“რას ქადაგებს ისლამი?”- ირაკლი ლომოური

ფრაგმენტი სამეცნიერო–პოპულარული

ნარკვევიდან „რას ქადაგებს სამი მსოფლიო  რელიგია?“

 

ისლამი („ალ-ისლამ“) არაბულად „ალაჰისადმი თავის მიცემას” ანუ „მორჩილებას” ნიშნავს. ეს გახლავთ მკაცრად მონოთეისტური (ერთღმერთიანი) რელიგია, რომელიც VII საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე მუჰამადმა შექმნა (აქედანაა ამ სწავლების მეორე სახელწოდება – მაჰმადიანობა).

ისლამის შესასწავლად არსებული წყაროებია ამ რელიგიის წმინდა წიგნი, ყურანი, და ჰადისები – გადმოცემა მოციქულ მუჰამადის სიტყვისა და საქციელის შესახებ.

მუჰამადის ცხოვრება

მუჰამადი (მუჰამმად იბნ აბდ ალლაჰ) იყო არაბი კურაიშის ტომიდან, ჰაშიმის გვარიდან. იგი ისტორიული, რეალურად არსებული პიროვნებაა.

არაბები წარმომავლობით სემიტური მოდგმის ხალხია, რომელიც არაბეთის  ნახევარკუნძულზე სახლობდა (და სახლობს), ძირითადად, უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში, და ასევე, ორ ქალაქში, მექასა და იასრიბში (შემდგომ – მედინა), სავაჭრო-საქარავნო გზების გადაკვეთაზე, მესოპოტამიიდან ეგვიპტეში, ინდოეთიდან მახლობელ აღმოსავლეთში რომ გადიოდა.

მეცნიერთა აზრით, ტერმინი „არაბ”, თავდაპირველად, კონკრეტულ ეთნიკურ შინაარსს არ ატარებდა. ის უდაბური, მშრალი, დაუმუშავებელი ტერიტორიებისა და მათი მაცხოვრებლების აღმნიშვნელი საზოგადო სახელი უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში, ეს სიტყვა ეთნონიმი გახდა -0 განსაკუთრებით, მეშვიდე საუკუნიდან, როდესაც მომთაბარე ბედუნებს ერთ ხალხად კონსოლიდაცია, ისლამურ სახელმწიფოში გაერეთიანება მოხდა.

გადმოცემით, მუჰამადი ბიბლიური წინასწარმეტყველის, აბრაამის ვაჟის, ისმაილის შთამომავალია 46-ე თაობაში. როგორც ცნობილია, ისმაილის დედა მხევალი, მონა-ქალი გახლდათ. არაბთა მამათავრად სწორედ ისმაილი მიიჩნევა. მასზე ბიბლიაში შემდეგი წინასწარმდეტყველება არსებობს:

„უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულად ხარ, და შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედნა უფალმა შენს ჩაგვრას. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი“ (დაბ. 16, 11-12[1])

მუჰამადი ქალაქ მექაში დაბადებულა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მიახლოებით, 570-573 წლებში, – ყველაზე მიღებული 570 წელია (იმ წელს ბედუინებმა „სპილოს წელს” უწოდეს, რადგან საბრძოლო სპილო იხილეს, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა – სპილო იემენის გამგებელს ჰყავდა, მექაზე წარუმატებელი ლაშქრობისას).

მუჰამადის მამა, აბდ ალაჰი, ხელმოკლე ვაჭარი ყოფილა – ვაჟიშვილის ვერ მოესწრო, მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ხუთ წლამდე მუჰამადი უდაბოში იყო გაძიძავებული, ბედუინის ოჯახში იზრდებოდა, რადგან მექაში ცუდი ჰავაა და ჩვილ ბავშვებს, როგორც წესი, აძიძავებდნენ. ექვსი წლის მუჰამადს დედა, ამინა, გარდაეცვალა. ობლის აღზრდა პაპამ, აბდ ალ-მუტალიბმა იკისრა, მაგრამ ისიც მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში, გარდაიცვალა. ბიჭი წაიყვანა ბიძამ – აბუ ტალიბმა, რომელიც გვარის უფროსი გახლდათ.

ჰაშიმის გვარი ძველი და ცნობილი იყო, თუმც კი, გაღარიბებული. კურაიშის ტომი, რომელსაც მუჰამადის გვარი ეკუთვნოდა, ქააბას, წარმართი არაბების მთავარი სალოცავის მცველი გახლდათ (ქააბას შესახებ დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ, აქ მხოლოდ შევნიშნავთ, რომ არაბები წარმართები იყვნენ, მრავალ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, მათ შორის იყო ალ-ლაჰი, რომელიც დიდ ღვთაებად მიიჩნეოდა, თუმცა არც ერთადერთი გახლდათ და არც სწორუპოვარი. ალ-ლაჰის გარდა, კიდევ განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ სამ ქალღვთაებას, რომლებსაც ღმერთის ასულებს უწოდებდნენ. ესენი იყვნენ ალ-ლათი (მზის ღვთაება), ალ-მანათი (ბედისწერი ღვთაება) და ალ-უზა (სირიუსის ღვთაება).

გადმოცემით, პატარა მუჰამადი გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა – უახლოესი ადამიანების სიკვდილმა მის ხასიათს მძიმე დაღი დაასვა, მარტოსულობის განცდა და რელიგიური გრძნობები გაუმძაფრა. მუჰამადი ბავშვობაში თხასა და ცხვარს მწყემსავდა _ განათლება არ მიუღია, სიცოცხლის ბოლომდე წერა-კითხვის უცოდინარი დარჩა. ბედუინისათვის ასეთი საქმიანობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, მწყემსად მხოლოდ უკიურესად ღარიბები და ობლები მიდიოდნენ.

9 წლის (მეორე ვერსიით, 12 წლის) მუჰამადი ბიძამისმა სავაჭრო ქარავანთან ერთად სირიაში წაიყვანა. გადმოცემით, ქალაქ ბასრაში ბიჭი შეხვდა ქრისტიან ბერს, ბაჰირას (ზოგიერთ არაბულ წყაროში მას ნასტური (ნესტორი) ანდა სარჯი (სერგიუსი) ჰქვია– ქრისტიანი ავტორების აზრით, იგი ერეტიკოსი, ნესტორიანი ანდა იაკობიტი უნდა ყოფილიყო), რომელმაც მზის, ღრუბლებისა და ხის რტოების განლაგების მიხეედვით მუჰამადში მომავალი წინასწარმეტყველი ამოიცნო. ბაჰირამ ურჩია აბუ-ტალიბს ბიჭი  დამასკოში არ წაეყვანა, სადაც ებრაელებს (სხვა ვერსიით, ბერძნებს) შეიძლება მოეკლათ.

24 წლის ასაკში მუჰამადი თავისი შორეული ნათესავის, მდიდარი ქვრივის, ორჯერ განათხოვარი ხადიჯა ბინ ხუვალაიდის სამსახურში ჩადგა – სავაჭრო საქმეებში ეხმარებოდა – ქარავანი სირიაში წაიყვანა, სარფიანად ივაჭრა და ორმაგი მოგება მოუტანა. 25 წლის მუჰამადმა 40 წლის ხადიჯა ცოლად შეირთო. შემდგომი 25 წლის განმავლოვაში ისინი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ – სანამ ხადიჯა ცოცხალი იყო, მუჰამადს სხვა ცოლი არ მიუყვანია (მიუხედავად დამკვიდრებული ჩვეულებისა). მათ ორი ვაჟი (კასიმი და აბდ ალაჰი) და ოთხი ქალიშვილი (ზაინაბი, რუქაია, უმ კულსუმი და ფატიმა) შეეძინათ – ვაჟები მცირეწლოვანები დაეხოცათ. მუჰამადის ასევე ჰყავდა ორი შვილობილი. ერთ-ერთმა მათგანმა, ალიმ, აბუ ტალიბის ვაჟმა (ანუ მუჰამადის ბიძაშვილმა), ცოლად შეირთო მისი უმცროსი ქალიშვილი ფატიმა. მათი შთამომავლობა გახდა სწორედ მუჰამადის გვარის გამგრძელებელი.

ქორწინებამ მუჰამადის მატერიალური მდგომარეობა არსებითად გააუმჯობესა, იგი შეძლებული კაცი გახდა, თავისუფალი დროც გაუჩნდა და რელიგიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუძლიერდა. გადმოცემით, მას უყვარდა იუდეველებთან და ქრისტიანებთან რელიგიურ საკითხებზე საუბარი – სწორედ ასე შეიქმნა ზოგადი წარმოდგენა მათ სარწმუნოებაზე. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად მუჰამადს იუდიზმსა და ქრისტიანობას შორის განსხვავება ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდა, მისთვის მთავარი იყო ამ რელიგიების მონოთეიზმი. და კიდევ ის, რომ მათი მიმდევრები ზეშთაგონებას ღვთისგან მოციქულთა მეშვეობით იღებდნენ.

მუჰამადი მეტად მგრძნობიარე, მეოცნებე, მელანქოლიური, თუმც კი, თანაც, ფიცხი ადამიანი იყო. როგორც ცნობილია, მას ახასიათებდა პერიოდული შეტევები, რაც ვლინდებოდა ფერის დაკარგვაში, შემცივნებასა და ცახცახში (გერმანელი მეცნიერის, შპრენგერის აზრით, ეს მუსკულური ისტერიის სიმპტომებს მიაგავს).

რელიგიურ ძიებებს მუჰამადი განსაკუთრებით 40 წლის ასაკში მიეცა. მექის მახლობლად მთებში ხშირად განმარტოვდებოდა, მათ შორის, ჰირას მთის გამოქვაბულში – იქ მას ჰქონდა ხილვები, ესმოდა გაუგებარი ხმები…

ერთხელ გამოქვაბულში მყოფ მუჰამადს სიზმარში გამოეცხადა ვიღაც უცნობი, რომელსაც ხელში გრძელ, ძვირფას ნაჭერში გახვეული წიგნი (თუ გრაგნილი) ეჭირა. უცნობმა უბრძანა: „წაიკითხე!” მუჰამადმა უარი უთხრა, რადგან წერა-კითხვა არ იცოდა. მაშინ უცნობმა დახრჩობა დაუწყო, მერე გაჩერდა და ისევ უბრძანა: „წაიკითხე!” მუჰამადმა კვლავ იუარა. კაცმა ისევ დაუწყო დახრჩობა, თუმცა მალევე გაჩერდა და მესამედ უბრძანა: „წაიკითხე!” მუჰამადს შეეშინდა, ისევ დახრჩობას დამიწყებსო, და ჰკითხა: „რა წავიკითხო?” მაშინ უცნობმა უკარნახა, რა უნდა წაეკითხა, მუჰამადმა გაიმეორა:

„წაიკითხე შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა. შექმნა ადამიანი ლეკერტისაგან[2]. წაიკითხე და უფალი შენი უკურთხეველესია, რომელმაც ასწავლა კალმით (წერა), ასწავლა ადამიანს ის, რაც არ უწყოდა“ (96:1-5)[3]

ტრადიციული გადმოცემით, ეს უცნობი, ჯაბრაილი (ანუ მთავარანგელოზი გაბრიელი) გახლდათ, რომელმაც მუჰამედს ალაჰის სიტყვა გადასცა. ყურანში უცნობი იხსენიება, როგორც „სანდო“, „დიდი ძალის მქონე“, „სიწმინდის სული“.

ჯაბრაილის პირველი გამოცხადება მოხდა 27 რამადანს, მეცნიერთა ვარაუდით, 610 წელს.

ამ შემთხვევის მერე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მუჰამადს ხილვები თუ გამოცხადებები აღარ ჰქონია. იგი, ბუნებრივია, ელოდა, რომ ღვთის მაცნე კვლავაც გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ. მუჰამადი მარტოდმარტო დაეხეტებოდა უდაბურ ადგილებში, პირქუშ კლდეებსა და ხევ-ხუვებში. ესმოდა რაღაც ხმები, სტანჯავდა ჰალიცინაციები, თავს უკვე „მაჯნუნად“ (ჯინებით, ბოროტი სულებით შეპყრობილ

ადამიანად) მიიჩნევდა. შინაგანი შფოთი და ღელვა ისე გაუძლიერდა, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი, საბირას ანდა ჰირას მთიდან უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. მხოლოდ ახალ ხილვას შეეძლო მისი დამშვიდება, და მართლაც,

ასეც მოხდა.

ერთხელ, როდესაც მუჰამედი შინ იმყოფებოდა, იმ უცნობის ხმა გაიგონა, შეამცივნა, მიწაზე დავარდა, ავდმყოფური შეტევის მოახლოება იგრძნო, ოჯახის წევრებს გასძახა: „შემახვიეთ! შემახვიეთ!”. ასეც მოიქცნენ, ჩაათბუნეს. მუჰამადი წამოწვა და შემოესმა:
„ო, წამოსასხამში გახვეულო, წამოდექ და შეაგონე, უფალი შენი განადიდე, ტანსაცმელი გაიწმინდე, მწვირე მოაცილე, ნუ ჰბოძებ, რომ უფრო მეტი მოიხვეჭო. შენი უფლის გულისათვის მოითმინე“ (74:1-8)

ამ შემთხვევის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, ხილვები ერთმანეთს ზედიზედ მიჰყვა. მუჰამადმა თავდაპირველად ვერ გაარკვია, ვინ ეცხადებოდა, ბოროტი თუ კეთილი სული – ანუ თავისი ზმანებების ჭეშმარიტებაში დარწმუნებული არ გახლდათ. გადმოცემის თანახმად, ეჭვები ცოლმა, ხადიჯამ გაუფანტა, უთხრა: თუკი ის ვიღაც სატანაა, აუცილებლად ავხორცი იქნება. მოდი, გამოცდა მოვუწყოთ; დაჯექი ჩემს წინ, მე შენს ზურგს უკან ვიქნები. როდესაც ჯაბრაილი გამოჩნდება, მითხარი. ჯაბრაილი გამოჩნდა. ხადიჯამ გადასაფარებელი გადაიძრო, თურმე არაფერი ეცვა, შიშველი ყოფილა. მუჰამადს ჰკითხა, ჯაბრაილს ხედავ თუ არაო, მან მიუგო, არა, გაუჩინარდაო. აი, – უთხრა ხადიჯამ, – ეს ღვთის ანგელოსია. ანგელოსი რომ არ ყოფილიყო, ხომ ეგრევე დამაცხრებოდა.

ასევე, ხადიჯას ბიძაშვილმა, ვარაკა ბინ ნავფალმა, ვინც იცნობდა ბიბლიურ გადმოცემას, დაარწმუნა მუჰამადი, რომ მას იგივე შეემთხვა, რაც მოსეს, როდესაც მაყვლოვანიდან ღმერთი ელაპარაკებოდა.

შედეგად, მუჰამადმა ირწმუნა თავისი მისია, გადაწყვიტა აღესრულებინა ალაჰის მოთხოვნა, გასულიყო ხალხში და გამოეცხადებინა ალაჰის სიტყვა – ყურანი, ანუ დაეწყო ქადაგება.

თავიდან მის ქადაგებას დიდი წარმატება არ მოჰყოლია, ახალი სწავლება მხოლოდ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე უახლოესმა ადამიანმა ირწმუნა – მათი რაიდენობა, პირველ ხანებში, 30-ს არ აღემატებოდა. მექელებმა მუჰამადის მიმდევართა შევიწროება დაიწყეს, მათPersianorcentralAsianillustrationsh სცემდნენ, დასცინოდნენ, შეკრების საშუალებას არ აძლევდნენ. მუჰამადი კურაიშის გვარის მეთაურის, აბუ ტალიბის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა (თუმცა მას ისლამი არ მიუღია), სხვებს კი მსგავსი მფარველობა არ გააჩნდათ და ამიტომ, 615 წელს, მუსლიმების ერთი ჯგუფი გადასახლდა ეთიოპიაში, რომლის ქრისტიანმა მეფემ მათ მიღებაზე თანხმობა განაცხადა. მუჰამადი მექაში დარჩა, ქადაგებას განაგრძობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისიც იძულებული გახდა მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა, რადგან გვარის მეთაურის მფარველობა მოაკლდა, 619 წელს  აბუ ტალიბი გარდაიცვალა (ასევე – ხადიჯაც). ჰაშიმის გვარის ახალი მეთური, აბუ ლაჰაბი მუჰამადოს მიმართ მტრულადიყო განწყობილი. 622 წელს მუჰამადი ოჯახის წევრებთან და რამდენიმე მიმდევართან ერთად იასრიბში გადავიდა – ამ მოვლენას ჰიჯრა[4]

იასრიბის ოაზისში მობინადრე ავსისა და ხაზრაჯის ტომებმა ისლამი მიიღეს და მუჰამადი თემის წინამძღოლად აღიარეს. იასრიბს მოგვიანებით ეწოდა მადინათ ან-ნაბი (მოციქულის ქალაქი – მადინა ანუ მედინა).

მუჰამადი აღმოჩნდა მეთაური თემისა, რომელშიც მუსლიმების გარდა შედიოდნენ წარმართებიც, ქრისტიანებიც და იუდევლებიც.  თავიდან ჰქონდა იმედი, რომ იუდევლები და ქრისტიანები მას წინასწარმეტყველად აღიარებდნენ, რადგან ერთღმერთიანობას ქადაგებდა. მუჰამადმა ლოცვის მიმართულებად (არაბ. კიბლა), იერუსალიმი აირჩია და გამოაცხადა პრინციპი, „არანაირი იძულება სარწმუნიებაში” (2:257), რაც გულისხმობდა შემდეგს: მედინაში ყველას თავისუფლად შეეძლო საკუთარი რწმენა ჰქონოდა, მაგრამ მას მერე, რაც იუდევლებმა იგი არ აღიარეს წინასწარმეტყველად (პირიქით, დასცინოდნენ, და მის მტრებს, მექელებს დაუკავშირდნენ), მუჰამადმა იუდეველებს ბრძოლა გამოუცხადა, ნაწილი დახოცა, დანარჩენები კი ოაზისიდან გააძევა.

მუჰამადს არც ქრისტიანებმა გაუმართლეს იმედები. ყურანში არის სურა, რომელიც აცხადებს, მუსლიმთა მიმართ ყველაზე დიდი სიძულვილი მრავალღმერთიანებსა და იუდეველებს აქვთ, ყველაზე დიდი სიყვარული კი, ქრისტიანებსო (ნასარა), თუმცა არც ქრისტიანებმა ცნეს იგი წინასწარმეტყველად და მუჰამადმა მათთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტა, თავის მომხრეებს მოუწოდა ებრძოლონ “წმინდა წერილის ხალხებს” (ანუ

ვისთვისაც ბიბლია წმინდა წიგნია) – ქრისტიანებსა და იუდეველებს მანამ, სანამ არ დამორჩილდებიან და დამცირების ნიშნად გამოსასყიდს არ გადაიხდიან (ამის შესახებ იხ. ქვემოთ, ქვეთავში „ჯიჰადი“).

კიბლად მუჰამადმა აირჩია ქააბა მექაში და დაიწყო სამხედრო იპერაციები მექელების წინააღმდეგ, მათ სავაჭრო ქარავანებს თავს ესხმოდა – მექელთა ეკონომიკის დასუსტება სურდა, საბოლოო მიზანს კი ქალაქისა და ოაზისის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.

მექელებთან რამდენიმე ბრძოლა გაიმართა. პირველში მუსლიმებმა გაიმარჯვეს, მეორეში კი დამარცხდნენ, თვით მუჰამედი დაიჭრა.

საბოლოოდ, მუჰამადმა ბრძოლითა და მოლაპარაკებით დასახულ მიზანს მიაღწია, მექელებმა და არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა არაბულმა ტომებმა (მცირე გამონაკლისის გარდა) მიიღეს ისლამი და მოციქულს დაემორჩილნენ. 631-632 წლისთვის მუჰამადი პრაქტიკულად მთელ არაბეთს აკონტრილებდა, გეგმავდა სამხედრო ექსპედიციას ჩრდილოეთში, სირიაში, ისლამის გასავრცელებლად, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. ეს მოხდა მედინაში 632 წელს. მუჰამადი იმ დროს 63 წლისა იყო.

მუჰამადი მედინაში დაკრძალეს. მისი საფლავი მუსლიმებისათვის, ქააბას შემდეგ, მნიშვნელობით მეორე სიწმინდეს წარმოადეგნს.

მუჰამადი მხურვალე მქადაგებელი, უნარიანი პოლიტიკოსი, მარჯვე ადმინისტრატორი და ნიჭიერი მხედართმთავარი იყო (სიცოცხლის განმავლობაში მან 30-მდე ბრძოლა გადაიხადა, _ უმეტესობა მისი გამარჯვებით დასრულდა).

როგორც აღვნიშნეთ, მუჰამადი მუსლიმებისთვის მოციქულის, ადამიანის, მამაკაცის იდეალსა და ეტალონს წარმოადგენს. ყურანში ვკითხულობთ:

image_preview„და იყო თქვენთვის ალაჰის მოციქულში კარგი მაგალითი _ იმისათვის, ვინც სასოებდა ალაჰსა და დღეს უკანასკნელს და ახსენებდა ალაჰს მრავალჯერ“ (33:21)

ყურანის მიხედვით, ალაჰმა მუჰამადი მისი პიროვნული თვისებების გამო გამოარჩია, რათა წინასწარმეტყველად გამოეგზავნა. ყურანში მუჰამადი თავის თავზე ამბობს:

„უთხარი: მე მხოლოდ კაცი ვარ, თქვენი მსგავსი და ზეშთამეგონა ამგვარად თქვენი ღმერთი ღმერთია ერთადერთი“ (18:110)

ამდენად, მუჰამადი კაცია, რომელსაც ალაჰმა დაავალა იყოს მოციქული და წინასწარმეტყველი _ ანუ იგია ალაჰის მსახური, წარგზავნილი, მქადაგებელი. მუსლიმიური ტრადიციით, მუჰამადი სანიმუშო ადამიანია, მაგრამ ოდენ ადამიანი. ხოლო ადამიანი შეიძლება შევცდეს, შეიძლება გამოიჩინოს ადამიანური სისუსტე.

ასე მაგალითად, ატ-ტაბარის „მუჰამადის ბიოგრაფიაში“ შემონახულია ცნობა, რომ მექელებთან შერიგების ერთ-ერთი მცდელობისას, მუჰამადი დათანხმდა მათ წინადადებას, ეცნო მექელთა ზემოხსენებული სამი მთავარი ღვთაება, ანუ სამი კერპი, სანაცვლოდ კი მექელები მას დაპირდნენ, რომ ალაჰის მოციქულად აღიარებდნენ. მუჰამადი მექელთა საკრებულოს წინაშე წარსდგა და განაცხადა:

„ხომ ხედავთ ალ-ლათს, ალ-უზასა და ალ-მანათს –

ესენია კურთხეული ალ-ღარანიკი[5] ,

რომელთა დაცვაც შეიძლება მოიიმედო“

როდესაც მუჰამადმა ქადაგება დაასრულა, წარმოთქვა: „წარსდექით წინაშე ალაჰისა და მას თაყვანი ეცით“. მართლაც, ვინც იქ იყო, ყველამ მუხლი მოიყარა და შუბლით მიწას შეეხო. ანუ მუჰამადმა გაიმარჯვა, მისმა ფანდმა გაჭრა, მექელებმა იგი ალაჰის მოციქულად აღიარეს, თუმცა ამით მან თავის უპირველეს მცნებას უღალატა, ანუ სისუსტე გამოიჩინა.

გადმოცემით მას წამსვე გამოეცხადა ანგელოსი ჯაბრაილი და გაკიცხა. მეორე დღეს

მუჰამადმა თავისი სიტყვა უკან წაიღო. მექელებთან შერიგება იმხანად ჩაიშალა.

გადმოცემით, ამქვეყნად მუჰამადს ყველაზე უფრო სამი რამ უყვარდა – ლოცვა, კეთილსურნელება (უამურ სუნს ვერ იტანდა) და ქალები.

სანამ ხადიჯა ცოცხალი იყო, სხვა ცოლი არ მოუყვანია, თუმცა მისი გარდაცველების შემდეგ სურათი შეიცვალა. საერთო ჯამში, მუჰამადს 14 მთავარი ცოლი ჰყავდა (ხადიჯა,

სავდა, აიშა, ზაინაბ ბინ ხუზაიმა, ჰაფსა, უმ სალამა, ჯუვაირია, ზაინაბ ბინ ჯაჰი, რაიჰანა-ებრაელი, უმ ჰაბიბა, აბუ სუფიანის ქალიშვილი, საფია-ებრაელი, მაიმუნა, ფატიმა, ასმა-ქინდის ტომელი) _ მთვარი იმ გაგებით, რომ, მათ გარდა, იგი ცოტა ხნით სხეა ქალებსაც ირთავდა. ყურანში ვკითხულობთ:

„ო, წინასწარმეტყველო, ჩვენ ნებადართულ-ვყავით შენთვის მეუღლენი, რომელთათვისაც მიგიცია მათი სასყიდელი, ისინიც, რომლებიც მოუპოვებია შენს მარჯვენას იმისაგან, რაც ალაჰს შენთვის ალაფად მოუცია; ასევე ასულები შენი მამის ძმისა და ასულები შენი მამიდისა, ასულები შენი დედის ძმისა და ასულები შენი დეიდისა, რომლებიც შენთან ერთად ჰიჯრაში წამოვიდნენ; და ნებისმიერი მორწმუნე ქალი, თუკი საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უსაჩუქრებს, და თუკი წინასწარმეტყველიც მოისურვებს, მასზე დაქორწინდეს, საკუთრივ შენთვის, თვინიერ სხვა მორწმუნეთა“ (33:49)

 მუჰამადის სწავლება

მუჰამადის სწავლების არსი შემდეგში მდგომარეობს: არსებობს ერთადერთი, ერთიანი ღმერთი, ალაჰი, რომელიც მართავს სამყაროს, და რომელმაც ადამიანებს მოციქულად მუჰამადი გაუგზავნა:

„არ არს ღვთაება, გარდა ალაჰისა და მუჰამადი მოციქული ალაჰისა“ (ისლამის რწმენის სიმბოლო, შაჰადა).

„ალაჰს კი ეკუთვნის ზესთასოფელიც და წუთისოფელიც“ (53:25).

თუმცა სანამ ისლამის მიმოხილვას დავიწყებდეთ, რამდენიმე სიტყვა უშუალოდ ყურანის შესახებ უნდა ვთქვათ, რადგან სწორედ ის გახლავს წყარო, საიდანაც ვიგებთ ამ სწავლების შესახებ.

 ყურანის შესახებ

ყურანი, კურანი (ალ-კურ’ან) მუჰამადის მიერ გამოცხადებული და მოგვიანებით ჩაწერილი ქადაგებების, “ღვთაებრივი ზეშთაგონების” კრებულია. სიტყვა „ყურანი”, ტრადიციული განმარტებით, „ხმამაღლა, რეჩიტატივით კითხვას”, „დეკლამაციას” ნიშნავს[6]

მუჰამადის მიმდევართა რწმენით, ყურანი უშუალოდ ალაჰის სიტყვას წარმოადგენს – მისი თარგმნა სხვა ენაზე აკრძალულია.

ყურანში, ჩვეულებრივ, ლაპარაკობს ალაჰი, იშვიათად – ანგელოზები ანდა მუჰამადი. ყურანის წარმოდგენით, ზეცაში არსებობს ყურანის ორიგინალური ტექსტი, დედა წიგნისა (43:3-4), ფარული წიგნი (56:76-77), დაცული სჯულის ფიცარი (85:22). ამ „პირველწიგნის” ნაწყვეტები მუჰამადს (მანამდე კი სხვა წინასწარმეტყველებს) თანდათანობით გადაეცემოდაო შუამავალი ანგელოსის, სულის (26:193), წმინდა სულის (16:102/104), მთავარანგელოზ ჯაბრაილის მიერ (2:91). ეს უკანასკნელი, მუსლიმთა რწმენი, მუჰამადის წინაშე კითხულობდა ზეშთაგონებას, მუჰამადი მას იმეორებდა და ხალხს გადასცემდა – ანუ ახმოვანებდა. შემდეგ კი მუჰამადის ქადაგებას მისი მიმდევრები იწერდნენ.

ქადაგებების პირველი კრებული მუჰამადისge5us0tz8m8kom27khl4.статьяგარდაცვალების შემდეგ შეადგინეს – ხალიფა[7] ოსმანის დავალებით. ყურანის ოფიციალური, კანონიკური ტექსტი VII საუკუნის შუა წლებში მომზადდა.

ყურანში 114 თავი, ანუ „სურაა”. სურები დაწყობილია სიდიდის მიხედვით, თავიდან გრძელი სურებია, შემდეგ – მოკლე. გამონაკლისია გამხსნელი სურა (ფათიჰა), რომელსაც ლოცვის ფორმა აქვს, და 113 და 114 სურები, რომლებიც 112-ზე გრძელია მათში არის შელოცვა, რომელიც ადამიანებს უნდა იცავდეს ეშმაკის, ბოროტი სულების და ადამიანთა ხრიკებისგან.

ყურანის მუხლებს „აიები” ანუ ლექსები ეწოდება (ამ სიტყვას მეორე

მნიშვნელობაც აქვს – სასწაული, ნიშანი).

ყურანი დაწერილია რიტმული პროზით, თუმცა ბედუინის ყურისთვის ის ღვთაებრივ პოეზიასავით ჟღერდა.

ნიშანდობლივია, მუჰამედის მიერ მოყვანილი ერთადერთი „მტკიცებულება” იმისა, რომ იგი მართლაც ღვთის რჩეული და მოციქულია, მის მიერ გამოთქმული ლექსები, ანუ თვით ყურანია:

„ხოლო თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს – თვინიერ ალაჰისა – თუკი მართალნი ხართ. და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერც გააკეთებთ, მაშ, გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის სახმილია ადამიანები და ქვები, და რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის“ (2:21-22)

სხვა ადგილას მუჰამადი ამავე მიზნით უკვე ათ სურას ითხოვს:

„ან ეგებ იტყვიან: მან გამოიგონა იგიო. უთხარი: მაშ თქვენ მოიტანეთ ამის მსგავსი ათი სურა – გამოგონილი და უხმეთ იმას, ვისაც მორჩილებთ თვინიერ ალაჰისა, თუკი წრფელნი ხართ!“ (11:16)

ყურანის ყველა სურა (მეცხრეს გარდა), იწყება ბასმალათი – ესაა ფორმულა: „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა“ (ბი-სმი-ლლაჰი-რაჰმანირ-რაჰიმი).

შინაარსობრივად ყურანის ტექსტის უმეტესი ნაწილი დიალოგის ფორმის მქონე თავისებურ პოლემიკას წარმოადგენს, ალაჰსა და მოციქულის მოწინააღმდეგეებთან. აგრეთვე, ალაჰის მოწოდება-დარიგებებსა და მითითებებს, რომლებსაც მუჰამადი თავის მიმდევრებს გადასცემს. დიალოგი ზოგჯერ შუამავლის (სული, ჯაბრაილი) მეშვეობით, მაგრამ ყოველთვის მუჰამადის პირით სწარმოებს. ყურანის უმთავრესი იდეა, როგორც უკვე  აღვნიშნეთ, ერთღმერთიანობაა, მრავალღმერთიანობა სასტიკადაა დაგმობილი.

ყურანი ასწავლის, თუ რისი უნდა სწამდეს მუსლიმს, კერძოდ:

1. ალაჰის;
2. ალაჰის ანგელოზების;
3. ალაჰის წიგნის;
4. ალაჰის მოციქულების და წინასწარმეტყველების;
5. ალაჰის წინასწარგანგებულების;
6. მომავალი ცხოვრების.

                                            

ალაჰის შესახებ

ვნახოთ, რას გვამცნობს ყურანი ალაჰის შესახებ – ალაჰი ერთადერთი, ერთიანი ღმერთია, რომელმაც შექმნა სამყარო და ადამიანი, და რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყნიერებას. იგი სავსებით სრული, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური აბსოლუტია. ის თავის თავში არსებობს, არ იშვება და არ შობს, არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები, ამქვეყნად ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თვითონ კი – არავისზე და არაფერზე. მხოლოდ იგი გახლავს ადამიანის მფარველი, მისი საყრდენი, იმედი, ნუგეში და სასოება. ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს, ავსაც და კარგსაც, მხოლოდ მას უნდა უმადლოდეს. ყველაფერი წარმავალია, მხოლოდ ალაჰია მარადიული და სრულყოფილი. ალაჰი ადამიანისთვის ყველაფერია და ამიტომ მან შეიძლება თქვას:

„საკმარისია ჩემთვის ალაჰი და არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მას ვსასოებ და იგია უფალი დიდებული ტახტრევანისა“ (9:130)

„განა არ იცით, რომ ალაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და რომ არა გყავთ ალაჰის გარდა არც მფარველი, არც მეოხი“ (2:171)

ალაჰი უწმინდესი მეუფეა სამყაროსი და განკითხვის დღისა, მსაჯულთაგან საუკეთესო, შუქი, აბსოლუტური ჭეშმარიტება, პირველი და უკანასკენლი, შინაგანი და გარეგანი, შემძლე, ძლიერი, მცოდნე, მხედველი, მსმენელი, ერთი მხრივ მრისხანე და ძალზე მკაცრი, რომელიც ურწმუნოებს სასჯელით და ჯოჯოხეთის ცეცხლით ემუქრება:

„როგორ არ გწამთ ალაჰისა, მაშინ, როცა თქვენ იყავით მკვდარნი, მან კი გაგაცოცხლათ?… ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი იყვნენ და ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიებს, – სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულნი… ალაჰის წყევლა – ურწმუნოებს!“ (2:26.37.83)

მეორე მხრივ კი, ალაჰი მოწყალე, მწყალობელი, მბოძებელი, ცოდვების მიმტევებელი და მოყვარულია:

„ხოლო ისინი, ვინც ირწმუნა და კეთილი საქმე აღასრულა, სამოთხის ბინადარნი არიან და იქნებიან იქ მარადიულნი“ (2:76)

ისლამის მონოთეიზმი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ხაზგასმული, აქცენტირებული და თანამიმდევრულია _ ყველაზე თეოცენტრული. თავის დროზე ის, რასაკვირველია, უპირველესად პოლითეიზმის ანუ მრავალღმერთიანობის წინააღდეგ იყო მიმართული, კერძოდ, მექელი არაბების იმ სამი ღვათების კულტის წინააღმდეგ, რომლებსაც ალაჰთან ერთად სცემდნენ თაყვანს. ყურანში მოცემულია გაფრთხილება:

„ნუ შეუქმნით ალაჰს თანასწორს“ (2:21)

მუჰამადის აზრით, ალაჰი კიდევ იმიტომაც არის ერთადერთი, რომ თავის გვერდით სხვა ღმერთს ვერ მოითმენდა:

„ღვთაებანი რომც ყოფილიყვნენ, თვინიერ ალაჰისა, განადგურდებოდა ორივე მათგანი. დიდება ალაჰს, უფალს ტახტრევანისა“ (21:22)

თუმცა მუჰამადის მონოთეიზმი ასევე ღმერთკაცის ქრისტიანული იდეის წინააღმეგაა მიმართული – მუჰამადისთვის ღმერთი, როგორც სამება და ქრისტე, როგორც ძე ღვთისა და თავად ღმერთი, გაუგებარი და მიუღებელია.

მუჰამადის აზრით, ადამიანი ღმერთი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. ღმერთი (ანუ ალაჰი) არის ყველაფერი, ადამიანი კი _ არაფერი. ადამიანი მონადაა შექმნილი.

„ადამიანები მხოლოდ იმისათვის შევქმენ, რომ მემონონ“ (51:56)

„ჩვენ შევქმენით კაცი ტანჯვისათვის“ (90:4)

მუჰამადის სწავლებით, ადამიანს, ყველაზე მეტი, შეუძლია წინასწარმეტყველი გახდეს. ესაა მაქსიმუმი იმისა, რაც მას ხელეწიფება.

ყურანის ლოგიკა შემდეგია: რადგან ღმერთი (ანუ ალაჰი) ერთი და ერთადერთია, ხოლო სამყარო და ადამიანი მის მიერაა შექმნილი, კაცობრიობაც ერთიანი უნდა იყოს და ყველა ერთხმად ადიდებდეს ალაჰს.

„ო, ხალხო, ემონეთ უფალს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ“ (2:19)

ისლამში არსებობს ალაჰის 99 “უმშვენიერესი სახელი”, რომელიც თან ეპიტეთებს წარმოადგენს. მათგან ყურანში, გარდა “ალაჰისა”, 13 სახელია მოცემული:

„იგია მოწყალე (არ-რაჰმან), მწყალობელი (არ-რაჰიმ). იგია ალაჰი, რომელიც არა არს ღმერთი თვინიერ მისისა, ხელმწიფე (ალ-მალიქ), უწმინდესი (ალ-კუდუს), მშვიდობისმყოფელი (ას-სალამ), ნაღდი (ალ-მუმინ), მფარველი (ალ-მუჰაიმინ), ძლევამოსილი (ალ-ჯაბბარ), ძალგულოვანი (ალ-აზიზ), განდიდებული (ალ-მუთქაბირ). დიდ არს ალაჰი იმაზე, რასაც ზიარუქმნიან. იგია ალაჰი შემქმნელი (ალ-ბარი), შემოქმედი (ალ-ხალიკ), გამომსახავი (ალ-მუსავვირ). მას აქვს უმშვენიერესი სახელები. განადიდებს მას, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და სწორედ იგია ძლევამოსილი, ბრძენთა ბრძენი“ (59:22-24)

ყურანი მოითხოვს, ალაჰი ამ სახელებით იხსენიებოდეს (7:179).

თვით „ალაჰი”  ყურანის ტექსტში 2697-ჯერაა ნახმარი. ამ სიტყვას ზოგჯერ თარგმნიან, როგორც „ღმერთი”, არადა, არაბულად „ალაჰი” ნიშნავს – „ის ღმერთი”, (ანუ კონკრეტული ღმერთი).

ალაჰის დანარჩენი სახელები მოცემულია აბუ ჰურაირას ჰადისში.

ყურანში გვხვდება ფრაზები, საიდანაც ალაჰზე ანტროპომორფული წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას – ის ლაპარაკობს, ზის ტახტზე, აქვს სახე, თვალები, ხელები. მუჰამადს არ მოუცია მითითება, ეს პირდაპირ უნდა იქნას გაგებული თუ მეტაფორულად, ამიტომ ისლამის დოგმატიკის ჩამოყალიბების პერიოდში ორივე შეხედულებას გამოუჩნდა მიმდევრები და დამცველები.

ალაჰი, მუჰამედის სწავლებით, სამყაროში, დროსა და სივრცეში, კაცობრიობის ისტორიაში მთავარი და ერთადერთი „მოქმედი პირია“, რადგან ყველას და ყველაფერს იგი მართავს. ადამიანის ერთადერთი მოვალეობა და ვალდებულება – ალაჰის რწმენა და მორჩილებაა.

ალაჰის ანგელოსების შესახებ

ანგელოსების, ალაჰის მიერ შექმნილი სულების რწმენა მუსლიმური რელიგიის ერთ-ერთი საწყისს წარმოადგენს:

„ირწმუნა მოციქულმა ის, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა მასზე მისი უფლისაგან და ირწმუნა ყველა მორწმუნემ ალაჰი, მისი ანგელოსები, მისი წიგნები და მოციქულები“ (2:285)

ყურანიდან ვიგებთ, რომ ანგელოსები ადამიანის შექმნამდე იყვნენ შექმნილნი:

და აი, უთხრა შენმა უფალმა ანგელოსებს: მე დავადგენ ქვეყანაზე ჩემს შემცვლელსო. მიუგეს: განა დაადგენ შენ იქ იმას, ვინც უკეთურებას ამრავლებს მასზე და სისხლის დაღვრის. მაშინ, როცა ჩვენ ქებით გადიდებთ და გასპეტაკებთ?! უთხრა; მე ვიცი ის, რაც თქვენ არ იცით!“ (2:28)

როდესაც ალაჰმა დაასრულა ადამის შექმნა, ასწავლა მას ყველაფრის სახელი, შემდეგ კი წარუდგინა ანგელოსებს და უთხრა:

„მაცნობეთ მე ამათი სახელები, თუკი მართალნი ხართ. მათ მიუგეს: დიდება შენდა! არ გვაქვს ცოდნა იმის გარდა, რაც შენ გვასწავლე, რადგან შენ ხარ ყოვლისმეცნიერი, ბრძენთა ბრძენი“ (2:29-30)

შემდეგ ალაჰმა ანგელოსებს უბრძანა ადამისთვის თაყვანი ეცათ, რადგან მისი უპირეტესობა აშკარა გახდა. ყველა ანგელოსი დაემორჩილა, ერთის გარდა:

„და აი, ვუბრძანეთ ანგელოსებს: თაყვანი ეცით ადამს! – და თაყვანი სცეს, იბლისის გარდა. მან უარყო, თავი განიდიდა და შეიქმნა ერთი ურწმუნოთაგანი“ (2:32)

სახელი „იბლისი” მომდინარეობს ბერძნული სიტყვდან „დიაბოლოს” – ეშმაკი, სატანა. ესაა ურჩი ანგელოზი, რომელიც ალაჰმა ზეციდან გააძევა და რომელიც ალაჰის მტერი გახდა – ყურანის შემდეგდროინდელი გადმოცემით, იბლისი ცხოვრობს დედამიწაზე, აცდუნებს მორწმუნეებს და მართავს შაითანებს (იხ. ქვემოთ).

ყურანიდან ჩანს, რომ ანგელოსები ზოგჯერ ადამიანის სახეს იღებენ:

„და წარვუგზავნეთ ჩვენი სული, რომელიც სრულქმნილ კაცად გამოეცხადა“ (19:17)

ანგელოსების სამყოფელი ზეცაა, დედამიწაზე ისინი მხოლოდ ალაჰის ბრძანებით ჩამოდიან:

„და არ გადმოვხდებით ჩვენ, თუ არა უფლის ბრძანებით!“ (19:65)

ალაჰმა ანგელოსები მოციქულებად შექმნა:

„ქება ალაჰს, შემოქმედს ცათა და ქვეყანისა, რომელმაც დაადგინა ანგელოსნი მოციქულებად, მქონენი ფრთებისა ორმწკრივის, სამმწკრივის და ოთხმწკრივისა“ (35:1)

მათ შორისაა ჯაბრაილი, რომლის მისია გახლდათ მუჰამადისათვის გამოცხადების გადაცემა.

„უთხარი მას, ვინც იყო ჯიბრაილის მტერი. მან ზეგარდმოავლინა შენს გულზე ალაჰის ნებით, დასტურად იმისა, რაც იყო უწინ, ჭეშმარიტ გზად და სახარებლად – მორწმუნეთათავის“ (2:97)

მათ შორისაა სიკვდილის ანგელოზი – აზრაილი, რომელსაც გარდაცვალების წამს ადამიანის სული ამოაქვს:

„უთხარი, მიგიბარებთ სიკვდილის ანგელოსი, რომელიც პატრონად მოგეჩინათ. მერმე თქვენს უფალთან იქნებით მიქცეულნი“ (32:11)

არსებობენ ანგელოსები, რომლებიც ესწრებიან დილის ლოცვას, რომლებიც ბრძოლის ველზე მყოფ მუსლიმს სიმტკიცეს უნერგავენ, რომლებიც მორწმუნეს აკურთხებენ და ლოცავენ, რომლებიც ადამიანთა საქმეებს იწერენ, რომლებიც მიერეკებიან მათ საშინელ სამსჯავროზე, რომლებსაც დააქვთ ალაჰის ტახტრევანი, რომლებიც სჯიან ურწმუნოებს და ა.შ.

ანგელოსები არ ქორწინდებიან და არ მრავლდებიან, ანუ უსქესონი არიან. ვისაც არა სწამს ანგელოსების, ურწმუნო (ქიაფირი) ხდება.

აქვე მოკლედ მოგახსენებთ ჯინებზე. მათი არსებობის აღიარება რწმენის საწყისი არ გახლავს, მაგრამ რადგან ისინი ყურანში იხსენიებიან, მათი უარმყოფელი ასევე, მექანიკურად, ურწმუნოდ იქცევა.

„ჯინები თუ ადამიანები მხოლოდ იმისათვის შევქმენ, რომ მემსახურონ“ (51:56)

ყურანის თანახმად, ალაჰმა ჯინები ადამიანზე ადრე შექმნა:

„და შევქმენით ჩვენ ადამიანი წკრიალა თიხისგან, აყროლებული ტალახის გუნდისგან, ხოლო ჯინები უწინ შევქმენით სამუმის ცეცხლისგან“ (15:26-27)

უკვამლო ცეცხლისგან შექმნილ ჯინებს აქვთ აიროვანი, ცეცხლოვანი სხეული, შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახე, შეასრულონ ნებისმიერი საქმე, (ვთქვათ, წამში ააგონ სასახლე და წამშივე დაანგრიონ). ჯინებს სქესი აქვთ, მდედრებად და მამრებად იყოფიან, ბინადრობენ ყველგან, ადამიანის თვალისთვის უხილავნი არიან (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა).

ჯინები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან (იფრითი, ღული, სილათი). ჯინების ნაწილმა აღიარა ისლამი და კეთილ საქმეს იქმს, ნაწილი კი ურწმუნო და ბოროტია, ესმსახურება იბლისს – ამ კატეგორის ჯინს შაითანი ეწოდება. შაითანები ადამიანებს აცდუნებენ, სურთ ალაჰის რწმენა დაუკარგონ.

„შაითანი გპირდებათ თქვენ სიღატაკეს და გიბრძანებთ სიბილწეს. ალაჰი კი გპირდებათ თავის პატიებას და მადლს“ (2:271)

განკითხვის დღის შემდეგ იბლისსა და შაითანებს ჯოჯოხეთის ცეცხლი ელით. თვით სიტყვა შაითანი არაბულად ეშმაკს, სატანას ნიშნავს.

ისლამის სწავლებით, ყოველ ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოსი და შაითანი, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან მისი სულისათვის. ადამიანი თუკი ვნებებს, შურს, მრისხანებას აჰყვება, შაითანისკენ გადაიხრება და ბოლოს, ჯოჯოხეთში მოხვდება. შაითანისგან თავის დასაღწევად მორწმუნემ უნდა მოუხმოს ალაჰს ანდა წარმოთქვას ყურანის აიები.

ალაჰის წიგნის შესახებ

ალაჰის წიგნის რწმენა ისლამის ერთ-ერთი საწყისია. ყურანის შესახებ მოკლედ უკვე ვისაუბრეთ _ მუსლიმები მას ღვთივმოვლენილ სასწაულად, ალაჰის ჭეშმარიტ სიტყვად მიიჩნევენ, მუჰამადს რომ ეუწყა.

ყურანის რწმენა, აგრეთვე, ღვთაებრივი წარმომავლობის სხვა წიგნების რწმენასაც გულისხმობს. ესენია: იბრაჰიმის (აბრაამის) გრაგნილები, მუსას თავრათი (მოსეს თორა), დაუდის ზაბური (მეფე დავითის ფსალმუნნი), ისას ინჯილი (იესოს სახარება).

„ჩვენ კი ვუბოძეთ იბრაჰიმის სახლეულს წიგნი, სიბრძნე და ვუბოძეთ მათ უზარმაზარი ძალაუფლება“ (4:57)

„ჩვენ გარდმოვავლინეთ თავრათი და მასშია ჭეშმარიტი გზა და სიმართლე; მისით განსჯიდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც მორჩილნი იყვნენ (ალაჰისა), იმათთვის, ვინც იყო იუდეველი. და (ასევე განსჯიდნენ) რაბინები და მწიგნობარნი ალაჰის ამ წიგნით, მათ რომ მიებოძათ“ (5:48)

„და მივუბოძეთ დაუდს ფსალმუნი“ (4;161)

ყურანის თანახმად, არ ყოფილა ხალხი, რომელთანაც ალაჰს მოციქული არ გაეგზავნოს:1086

„ჩვენ წარმოგგზავნეთ შენ ჭეშმარიტებით; მახარობლად და შემგონებლად. თემი არაა, რომ მათში ერთი შემგონებელი მაინც არ ყოფილიყო“ (35:24)

მოციქული მრავალია (ყურანი მხოლოდ ზოგიერთს ასახელებს), მაგრამ ჭეშმარიტება, რასაცა ისინი ადამიანებს აუწყებენ, ერთადერთია:

„თქვენც ის დაგიკანონათ სარწმუნოებაში, რაც უანდერძა ნუჰს და რაც ზეშთაგაგონეთ შენ და რაც ვუანდერძეთ იბრაჰიმს, მუსას და ისას _ რომ დაიცავით სარწმუნოება და ნუ გაიყოფით მასში“ (42:11)

იესოს და სახარების შესახებ ყურანში ვკითხულობთ:

„შემდეგ მათ (ამ მოციქულებს) კვალში ჩავუყენეთ ისა იბნ მარიამი, დამადასტურებლად თავრათისა, რაც იყო მასზე უწინ, მივუბოძეთ მას ინჯილი, რომელშიც ჭეშმარიტი გზაა და სინათლე. დამადასტურებლად იმ თავრათისა, რაც იყო მასზე უწინ, ჭეშმარიტ გზად და შეგონებად – ღვთისმოშიშთათვის“ (5:30)

სახარებას ყურანში ეწოდება ინჯილი (ბერძნული სიტყვიდან ევანგელიონ).

„ინჯილის მქონეთ უნდა განსაჯონ იმის მიხედვით, რაც ალაჰმა მასში გარდმოუვლინათ, ხოლო ისინი, ვინც არ განსჯის იმის მიხედვით, რაც ალაჰმა გარდმოუვლინათ, სწორედაც რომ არიან ბილწნი!“ (5:51)

ყურანის თანახმად თორა, სახარება და ყურანი, სინამდვილეში, ერთი და იმავე ჭეშმარიტებას ქადაგებს:

„ალაჰმა იყიდა მორწუმეთაგან მათი სულები და ქონება იმით, მათ (ექნებათ) სამოთხე, ვინც იბრძვის ალაჰის გზაზე. კლავენ და იკვლიან, თანახმად აღთქმისა მისგან, ჭეშმარიტისა – თავრათში, ინჯილსა და ყურანში. და ვინ არის ალაჰზე უფრო ერთგული თავისი აღთქმისა? მაშ, გაიხარეთ ვაჭრობით, მასთან რომ აღასრულეთ. და სწორედ ეს არის მიღწევა დიდებული“ (9:112)

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტების საბოლოო გამოვლინებად ცალსახად გამოცხადებულია ყურანი – თუკი სხვა წმინდა წიგნები მისგან რაიმე განსხვავებულს ასწავლიან, ეს ნიშნავს, რომ იმ წიგნებში ჭეშმარიტება შერყვნილია.

ყურანი, მუსლიმთა რწმენით, ჭეშმარიტების ეტალონიცაა, საზომიც და კრიტერიუმიც.

ალაჰის მოციქულთა და წინასწარმეტყველთა შესახებ

მოციქული, ყურანის თანახმად, ისეთივე ადამიანია, როგორც ყველა სხვა: იბადება, იზრდება, ჭამს, სვამს, ავადმყოფობს, კვდება და ა.შ. მოციქულს, ერთადერთი, არ შეიძლებაო ჰქონდეს რაიმე ისეთი ქრონიკული დაავადება ან ფიზიკური თუ სულიერი ნაკლი, რაც მოწოდების აღსრულებაში ხელს შეუშლიდა. ფაქტობრივად, ერთადერთი პრინციპული განსხვავება მოციქულსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის ისაა, რომ მოციქულს გამოცხადება ეძლევა.

ალაჰმა მუჰამადის მოსვლამდე არაერთი მოციქული გაუგზავნა ადამიანებს, რომელთაც თურმე სწორედ ეს აოცებდათ – მოციქული რომ ადამიანი იყო, ანუ ერთ-ერთი მათგანი.

„განა ხალხს საკვირველად უჩანს ის, რომ ზეშთავაგონეთ ერთ კაცს მათგანვე – გააფრთხილე ხალხი და ახარე მათ, ვინც ირწმუნა“ (10:2)

ამის გამო ხალხს ეჭვი უჩნდებოდა, მოციქულის მიღება უჭირდა, ამბობდა:

„განა ალაჰმა მოციქულად კაცი წარმოგვიგზავნაო?!“ (17:96)

ალაჰმა ადამიანებს აუხსნა, რომ მოციქული ვისთანაცაა წარგზავნილი, მათივე მსგავსი უნდა იყოს. დედამიწაზე ანგელოსები რომ ცხოვრობდნენ, მათ ანგელოსს გაუგზავნიდა.

„უთხარი: მიწაზე რომ ანგელოსნი დადიოდნენ გულმშვიდად, გარდმოვუვლენდით მათ ზეციდან ანგელოსს მოციქულად“ (17:97)

„და იტყვიან: ანგელოსი რად არ გადმოხდება მასთანო? ამ დროს, როცა ანგელოსი რომ წარმომეგზავნა, საქმე მოთავებული იქნებოდა,* და არ იქნებოდნენ ისინი მიხედილი. და თუნდაც რომ დაგვედგინა იგი ანგელოსად, ვაქცევდით მას კაცად და შევმოსავდით იმით, რასაც (თვითონ) იცვამენ“ (6:8-10)

მოციქულის მისიაა ხალხისათვის ალაჰის სიტყვის უწყება და გავრცელება. მოციქული

მრავალია, სათქმელი კი ერთადერთი – ალაჰის ჭეშმარიტი სიტყვა. ისინი თანასწორნი არიან, მათ შორის გარჩევა არაა. ყურანში დასახელებულია ალაჰის რამდენიმე მოციქული:

„თქვით; გვწამს ალაჰი და რაც ჩვენზე გარდმოევლინა, რაც ზეგარდმოევლინა

იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაკს, იაკუბს და ისრაელთა შთამომავალთ: ის, რაც ებოძა მუსას და ისას, და რაც ებოძა წინასწარმეტყველთ უფლისაგან; არ განვასხვავებთ არცერთ მათგანს და ჩვენ მისი (ალაჰის) მორჩილნი ვართო!“ (2:78)

„ჩვენ გამოცხადება გიბოძეთ შენ ისევე, როგორც ვუბოძეთ გამოცხადება ნუჰსა და მოციქულებს მის შემდგომ, და გამოცხადება მივეცით იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაკს, იაკუბს და ისრაელიანთა შთამომავალთ. ისას, აიუბს, იუნუსს, ჰარუნსა და სულაიმანს და მივუბოძეთ დაუდს ფსალმუნი“ (4:161)

როგორც ხედავთ, ყურანი მოციქულებად აღიარებს ბიბლიურ წინასწარმეტყველბს. მათ შორის დასახელებულია ისა, ანუ იესო ქრისტე. მოკლედ შევნიშნავთ, რომ ისლამი უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას (რადგან ღვთაებრივი მხოლოდ ალაჰია). მუსლიმები ამბობენ, იესო ალაჰის უსაყვარლისი შვილიაო, მაგრამ, ყურანის თანახმად, იგი ქმნილებაა, და არა ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ისლამი უარყოფს სამებას და ასევე, უარყოფს იესოს სიკვდილს ჯვარზე და მის აღდგომას – ალაჰმა იესო ზეცად ცოცხლად აიტაცაო. (აქვე დავუმატებთ, ისლამი პირველქმნილ ცოდვას უარყოფს – ალაჰმა ადამს ურჩობა აპატიაო – ამდენად, ქროსტეს მისიას აზრი ეკარგება: ადამიანებს გამოხსნა ჯვარზე არ შეიძლება სჭირდებოდეთ, რადგან ალაჰმა პირველქმნილი ცოდვა უკვე შეუნდო).

ამრიგად, მუსლიმებისათვის იესო ქრისტე, მხოლო და მხოლოდ, წინასწარმეტყველია, ალაჰის მოციქული, მუჰამადის წინამორბედი.

მუჰამადი მიიჩნევა უკანასკნელ მოციქულად, იგია „ბეჭედი მოციქულთა”, მას მერე ალაჰი კაცობრიობას დამატებით აღარავის მოევლენს, რადგან ჭეშმარიტება, ალაჰის სიტყვა, მის მიერ სრულად გაცხადდა.

„უთხარი: რა არის უდიდესი მოწმეობა? უთხარი: ალაჰია მოწმე ჩვენს შორის და ზეშთამაგონა მან ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ მისით თქვენ და ის, ვისთანაც მიაღწევს (იგი). და როგორღა ამტკიცებთ, რომ ალაჰთან ერთად კიდევ (რაღაც) სხვა ღვთაებაა?! უთხარი: არ ვამტკიცებ! უთხარი: არამედ, იგია ღმერთი ერთადერთი და უბრალო ვარ, რომ მას თანაზიარს უქმნით (6:19)

ანუ მუჰამადი უკანასკნელი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია, იგი ალაჰმა იმისთვის გამოგზავნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაასწოროს ადამიანების მიერ დამახინჯებული ჭეშმარიტი სიტყვა, მისმა წინამორბედმა მოციქულებმა რომ გადასცეს კაცობრიობას.

ალაჰის წინასწარგანგებულების შესახებ

ყურანის თანახმად, ამ სამყაროში ყველაფერი ალაჰის, მისი შემოქმედისა და განმგებელ-მმართველის, მიერ წინასწარაა განსაზღვრული, ანუ ამქვეყნად არ არსებობს რაიმე, ალაჰის ნებაზე რომ არ იყოს დამოკიდებული. ამგვარ მიდგომას ალაჰის წინასწარგანგებულების რწმენა ეწოდება („კადარი”(არაბ.) – „ბედისწერა”), რაც ისლამის ერთ-ერთ საწყისს წარმოადგენს.

ყურანში ვკითხულობთ:

„არც ერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალაჰის ნება, ჟამი წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი“ (3:139)

„უთხარი: არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალაჰმა, იგია ჩვენი პატრონი და ალაჰს, ხამს, სასოებდნენ მორწმუნენი“ (9:51)

„თუკი არის რაიმე, ჩვენთანაა მისი საცავები და არაფერს გარდმოვავლენთ, თუ არა განსაზღვრული ზომა-წონით. გამოვგზავნეთ ქარნი განმანაყოფიერებელნი, გარდმოვავლინეთ ციდან წყალი და დაგარწყულეთ მისით მაშინ, როცა თქვენ არ იმარაგებდით, ჩვენ, დიახ, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვკლავ“ (15:21-23)

კიდევ არაერთი ციტატის მოყვანა შეიძლება, საიდანაც ჩანს, რომ ყურანის თანახმად, ყველაფერი ამ სამყაროში ალაჰის ნებით ხდება. ამავე დროს, ალაჰი ადამიანს პასუხსა სთხოვს მის ცხოვრებაზე, მორწმუნე იყო თუ ურწმუნო, მორწმუნეს კი – კეთილი თუ ბოროტი, სამართლიანი თუ უსამართლო და ა.შ. და, შესაბამისად, სჯის ან აჯილდეოებს. მაგრამ, თუ ყველაფერი ალაჰის ნებით ხდება, მაშინ ადამიანი თავის ქმედებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

საქმე ისაა, რომ ყურანი არ განმარტავს, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ყველაფერს ალაჰი წყვეტდეს და, იმავდროულად, ადამიანი საკუთარი საქციელის გამო პასუხიმგებლობა ეკისრებოდეს. დავა ბედისწერისა და ნების თავსიუფლების თაობაზე განსაკუთრებით მწვავედ VII-IX საუკუნეებში მიმდინარეობდა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კადრიტები და ჯაბრიტები, რომლებსაც ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ეკავათ.

თანამედროვე ეგვიპტელი თეოლოგი ალი ატ-ტანტანუი თავის წიგნში „ზოგადი წარმოდგენა ისლამზე” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და თავის მოსაზრებას შემდეგნაირად განმარტავს: განვიხილოთო მრავალსართულიანი სახლის მაგალითი. შენობაზე შეიძლება ნახოთ ფირნიში წარწერით: არქიტექტორი ესა და ეს, ინჯინერ-მშენებელი ესა და ეს, საქმეთა მწარმოებელი ესა და ეს… არქიტექტორი ქმნის შენობის პროექტს, ინჯინერი განსაზღვრავს ყველა წვრილმანსა თუ დეტალს – ესააო სწორედ წინასწარგანგებულება, ანუ „კადარი“ (რაც ალაჰის ხელშია), მაგრამ ინჯინერსა და საქმეთა მწარმოებელს აქვთო საშუალება მშენებლობის პროცესში რაღაც შეცვალონ, არქიტექტორთან შეთანხმებით (ანუ ალაჰი ისმენსო ლოცვა-ვედრებას და წინაწარგანგებულება შეიძლება შეცვალოსო).

ავტორი კითხვას სვამს, ადამიანს არჩევანის გაკეთების საშუალება რომ არ ჰქონდეს, მოციქულების გამოგზავნას რა აზრი ექნებოდაო? თუმცა ყურანში ისეთ აიებსაც შეხვდებით, საიდანაც ჩანს, რომ არჩევანსაც ალაჰი აკეთებს (ანუ ჭეშმარიტ რწმენასაც ალაჰი უგზავნის თავის რჩეულს):

„ჭეშმარიტად, შევქმენით ადამიანი ამღვრეული წვეთისგან, რათა გამოგვეცადა და ვაქციეთ იგი მსმენელად, მხედველად, ჭეშმარიტად ჩვენ ვუწინამძღვრეთ მას (პირდაპირ) გზაზე ან მადლიერს, ანდა უმადურს“ (76:2-5)

„და შენი უფალი ქმნის და ირჩევს, მათ კი არჩევანი არ გააჩნიათ“ (28:68)

                                            

მომავალი ცხოვრების შესახებ

ყურანის თანახმად, ალაჰის მორწმუნეს ასევე უნდა სწამდეს სიკვდილის შემდგომი, მომავალი ცხოვრებისა – სწამდეს განკითხვის დღე, აღდგომა, სამოთხე და ჯოჯოხეთი.

მოკლედ მიმოვიხილოთ დასახელებული: არავინ იცის, როდის დადგებაო განკითხვის დღე, გარდა ალაჰისა, თუმცა ყურანში არის მითითება ზოგიერთ მოვლენაზე, რაც მისი მოახლოების მანიშნებელი იქნება. მაგ. მიწის წიაღიდან ამოვა რაღაც ცხოველი, რომელიც ადამიანებს მათ ენაზე დაელაპარაკება, დაინგრევა კედელი, რომელიც ჰყოფს ადამიანებს გოგისა და მაგოგისაგან, გამოჩნდება მაცთური (დაჯალი), ზეციდან გარდამოხდება წინასწარმეტყველი ისა (იესო), მოხდება საშინელი მიწისძვრა, მთები ჩამოიშლება, ზღვებში წყალი აორთქლედება, ვარსკვლავები დაცვივა, ცის კაბადონი გრაგნილივით აიკეცება და ა.შ.

განკითხვის დღე როცა მოვა, ყველა მიცვალებული აღდგება ისეთივე, როგორიც იყო სიცოცხლის ბოლოს – მას ეგონება, რომ სიკვდილის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათია გასული.

„იმისა არ იყოს, ვინც ჩაუარა ერთ სოფელს, დანგრეულს; და თქვა: როგორ გააცოცხლებს ალაჰი ამას სიკვდილის შემდეგ?! და მოკლა თვითონ იგი ალაჰმა ასი წლით, მერე გააცოცხლა და ჰკითხა: აქ რამდენ ხანს დაჰყავიო? მიუგო: ერთ-ორ დღეს დავყავიო!“ (2 :261)

ალაჰი აღადგენს და გააცოცხლებსო ყველას, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე:

„და აჰა, ჩაბერილ იქნება საყვირში და ისინი საფლავებიდან თავიანთი უფლისაკენ გაეშურებიან. იტყვიან: ვაი, ჩვენს მოსწრებას! ვინ აღვადგინა სამაროვნიდან?“ (36:51-52)

ალაჰი ეტყვის მათ:

„განა აღთქმა არ ჩამოგართვით თქვენ, ადამის ძენო, რომ არ დაემონოთ შაითანს, რადგან იგი, ჭეშმარიტად, თქვენი აშკარა მტერია. და რომ თუ მე მემონებით, ეს არის გზა პორდაპირი!“ (36:60)

გაიმართება სამსჯავრო, ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი ამქვეყნიური საქმეების აღწერას:

„და ყოველ ადამიანს… მოვუვლენთ აღდგომის დღეს წიგნს, რომელიც დახვდება გადაშლილი. წაიკითხე წიგნი შენი! საკმარისია შენივე თავი დღეს შენს წინააღმდეგ აღმნუსხველად!“ (17:14-15)

მოხდება განყოფა, ალაჰი სამოთხეში გააგზავნის მორწმუნეებს, ჯოჯოხეთში კი – ურწმუნოებს. ყურანი სამოთხის შემდეგ სურათს გვიხატავს:

„აი, ნიმუში სამოთხისა, რომელიც აღეთქვათ მორწმუნეებს: მასშია მდინარენი  დაუმყაყებელი წყლისა და მდინარნი რძისა, რომელსაც გემო არ ეცვლება და მდინარენი ღვინისა საამურისა მსმელთათვის და მდინარენი დამდნარი თაფლისა“ (47:16-17)

ალაჰის მორწმუნეთ განცხრომა ელით:

„სამოთხის მკვიდრნი დღეს (თავიანთი) საქმეებით დატკბებიან. ისინიც და მათი მეწყვილენიც გრილოში, სავარძლებზე იქნებიან მიწოლილნი. მათ ექნებათ ხილი და ის, რასაც მოითხოვენ. „მშვიდობა” – სიტყვად მწყალობელი უფლისაგან“ (36:55-58)

„ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ტახტრევნებზე. მიყრდმობილნი მათზე ერთმანეთის პირისპირ. გარს დაუვლიან მათ ჭაბუკნი მარადიულნი, თასებით, კოკებით და ფიალებით სასმელისა… ხილით, რასაც კი ინებებენ, და ხორცით ფრინველისა, რომელსაც კი მოიგუნებებენ“ (56:16-21)

გარდა უგემრიელესი ხილისა თუ საჭმელ-სასმელისა, მათ შორის, მუსლიმთათვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში აკრძალული ღვინისა – წყურვილს მოიკლავენო დაბეჭდილი ღვინით, რომლის ბეჭედიც იქნება მუშკი (83:25-26), ყურანი მორწმუნეებს ულამაზეს ქალწულებს ჰპირდება:

„ჭამეთ და სვით მარგებელად მიწოლილნი ჩარიგებულ ტახტებზე და დავაწყვილებთ მათ იქ შავთვალა, დიდთვალებებთან“ (52:18-20)

„მიწოლილნი იქნებიან (მისი ბინადარნი) ლოგინებზე, რომლის ქვეშაგები იქნება აბრეშუმისა… მასში იქნებიან მზერადახრილნი, რომელთაც უწინ არ შეხებიათ არც კაცთაგანი და არც ჯინთაგანი“ (55:54-56)

„და შავთვალებანი, დიდთვალანი. მსგავსნი უხვრეტი მარგალიტისა… ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ეს (ქალები) საგანგებო შექმნით. და ვყავით ისინი ქალწულებად“ (56:22.34-35)

ერთი სიტყვით, სამოთხეში ალაჰის მოყვარულთათვის იქნება ყველაფერი:

„მასშია, რასაც ინებებენ სულნი და რითაც დატკბებიან თვალნი. და იქ თქვენ იქნებით მარადიულნი“ (43:71)

ეს რაც შეეხება მორწმუნეებს. ურწმუნოებს კი ალაჰი ეტყვის:

„აი, ესეც – გეენა, რომელიც აღთქმული გქონდათ! დაიხრუკეთ დღეს იმისთვის, რომ არ გირწმუნიათ!“ (36:63-64)

როდესაც ადამიანი ჯოჯოხეთზე იწყებს ფიქრს, პირველ რიგში, ბუნებრივია, უშრეტი, ჩაუქრობელი ცეცხლი წარმოუდგება. ყურანის თანახმად, ჯოჯოხეთის ცეცხლი ჩვეულებრივი ცეცხლი არაა, მას სხვა ბუნება აქვს. ჩვეულებრივი, ამქვეყნიური ცეცხლი რომ ყოფილიყო, ნებისმიერ საგანსა თუ არსებას დაწვავდა და ფერფლად აქცევდაო, _ წერს ზემთ ხსენებული ალი ატ-ტანტაუი, _ მაგრამ ჯოჯოხეთში ხომ არსებობს ხეები, წყალი და ჩრდილიც კი, ოღონდ მათი დამიშნულებაა ადამიანს ტანჯვა მოუტანონ და არა საიმოვნება. ადამიანი ამქვეყნიურ ცეცხლში თუ მოხვდება, უმალ მოკვდება და ამრიგად, ტანჯვა-წამებას თავს დააღწევს, ხოლო ის ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთში შევა, მარადიული სატანჯველისათვისაა განწირული.

„იმათ კი, რომელთაც არ ირწმუნეს, გეენის ცეცხლი, არ განუსჯიან, რომ ან დაიხოცონ ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი მისი. ამგვარად ვუზღავთ ყოველ უმადურს“ (35:33)

ყურანის თანახმად, როდესაც ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანს კანი დაიეწვება, ახალი გაუჩნდება, მუდამ რომ იტანჯებოდეს.

„მათ, ვინც არ ირწმუნა ჩვენი აიები, ცეცხლს მივცემთ და მუდამ, როგორც კი კანი დაეწვებათ, დავფარავთ ახალი კანით, რათა დააგემოვნონ სასჯელი. ალაჰი ძლევამოსილია, ბრძენთა ბრძენი“ (4:59)

ჯოჯოხეთში ცოდვილები ცხოვრობენ, აზროვნებან, იხსენებენ წარსულს და კამათობენ. იქ არის ხე, რომელსაც აზ-ზაკუმი ჰქვია, და რომლის ნაყოფითაც იკვებებიან – ეს მათთვის დამატებითი სატანჯველია:

„იგია ხე, რომელიც ჯოჯოხეთის ფესვიდან ამოდის, ნაყოფნი მისი, თითქოს თავებია შაითანთა. ისინი კი ჭამენ მისგან და მისით იყორავენ მუცლებს, მერმე მათ მასზე დასაყოლებლად ექნებათ მთხლე მდუღარე“ (37:62-65)

„ჭეშმარიტად, ხე აზ-ზაკუმისა _ ცოდვილის საჭმელი. ვითარცა სპილენძი, დუღს იგი ფაშვებში, როგორც დუღს მდუღარე“ (44:43-47)

ყურანის მიხევით, ურწმუნოთა ხვედრი უსასტიკესია, მათი ტანსაცმელიც კი ცეცხლისგან იქნება:

„იმათთვის, ვინც ურწმუნონი იყვნენ, გამოჭრილია ტანსაცმელი ცეცხლისაგან, ხოლო თავებზე მდუღარე დაესხმებათ, რომლითაც დაებუგებათ ის, რაც ფაშვებში აქვთ და მათთვის (მზადაა) რკინის ხელკეტები“ (20:20-22)

                                              

  რწმენის ხუთი ბურჯი

 ჩვემ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რისი სწამს მუსლიმს, მაგრამ, უზოგადესი აზრით, რას ნიშნავს, გწამდეს ალაჰის?

ეს ნიშნავს, იცოდე, რას ითხოვს იგი შენგან და იქცეოდე ამ მოთხოვნების შესაბამისად. ანუ მუჰამადისა და მისი მიმდევრებისათვის ალაჰის რწმენა ესაა ცხოვრების სრულიად გარკვეული, განსაზღვრული წესი, და არა მხოლოდ სულისმიერი განწყობა თუ გონისმიერი რწმენა-წარმოდგენა. ეს, მაგალითად, ყურანის შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს:

„ჭეშმარიტად, არ სწამდა მას ალაჰი დიადი და არ ირჯებოდა საპყრის ჭმევისათვის“ (69:33-34)

ალაჰის მორჩილება, მისი ნების აღსულება, არის სწორედ ისლამი, რომლის არსი, მისი დოგმატური საფუძველი, როგორც აღვნიშნეთ, შემდეგი ფორმულით გამოიხატება:

„არ არს ღვთაება, გარდა ალაჰისა და მუჰამადი მოციქული ალაჰისა“ (არაბულად ეს შემდეგნაირად ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა მუჰამადუნ რასულ ალლაჰ“).

რწმენის ეს სიმბოლო, შაჰადა, არის სწორედ ისლამის პირველი, უმთავრესი საწყისი (ანუ ბურჯი – რუქნ).

სხვათა შორის, მუსლიმად სხვა სარწმუნოების პირი მას მერე იქცევა, რაც შაჰადას ორჯერ წარმოთქვამს ყადის (მუსლიმთა მოსამართლის) წინაშე, მაჰქამაში (სასამართლოში), მუსლიმი მოწმეების თანდასწრებით.

მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, მართლა სწამს თუ არა ადამიანს ალაჰის და მართლა ისე ცხოვრობს, როგორც ასწავლა ალაჰმა მუჰამადის პირით? როგორ არჩევენ ალაჰის გულწრფელ მორწმუნეს თვალთმაქცისაგან, ვინც ყურანს მხოლოდ გარეგნულად აღიარებს? საამისოდ არსებობს რწნების კიდევ ოთხი საწყისი, სახელდობრ: აუცილებელი ლოცვა, აუცილებელი მარხვა, აუცილებელი მოწყალება, აუცილებელი ჰაჯი (ქააბისა და მექის მოლოცვა).

