რატომ დაკარგა “ოცნებამ” “ნაცმოძრაობასთან” მორალური უპირატესობა – მმართველი პარტიის მთავარი შეცდომები

ძაბირაძე-ხუხაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღე დარჩა და სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ რა მთავარი შეცდომები დაუშვა, რამაც მეორე ტურამდე მიგვიყვანა. რამდენად გაანალიზდა ეს შეცდომები და რას ემსახურება “ოცნების” ახალი წინასაარჩევნო სტრატეგია.

რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება სარეკლამო ბანერებზე? კანდიდატმა არ გაამართლა და ტაქტიკა შეიცვალა – ასე პასუხობენ ამ კითხვას “მთელ კვირასთან” საუბრისას პოლიტოლოგები. მათი აზრით, ახალი ბილბორდებიდან აშკარად იკითხება, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა პორტრეტმა არ იმუშავა და ხმების მობილიზება “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ძალებით გადაწყვიტა.

ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლებამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვერ გაიაზრა – რამ გააბრაზა ქართველი ამომრჩეველი და რა შეცდომები დაუშვა წინასაარჩევნოდ. ასეთი გაბრაზება კი განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: სამართლიანობის აღდგენის პროცესის უკიდურესად გაჭიანურებამ, დაპირებების შეუსრულებლობამ, უმძიმესმა საკადრო პოლიტიკამ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “ნაციონალებთან” კოაბიტაციამ.

ამას მთლად სწორად ვერშერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი დაემატა. ასევე, წინასაარჩევნოდ მიღებული არასწორი რეფორმები და გადაწყვეტილებები. კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გამოჩენა, სხვადასხვა მტკივნეული რეგულაცია, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეები. ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილის რეალობას მოწყვეტილმა ინტერვიუებმა ხელისუფლება იმ შედეგამდე მიიყვანა, რაც დღეს გვაქვს.

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი “მთელ კვირასთან” აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ შეცდომების კასკადი დაუშვა, რასაც მეორე ტურისთვისაც აგრძელებს. მისი აზრით, კონკრეტულად რომელიმე შეცდომაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი და საბედისწერო შეცდომა, რაც ხელისუფლებამ დაუშვა, სახელმწიფოებრივად ყველაზე წამგებიანი იყო. მათი კამპანიიდან კი პოზიტიური დღის წესრიგი საერთოდ გამქრალია.

“ხელისუფლება მოსახლეობას იმას კი არ ეუბნება, რომ ისინი ყველაზე კარგები არიან და პოზიტიურ არჩევანს ჰპირდება, არა, პირიქით, ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ იქნებიან, არმაგედონია მოსალოდნელი. ეს ქართულ სინამდვილეში სიახლე არ არის, მაგრამ ახლა ძალიან ზღვარგადასული ფორმა მიიღო. ფაქტობრივად, საზოგადოება მასობრივ ისტერიულ მდგომარეობაში გადაჰყავთ და აქედან გამოსვლა ძალიან გაჭირდება. ეს ლატენტური ანტიმიშას გაღვიძების მცდელობაა და ამაში რაღაც ლოგიკა შეიძლება დავინახოთ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოებრივად დამაზიანებელია.

“სხვა ყველაფერი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მეორე ტურისთვის, ფაქტობრივად, ისტერიკაში არიან. ეს უცნაური ბანერები, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა – ყველაფერი ერთად ხელისუფლებისთვის დამაკნინებელია და მათ საქმეს აფუჭებს”, – აცხადებს ხუხაშვილი “მთელ კვირასთან”.

მისივე თქმით, პირველ ტურამდე დაშვებული შეცდომები არა თუ გამოსწორდა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა. ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რადგანაც მათთვის პირველი ტურის შედეგები იმდენად შოკისმომგვერლი იყო, რომ სრულ ისტერიკაში ჩავარდნენ. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ მმართველ გუნდს ამის გამო ლოგიკა სრულიად გათიშული აქვს და არცთუ ღირსეულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში მას ხეისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი, პრაქტიკულად, არ ახსოვს. “ოცნებას” ეგონა, რომ “ნაციონალებთან” ამ არჩევნებს მორალური უპირატესობით მოიგებდნენ, თუმცა ვერ მიხვდნენ, რომ ეს უპირატესობა, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ.

