავრობო პროგრამის შემდეგ უთხრა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო სადღეგრძელო და არა პროგრამა.

“ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიშით ამ სიტყვაზე, მაგრამ, ეს არის სადღეგრძელო. ეს პროგრამა არ არის. არაფერი არ წერია აქ. აქ ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა”, — ასე მიმართა იოსელიანმა ღარიბაშვილს.

იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ წინა სამთავრობო პროგრამების შედარებით მან დაასკვნა, რომ ისინი თითქმის იდენტურია.

“შევეცადე გადამეხედა სამთავრობო პროგრამებისთვის, რომელიც მთელი ეს პერიოდი არის წარმოდგენილი თქვენი მთავრობის მიერ, წინა მთავრობების მიერ. თქვენს მიერ წარმოდგენილს ჰქვია სამთავრობო პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მანამდე ერქვა თავისუფალი სწრაფვა, განვითარება კეთილდღეობა, გვაქვს კიდევ უსახელო პროგრამები 2019-2020 წლის. მოკლედ, ამ დოკუმენტებს რომ ვკითხულობდი, ერთი რამე აღმოვაჩინე — ძალიან ბევრი რამე უბრალოდ Copy/Paste არის გადმოტანილი”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დაწერე კომენტარი