ზემოთმოყვანილი რწმენის სიმბოლო და ჩამოთვლილი ოთხი ბურჯი მუსლიმის მსოფლხედველობას განსაზღვრავს და, იმავდროულად, მისი ცხოვრების სახელმძღვანელო პრინციპებსაც წარმოადგენს

რამედნიმე სიტყვით მიმოვიხილავთ ისლამის საწყისებს. ალაჰსა და მუჰამადზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამიტომ მეორე ბურჯზე ვისაუბროთ.

აუცილებელი ლოცვის შესახებ

მუსლიმისთვის ლოცვა – არაბულად: „სალათი“, სპარსულად: „ნამაზი“  – ესაა მკაცრად განსაზღვრული ციკლი სალოცავი პოზებისა და მოძრაობებისა, რომლებიც ერთიმეორეს მისდევს და რომლებსაც ახლავს კონკრეტული ლოცვითი ფორმულები არაბულ ენაზე (თუნდაც მლოცველს არ ესმოდეს მათი შინაარსი). ლოცვა დღის განსაზღვრულ დროს აღესრულება, სასურველია, მეჩეთში. ალაჰის მორწმუნემ ყოველდღიურად ხუთი ასეთი აუცილებელი ციკლი უნდა შეასრულოს.

სალოცავი მოძრაობები და პოზები გულისხმობს ხელების მაღლა აპყრობას, თავის დახრას, წელში მოხრას, დაჩოქებას, დამხობას და ა.შ.

ყურანში სალათი ადრეულ სურებში იხსენიება, თუმცა ლოცვის წესი ზუსტად განსაზღვრული არაა. მოცემულია მითითებები ლოცვის დროზე, ზოგიერთ მოძრაობასა და ლოცვით ფორმულებზე. ყურანი სალათს აუცილებლად მიიჩნევს და მისდამი უყურადღებობას გმობს.

„ო, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ მიეკარებით ლოცვას იმ დროს, როცა ხართ გაბრუეულნი, ვიდრე გაიგებდეთ, რას ამბობთ და ნურც შებილწულნი – გარდა მოგზაურ  თა, ვიდრე არ განიბანებოდეთ, ხოლო თუ იქნებით ავად, ან სამოგზაუროდ, ან თუ რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოდან მობრუნდება, ან ქალებს მიეკარეთ და წყალი ვერ მოიძიეთ, მაშინ გასუფთავდით წმინდა ქვიშით, წაიცხეთ ის სახეზე და ხელებზე. და ალაჰი მიმტევებელია, შემწყნარებელი“ (4:46)

მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმ სახით, რაც ახლა არსებობს, სალათი ჰიჯრის შემდეგ დადგინდა. ლოცვის წესი და შესაბამისი ფორმულები, როგორც ჩანს, მუჰამადის სალოცავი პოზებისა და მოძრაობების გავლენით ჩამოყალიბდა, რაც პირველი მუსლიმების მეხსიერებაში გახლდათ აღბეჭდილი. სალათის წესი დაახლოებით 150 წელი მუშავდებოდა, სანამ ყველა ელემეტი არ იქნა თავმოყრილ-დაფიქსირებული მუჰამად აშ-შაიბანის მიერ (გარდ. 805 წელს).

ლოცვის ფორმულებისა და პოზების თითოეულ განსაზღვრულ წრეს „რაქათი“ ეწოდება. თითოეული ლოცვა 2-4 რაქათისაგან შედგება, იმისდა მიხედვით, დღის რომელ მონაკვეთში სრულდება. აუცილებელი განბანვის შემდეგ, რასაც „ვუდუ“ ეწოდება, მლოცველი ფეხსაცმელს იხდის და პირით მექისკენ დგება („კიბლა“) დგება ძირს გაფენილ ხალიჩზე („საჯაღა“) და ხმამაღლა, ან გულში აცხადებს სურვილს („ნიია“), ლოცვა შეასრულოს, რასაც რიტუალური ფრაზების, პოზებისა და მოძრაობების მთელი წყება მოჰყვება.

როგორც აღვნიშნეთ, ალაჰის მორწმუნემ ყოველდღიურად ხუთი ლოცვითი ციკლი უნდა შეასრულოს. პირველი სრულდება განთიადზე, მზის ამოსვლამდე (2 რაქათი), მეორე – sujda_bშუადღისას (4 რაქათი), მესამე – შუადღის შემდეგ საღამოს წინ, მზის ჩასვლამდე (4 რაქათი), მეოთხე – მზის ჩასვლის შემდეგ და მეხუთე – ღამით, ძილის წინ (4 რაქათი)

პარასკევს, შუადღის ლოცვა რეკომენდებულია მეჩეთში (საუდის არაბეთში პოლიცია ლოცვის ჟამს ქუჩაში მყოფ ადამიანებს მეჩეთებში ლამისაა ძალით ერეკება). გარდა აუცილებელი ლოცვებისა, არსებობს ნებაყოფლობითიც.

ხუთჯერადი ლოცვა მუსლიმის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, – განამტკიცებს მის რელიგიურ თვითშეგნებასა და შინაგან დისციპლინას, მის ცხოვრებას სრულიად გარკვეულ რიტმს ანიჭებს. სალათის შესრულება მაჰმადიანის პიროვნული მოვალეობა, ანუ მისი სინდისის საქმეა, – ამას არავინ უკონტროლებს. იმისდა მიხედვით, ასრულებს თუ არა ამ მოვალებას, მულსლიმს შეუძლია განსაზღვროს, სწამს ალაჰის თუ არ სწამს.

                                            

                                                  აუცილებელი მარხვის შესახებ

აუცილებელი მარხვა (არაბ.“სავმი“) მუჰამადმა თავის მიმდევრებს დაუწესა 624 წელს, რამადანის თვეში (ესაა მაჰმადიანთა კალენდრის მე-9 თვე, – თვე, რომლის დროსაც მოციქულს ალაჰის პირველი ზეშთაგონება ეწვია). მარხვა, ცხადია, მუჰამადს არ გამოუგონია. მან უბრალოდ თავისებურად გააგრძელა ისლამამდელი პრაქტიკა ღვთისმოსავთა თავშეკავებისა და დათმენისა. მუსლიმთა მარხვის ძირითადი წესი ყურანშია მოცემული:

„ო, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, წერილ არს თქვენთვის მარხვა ისევე, როგორც წერილი იყო მათთვისაც, ვინც ცხოვრობდა თქვენზე უწინ, რომ ეგების ღვთისმოშიშნი ყოფილიყავით… რამადანის თვეა, როცა ზეგარდმოევლინა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, ცხად მტკიცებად ჭეშმარიტი გზისა და განსხვავებისა. და იმ თქვენგანმა, ვინც დაესწრება ამ თვეს, იმარხულოს, ხოლო ვინც იქნება ავად, ან სამოგზაუროდ, მან იმარხულოს იმდენივე (დღეს) სხვა დროს. სურს ალაჰს თქვენი მოსვენება და არა სურს თქვენი გაწვალება. მაშ, გაასრულეთ (განსაზღვრული) რაოდენობა (დღეებისა) და განადიდეთ ალაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტი გზით მიჰყავხართ, რათა ეგების მადლი შესწიროთ… ნებადართულია თქვენთვის მარხვის ღამეს თანაცხოვრება თქვენს ცოლებთან,. ისინი არიან თქვენი სამოსი და თქვენ ხართ სამოსი მათი. იცოდა ალაჰმა, რომ სული წაგძლევდათ, ამიტომაც მოგიტევათ და გაპატიათ. მაშ, აწ თანა ეყავით მათ და ისურვეთ ის, რაც ალაჰმა დაგიწესათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე ცხადად შეგეძლებათ გაარჩიოთ განთიადის შავი ძაფი თეთრი ძაფისგან. შეინახეთ მარხვა ღამემდე და ნუ მიეკარებით მათ (ცოლებს), როცა თქვენ ნიადაგ ლოცულობთ მეჩეთებში _ ეს არის ალაჰის საზღვრები და ნუ მიუახლოვდებით მათ. ამგვარად განგიცხადებთ ალაჰი ადამიანებს თავის სასწაულებს, რათა ეგების, ღვთისა გეშინოდეთ“ (2:179.181.183)

როგორც მოყვანილი ციტატიდან ჩანს, მარხვა სავალდებულოა დღისით, მზის შუქზე, ღამით კი ყველაფერი დაშვებულია.

ღამით, მარხვის თვეს, მუსლიმი ერთხელ ვახშმობს და ერთხელაც საუზმობს მზის ამოსვლამდე, ალიონზე.

მარხვის მიზანია აჩვენოს, რომ მორწმუნე მაჰმადიანი ღვთისმოსავია, ზომიერია, თავდაჭერილია, სწორად ესმის თანაფარდობა მატერიალურსა და სულიერ სიკეთეებს შორის. გავრცელებული წარმოდგენით, მარხვა რამადანის თვეში წლის მანძილზე ჩადენილი ცოდების მონანიების საუკეთესო საშუალებაა.

მარხვის აუცილებლობის უარმყოფელი ურწმუნოდ მიიჩნევა.

მარხვის დაცვას თვალყურს ადევნებს ყადი, პოლიცია, მმართველი, ყველა მუსლიმი. მარხვის აშკარა უგულებელყოფა, დემონსტრაციული დარღვევა მკრეხელობად, წინასწარგანზრახულ სამართალდარღვევად მიიჩნეოდა და კანონმდებლობით ისჯებოდა.

მარხვისგან თავისუფლდებიან ორსულები, მეძუძურო დედები და მოგზაურობაში მყოფნი. ავადმყოფები. სუსტებსა და მოხუცებს მარხვა შეუძლიათ შეცვალონ ღარიბებისათვის მოწყალების დარიგებით.

აუცილებელი მოწყალების შესახებ

მუჰამადმა დააწესა აუცილებელი, სავალდებულო მოწყალება (არაბ.“ზაქათი“). მისი აზრით, მოწყალების გაცემა ალაჰისათვის სათნო, მოსაწონი საქმეა, ამიტომ იგი თავის მიმდევერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ხელგაშლილობა, დახმარება გაუწიონ გაჭირვებულსა და ქვრივ-ობოლს. ყურანში ნათქვამია:

„გეკითხებიან შენ, რა გაიღონ მოწყალებად. უთხარი,  – რა სიკეთესაც მოწყალებად გასცემთ მშობლებისათვის, ახლობლებისათვის, ობლებისათვის, უპოვართათვის და მოგზაურთათვის, ალაჰმა იცის იგი… გეკითხებიან, რა გასცენ (მოწყალებად). უთხარი: ყველაზე უკეთესი, რაც კი გაბადიათ“ (2:211,216),

თავიდან მუსლიმური თემი მოწყალებას ღარიბებს, ქვრივებს, მარტოხელა დედებს, ობლებს, დაუძლურებულებს საკუთარი სურვილით ურიგებდა, შემდეგ კი, ომაიანთა ხანიდან მოყოლებული (661-750), მოწყალების გაღება, ფაქტობრივად, გადასახადად იქცა.

მუსლიმური თვალთახედვით, ყოველი ამქვეყნიური სიკეთე უწმინდურია, მისი მოპოვება და გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდისა და ალაჰისათვის მისი ნაწილობრივი დაბრუნების პირობით. ზაქათის თავდაპირველი მნიშვნელობა სწორედ “განწმენდა” გახლდათ. ყურანის თანახმად (58:13-14) მოწყალების გაღება სავალდებულოა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ყველა სრულწლოვანი მუსლიმისათვის, თუკი მას აქვს გარკვეული წლიური შემოსავალი. დაბეგვრა ეხება იმას, ვისი ქონებაც აღემატება დადგენილ მინიმუმს (ვთქვათ, აქლემების ჯოგის მფლობელს მინიმუმ 5 აქლემი უნდა ჰყავდეს, ნახირისა – მინიმუმ 20 ძროხა, ცხვრის ფარისა – მინიმუმ 40 ცხვარი და ა.შ.)