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი “მთელ კვირასთან” აცხადებს, რომ ყველა ის შეცდომა, რამაც არჩევნების ეს შედეგი მოიტანა, მათი გუნდის მიერ გაანალიზებულია. საზოგადოების გზავნილიც მათი მხრიდან სწორადაა აღქმული და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებაში გადის, საქართველოს მოსახლეობას ესაუბრება, რადგანაც ყველას მოთხოვნები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დაკმაყოფილდეს. მათიკაშვილს მიაჩნია, რომ მეორე ტურში მთელი ქვეყანა ისეთი არჩევანის წინაშე იქნება, როდესაც საზოგადოებამ საბოლოოდ უარი უნდა უთხრას წარსულში დაბრუნებას.

“ყველა ნიუანსი, რომელიც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილში უარყოფითად იქნა აღქმული. თუმცა, პირველი ტურის შედეგის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებამაც კარგად გაიაზრა, საქმე რასთან გვაქვს. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, და ამის აღიარება ჩვენ არ გვიჭირს, საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების მოყვარული ერია და ძალადობას ქვეყანაში უკან აღარ დააბრუნებს.

“ახლა შეხვედრები ახალქალაქში გვაქვს და ყველამ კარგად დავინახეთ, ჩვენს საზოგადოებას რა სურს. მათაც კარგად დაინახეს, რომ ხელისუფლების მხრიდან სრული მზაობაა, რათა წარმატებული განვითარება ყოველდღიური იყოს და არა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ამისთვის კი მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ქვეყანა უკან, წარსულში აღარ დაბრუნდება”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “მთელ კვირასთან” საუბარში აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა ხელისუფლების თვითდაჯერება იყო. მათ ეგონათ, მხოლოდ განცხადებაც კი იმის შესახებ, თუ ვის უჭერდნენ მხარს, საკმარისი იქნებოდა, რომ ამ კანდიდატს უპრობლემოდ პირველსავე ტურში გაემარჯვა.

ანალიტიკოსის აზრით, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი განცხადებებით საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მეორე ტურის დანიშვნაში. მისი ყველა გამოსვლა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი იყო, მის ყველა სიტყვას სათავისოდ იყენებდნენ. “ნაციონალებს” ბუზის სპილოდ გადაქცევა ყველაზე კარგად ეხერხებათ და ზურაბიშვილი მათ ამის საკმაოდ კარგ შანს აძლევდა.

“პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში “ოცნებამ” და თავად ზურაბიშვილმა შეცდომების მთელი კასკადი დაუშვეს. გამოვყოთ ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი შეცდომები: მმართველი გუნდი საკმაოდ თავდაჯერებული იყო და წინასაარჩევნოდ საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯები გადადგა.

“კანაფის კულტივაციის კანონპროექტი, ბევრი მტკივნეული რეგულაცია, სარალიძე-მაჩალიკაშვილის საქმეები, ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომზე, ასევე, ივანიშვილის ინტერვიუები, “ომეგა ჯგუფის” საქმე და ფარცხალაძე, რომელიც მან დაიცვა – მოკლედ, ყველაფერმა ამან საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია.

“რაც შეეხება მეორე ტურს, ხელისუფლება იძულებული გახდა, წინასაარჩევნო პერიოდში თავად ჩართულიყო და ოპოზიციის შავი პიარი დაიწყეს. ეს ტაქტიკა რამდენად გაამართლებს, ვერ გეტყვით. თუმცა დამერწმუნეთ, რომ მათ სხვა რაიმეს გაკეთების დრო ნამდვილად არ ჰქონდათ.

“პირველ ტურში “ოცნების” ამომრჩეველიც ინერტული იყო, არჩევნებზე მისვლით დიდად არ შეუწუხებიათ თავი. ახლა კი მგონია, რომ მათი მობილიზება უფრო მოხდება”, – აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ნეგატივი “ამოჭამა” და შიშველ დაპირებებზე გადავიდა. ამ მოკლე დროში კი “ოცნება” უკეთეს პიარკამპანიას ვერ წარმართავდა, თუმცა ბილბორდების ამ ფორმით გაკეთება არასწორია. ჯობდა, ბილბორდზე ივანიშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც ყოფილიყო.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი