რატომ იკლავენ თავს ქართველები სულ უფრო ხშირად

ფსიქიკურ ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბოლო 18 თვის განმავლობაში დაფიქსირებული სუიციდის და სუიციდის მცდელობის საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკა წარადგინა, ფსიქოლოგები ამ მძიმე ვითარებას ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურებას უკავშირებენ, რაც მათი თქმით, კაპიტალიზმის ნეგატიური შედეგია.

ომბუცმენის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით თვითმკვლელობის 207, ხოლო მცდელობის 219 ფაქტი.

“სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით.

“ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ, ძირითადად, ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ-ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

„ხშირად პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა ამ ნიადაგზე, მას ვერ გაეწევა დროული და სათანადო მკურნალობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უმკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ.”- განაცხადა ლომჯარიამ.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან” სუიციდის და სუიციდის მცდელობის საგანგაშო ციფრებს იმ ცხოვრებისეულ სიძნელეებს უკავშირებს, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება და რომლის შედეგადაც პიროვნება საკუთარი მნიშვნელობის განცდას კარგავს.

„თანამედროვეობა სამწუხაროდ ხასიათდება ვულგარიზებულობით, ვულგარიზებულობა კი მოიცავს თავის მახასიათებლებს და ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ადამიანის მნიშვნელობა დაკარგული და გაუფასურებულია.

“როცა ადამიანი საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს, ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევა, მისთვის ესაა როგორც გარესამყაროდან შემოსული მის მიმართ ნეგატიური იმპულსი და აგრესია, პრობლემა როდესაც საქმედ იქცევა, ის უკვე პრობლემა აღარაა, მაგრამ, იმისათვის, რომ ესა თუ ის პრობლემა და საკითხი საქმედ გადაიქცეს, ადამიანს საკუთარი თავის მნიშნელობის განცდა უნდა ჰქონდეს.

„21-ე საუკუნემ ადამიანი გააუფასურა, როცა დიდი მოაზროვნეები კაპიტალიზმის ღირსებაზე მიუთითებდნენ და მის ძალიან ბევრ პოზიტიურ მხარეზე საუბრობდნენ, იქვე აღნიშნავდნენ იმ უზარმაზარ ხიფათს, რომელიც კაპიტალიზმის სისტემას თან ახლავს – ესაა ადამიანის გაუცხოვების თემა, ეს გაუცხოვება შემდეგ უკვე გაუფასურებაში გადადის და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი სულ ერთია, აღარაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს და ადამიანს სიცოცხლის საზრისიც ეკარგება.

„ისმის კითხვა, რომ ახალგაზრდებს ეს რატომ უნდა სჭირდეთ? მითუმეტეს ახალგაზრდობას თავისი ენერგია და უზარმაზარი პოზიტიური მხარეები ახლავს. 11-13 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი ოჯახის გარეთ გადის და სოციუმში დამკვიდრებას ცდილობს, ძირითადად ეს სასკოლო ცხოვრებაა, ბავშვების სასკოლო ცხოვრება კი არ არის ისეთი, რომ იქაც მათ თავიანთი თავის მნიშვნელობა განიცადონ, ჯერ სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, ადამიანს განცდა გაუჩნდება იმისი, რომ „არაფერი არ შემიძლია”, სახელმძღვანელოები აგებული არაა ეტაპობრივად რომ ავიდეს მარტივიდან რთულისაკენ, არამედ პირდაპირ ურთულესადაა მოცემული ყველაზე უმარტივესი საკითხის კი.

„მე მქონდა სასკოლო სახელმძღვანელოებთან შეხება, ჩემი შვილიშვილის გამო და ძალიან უმარტივესი საკითხიც კი ისე იყო გადმოცემული, რომ წავიკითხე, შევკრთი, ჩემს შვილიშვილს ძველი სასკოლო სახელმძღვანელოები გადმოვუღე და წავაკითხე და მან მითხრა, რომ ხომ შეიძლებოდა ჩვენთანაც ასე დაეწერათო.

„სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ საკუთარ ძალებში, რომ დარწმუნდე და რაღაცნაირად იგრძნო შენი მნიშვნელობა, თუნდაც იმით, რომ „მე შემიძლია ეს გავიგო”, ამასაც კი მოკლებულია მოზარდი, საკოლო განათლებამ იმდენი ცვლილებები განიცადა, ერთი ისეთი რეფორმა არ აღმოჩნდა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის მნიშვნელობას განაცდევინებდა.

„ოჯახების გავლენას რაც შეეხება, უმეტესწილად ოჯახები დანგრეულია, არასრულყოფილია, ან მამა არაა სახლში, ან დედაა წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან განქორწინებაა, ან ისეთი სიღრმისეული კონფლიქტებია, რომ დედა თავისთვისაა, მამა თავისთვის და თითქოს ბავშვისთის არავის არ სცალია – არც სატელევიზიო გადაცემებია ისეთი, რომ მოზარდისათვის შემეცნებითი მნიშვნელობის იყოს.

„ვფიქრობ, რომ ახლა საერთოდ თუ ტელევიზორს არ ჩართავენ და გადაცემებს არ ნახავენ, უფრო კარგი იქნება. ერთი გადაცემაც კი არ არის ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის მნიშვნელობას განაცდევინებს.

“როგორ შეიძლება ტელევიზიიდან იმ ხარისხის ბილწსიტყვაობა გესმოდეს, რაც ჩვენ გვესმის, სადაც ადამიანი აბსოლურად განადგურებულია, თითქოს აღარაფერი აღარ არსებობს. ეს ყველაფერი ადამიანისთვის შურაცხმყოფელი, ყველა ღირსების გამანადგურებელი და პატივის ამყრელია, თვითონ ხომ ასე დაკნინებულად წარმოადგენენ თავს, მაგრამ ამდენი მსმენელი, რომელიც სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს, რას უნდა გრძნობდეს.

„გარემო გარკვეულწილად გავლენას ახდენს არსებაზე და ამ გაღიზიანებულ სამყაროში ცხოვრობს ადამიანი ეპოქალურადაც ასეა, რომ დღეს ყველაზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფულია, ჯანმრთელობაც, განათლებაც, სოციალური სტატუსიც ამაზეა დამოკიდებული.

“ცხოვრებას უამრავი ლამაზი მხარეები აქვს , მაგრამ თუ მას დამალავ და მაგალითად ტელევიზიაში სიტყვაში არ გამოაჩენ და ადამიანს ვიზუალურად არ მიაწვდი, როდის იპოვის ის მას?”-განაცხადა ჩაჩუამ.

მისივე თქმით მდგომარეობის გამოსასწორებლად კანონების არსებობაა საჭირო, რომელიც გარკვეულწილად დაარეგულირებს იმ გარემოებას და პრობლემებს, რაც საზოგადოებაში არსებობს და რაც ხშირად უბიძგებს ადამიანს სუიციდისკენ.

„როდესაც ტრადიცია და კულტურული ჩვევები იკარგება და ძალა აღარ აქვს, მაშინ იქ უკვე კანონი ხდება მნიშვნელოვანი, ყველაფერს კულტურა უნდა არეგულირებდეს, მაგრამ თუ კულტურის ჩარჩოები უკვე გარღვეულია, მაშინ კანონი უნდა არსებობდეს და კანონშემოქმედებმა ამაზე უნდა იფიქრონ,სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ, არამედ რასაც ვიტყვი იმაზე უნდა მქონდეს პასუხისმგებლობა.

„ჩვენს ქვეყანაში კანონის არცნობაა, გასაგებია, რომ ტრადიციები და კულტურა ეპოქამ გარკვეულწილად თავზე გადაიმსხვრია, მაგრამ კანონი ხომ მაინც უნდა დაგრჩეს, როცა ეს ორი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მდგომარეობა იდეალურადაა, მაგრამ როცა ერთი არაა და კანონიც უგულებელყოფილია, მდგომარეობა რთულდება,

„ისევ კანონმა უნდა იმოქმედოს და კანონის სივრცეში უნდა გადაინაცვლოს საზოგადოებამ და პირველ რიგში მედიის საშუალებები უნდა დარეგულირდეს და არ უნდა იყოს სიტუაცია ისე წარმართული, რომ ისეთი აზრის ტირაჟირება ხდებოდეს, რომელიც ობიექტურობისაგან და საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სამართლიანობისაგან შორსაა” – განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

რეზონანსი

დაწერე კომენტარი