ზაქათის ოდენობა სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან ერთი მეათედით განისაზღვრება და მას მოსავლის აღებისთანავე იხდიან. სხვა საქმიანობის შემთხვევაში, ის განისაზღვრება შემოსავლის ერთი მეორმოცედით (ანუ 2,5%-ით), გადახდა კალენდარული წლის დასრულებისას ხდება. მიღებული თანხა ყადის განაკარგულებაშია და იხარჯება მომდევნო წლის განმავლობაში მხოლოდ იმ ოლქში, სადაც აკრეფილ იქნა.

ზაქათის დახმარების მიღების უფლება, ღარიბ-ღატაკების გარდა, ჰქონდათ ზაქათის ამკრეფსა და გამცემ პირებს, ასევე მათ, ვინც წახალისებას იმსახურებდა, უუნარო მოვალეებს, გარკვეული კატეგორიის მონებს, ვინც დადო ხელშეკრულება თვითგამოსყიდვის თაობაზე, მოგზაურებს, რომლებიც შინ ვეღარ ბრუნდებოდნენ და ღაზიებს (ღაზავათში _ “სარწმუნოებისათვის ომში” _ მონაწილეებს).

ერთი სიტყვით, ზაქათი ესაა რეგულარული, აუცილებელი, მკაცრად ნორმირებული და შემოსავლის პროპორციული გადასახადი, რომელსაც ყველა ზრდასრული, ქმედითუნარიანი და საკმარისი ქონების მქონე მუსლიმი თავის თემს უხდის.

აუცილებელი ჰაჯის შესახებ

ჰაჯი („ალ-ჰაჯჯ“) გულისხმობს პილიგრიმობას მექაში, ქააბას, მუსლიმთა მთავარი სიწმინდის, მოლოცვას, რაც წელიწადში ერთხელ, განსაზღვრულ დროს, მკაცრად

დადგენილი წესის დაცვით ხორციელდება. ეს წესი მუჰამადმა 632 წელს, თავისი ბოლო, „გამოსამშვიდობებელი ჰაჯის“ შესრულებისას დაადგინა.

ქააბა (არაბულად ნიშნავს „კუბს”) ნაცრისფერი ქვისგან აგებული ტაძარია, სიმაღლით 15მ, სიგრძით 12მ და სიგანით 10მ, სარკმელი არ გააჩნია. აქვს შესასვლელი კარი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიმაღლეზეა გაკეთებული (შესვლისას კიბეს ადგამენ). აღმოსავლეთ86704282_4316166_14564 SHAV QVA 2 კუთხეში, კარის სიახლოვეს, კედელში ჩასმულია “შავი ქვა” – რომელსაც აქვს მოშავო-მოწითალო ელფერი, სიგანით 28სმ, სიმაღლით 38სმ-მდეა, შედგება სამი ნატეხისა და რამდენიმე ფრაგმენტისგან, რომლებიც ერთმანეთთანაა მიდებული და ვერცხლის ბუდეშია ჩასმული (მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვა მეტეორიტული წარმოშობისა უნდა იყოს).

გადმოცემის თანახმად, „შავი ქვა“ თავიდან თეთრი იაგუნდი იყო სამოთხიდან, რომელიც ალაჰმა აჩუქა ადამს, როდესაც სამოთხიდან გაძევებულმა მექას მიაღწია. ქვა მოგვიანებით გაშავდა, ადამიანთა ცოდვებისა და ბიწიერიების გამო, რათა ვეღარ დაენახათ სამოთხე, რომელიც მის სიღრმეში ჩანდა (ვინც სამოთხეს დაინახავდა, სიკვდილის შემდეგ იქ უნდა მოხვედრილიყო). ადამმა შავი ქვაზე ააგო შენობა (ანდა – დადგა კარავი), ქააბა კი ააშენა მისმა ვაჟმა შისმა (სიფმა). წარღვნის დროს ქააბა ზეცაში იქნა ატაცებული, შემდეგ კი დაინგრა. როდესაც იბრაჰიმმა (ანუ აბრაამმა) თავისი შვილი ისმაილი მექაში დაასახლა, ალაჰმა უბრაძანა იბრაჰიმს, აღედგინა ქააბა. მან შეასრულა ბრძანება, ხოლო ანგელოზმა ჯაბრაილმა იქვე მახლობლად, მთაში არსებული სამალავდან შავი ქვა გამოიტანა და იბრაჰიმს გადასცა, რომელმაც ის ქააბაში მოათავსა. იბრაჰიმმა უანდერძა ყველას, – მოელოცათ ქააბა.

683 წელს ომაიანთა ჯარებმა მექას ალყა  შემოარტყეს, ქააბას ცეცხლი წაეკიდა, “შავი ქვა” სიმხურვალისგან გასკდა. 930 წელს ის გაიტაცეს. “შავი ქვის” დაბრუნება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოხერხდა. მას მერე არაბთა უდიდესი რელიქვია მუდმივად ქააბაში ინახება.

ქააბა ყურანში რამდენჯერმე იხსენიება, როგორც „წმინდა სახლი”, „ძველი სახლი”, „იბრაჰიმის სადგომი”.

ქააბას მოვლა-პატრონობა რიგრიგობით ევალებოდათ კურაიშის, ჯურჰუმისა და ჰუზის არაბულ ტომებს. ქააბის კულტი წარმართი არაბების გამაერთიანებელი იყო – ქააბა მათი ზიარი სალოცავი გახლდათ. მუჰამადის ახალგაზრდობაში, ქააბაში იდგა მექის მფარველი ღვთაების, ჰუბალის კერპი, მის გარშემო – კიდევ 360 კერპი-ღვთაება.Islam

პილიგრიმობა მექაში, ქააბას მოლოცვა (ანუ ჰაჯი) ყურანის მოთხოვნაა.

„უპირველესი სახლი, ხალხისათვის რომ აიგო, არის ის, რომელიც მექაში დგას… მასშია ცხადი სასწაულები და სადგომი იბრაჰიმისა. ვინც შევა მასში, იყოს დაცული; და ალაჰისთვის ხალხს ევალება მოლოცვა ამ სახლისა“ (3:91-92)

„და აღასრულეთ ჰაჯი და უმრა[8] ალაჰისთვის. ხოლო თუ დაბრკოლდებით, მაშინ (გააგზავნეთ) – რაიმე შესაწირი, რაც გეადვილებათ და ნუ გადაიპარსავთ თავებს, ვიდრე შესაწირი დანიშნულების ადგილს მიაღწევდეს. მას კი ვინც ავად იქნება თქვენგან, ან რომელსაც თავში აქვს რაიმე სნება, გამოსასყიდად – ლოცვა, მოწყალების გაღება ან სხვა რამ სათნოება (დაეწესოს)!“ (2:192)

ყველა მუსლიმისათვის ჰაჯის შესრულება სავალდებულოა ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

ვისაც ამის ფიზიკური საშუალება არ გააჩნია, შეუძლია მექაში გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი („ვაქილ ალ-ჰაჯჯ“) – იკისროს ხარჯები. ჰაჯისგან თავისუფლდებიან უძლურები, გონებასუსტები, ღარიბები, მონები, ქალები, რომელთაც არ ყავთ ქმარი ანდა ნათესავები, გზაში რომ გაყვნენ.

ისლამური ჰაჯის იდეა მუჰამადს ჩამიუყალიბდა იასრიბში (მედინაში), როდესაც მან კავშირი გაწყვიტა ებრაელებთან და კიბლად, იერუსალიმის სანაცვლოდ, ქააბა გამოცხადა,

ჰაჯი სრულდება მთვარის (ჰიჯრის) კალენდრის უკანასკნელ, ზუ ლ-ჰიჯას თვეს, იწყება ამ თვის 7 რიცხვში და სრულდება 12-ში. ჰაჯი, ძირითადად, გულისხმობს ქააბას გარშემო რიტუალურ, შვიდგზის მსვლელობას, “შავი ქვის” თავყავნისცემას (ამბორს ან ხელით შეხებას და ხელის ტუჩებთან მიტანას), ლოცვას, მემორიალური ადგილების მონახულებას, როგორიცაა საფასა და მარვას ბორცვები, სადაც, გადმოცემით, ისმაილის დედა ჰაჯარი

(აგარი) დარბოდა შვილისთვის წყლის ძიებაში (მანძილს ამ ბორცვებს შორის პილიგრიმები სწრაფად გადიან), დგომას არაფატის მთასთან და ლოცვას, სირბილით მისვლას მუზდალიფის დაბლობში, შვიდი კენჭის სროლას მინის დაბლოზე  ქვების სამი გროვისათვის, რომლებიც იბლისს განასახიერებენ, მსხვერპლის შეწირვას (პილიგრიმები თვითონ კლავენ წინასწარ ნაყიდსა და დანიშნულ ცხვარს, თხას ან აქლემს – ხორცს ღარიბებს ურიგებენ, ნაწილი ადგილზე რჩება). იწყება მსხვეპლშეწირვის დღესასწაული, ერთ-ერთი უდიდესი ისლამში, რომელიც მომდევნო სამი დღე გრძელდება. შემდეგ პილიგრიმები ბრუნდებიან მექაში, ისევ შვიდგზის შემოუვლიან ქააბას, ეამბორებიან “შავ ქვას” და სხვა რიტუალებს ასრულებენ.

სამშობლოში დაბრუნებული პილიგრიმი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს – ჰაჯის საპატიო წოდებას ატარებს.

ჰაჯი, გარკვეული აზრით, მუსლიმის მოვალეობებს ანუ რწმენის ხუთივე ბურჯს თავის თავში აერთიანებს.

ჯიჰადის შესახებ

D6P3tWLBou0

ჯიჰადი (არაბ. „გულმოდგინება“, „მონდომება“), ომი სარმუნოებისათვის, ზოგიერთი მუსლიმი სამართლისმცოდნეს აზრით, ალაჰის მორწმუნეთა კიდევ ერთი ძირითადი მოვალეობაა, ანუ ისლამის ერთ-ერთი ბურჯია.

მუჰამადის ცხოვრებაში ჯიჰადი ესმოდათ, როგორც ბრძოლა „ურწმუნოთა წინააღმდეგ“. ყურანი მოუწოდებს მუჰამადს ებრძოლოს ურწმუნოებსა და ფარისევლებს:

„ო, წინასწარმეტყველო, ებრძოლე ურწმუნოებსა და თვალთმაქცებს. შერისხე ისინი, მათი თავშესაფარი – გეენაა და რა საძაგელია მათი საამკვიდრებელი“ (9:74).

„ო, წინასწარმეტყველო, წააქეზე მორწმუნენი ბრძოლისათვის – თუკი თქვენში ოცი მომთმენი იქნება, დაამარცხებთ ორასს, ხოლო თუ თქვენში – ასი, დაამარცხებთ ათასს, იმათ, ვინც ურწმუნინი არიან. იმის გამო, რომ ისინი ხალხია, ვინც ვერ კეთილგანსჯის“ (8:66)

ყურანი მოუწოდებს მუსლიმებს:

“ებრძოლეთ იმათ, ვისაც არ სწამს ალაჰი და დღე უკანასკნელი, არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალაჰმა და მისმა მოციქულმა, და არ აღიარებენ სჯულს ჭეშმარიტებისას“ (9:29)

„და თუ შეხვდებით იმათ, ვინც არ ირწმუნა, დასცხეთ (ხმლით) კისერში, ვიდრე სრულიად მოსრავდეთ“ (47:4)

„საღვთო იმის“ მიზანია ურწმუნოების მოსპობა და ისლამის საბოლოო გამარჯვება:

„და ებრძოლეთ მათ, ვიდრე აღმოიფხვრებოდეს საცდური და დარჩებოდეს რწმენა ალაჰისა. ხოლო თუ ისინი შეწყვეტენ (ბრძოლას), მაშინ აღარ განაგრძოთ (არავის მტრობა), გარდა უსამართლოთა“ (2:189)

ბოლო ციტატიდან ჩანს, რომ ყურანი ალაჰის მორწმუნეთაგან მოითხოვს, ბრძოლაში არ გადაამეტონ. თუკი მტერი შეწყალებას ითხოვს, მისი სურვილი მშვიდობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ურწმუნოებმა დამცირებისა და მორჩილების ნიშნად უნდა იკისრონ საგანგებო გადასახადი:

„მათგან, რომელთაც ებოძათ წიგნი, ებრძოლეთ… ვიდრე თავისი ხელით გაიღებდნენ ჯიზიას, იმ დროს, როცა იქნებიან დაკნინებულნი“ (9:29)

ჯიზია, ესაა სულადობრივი გადასახადი, რომელსაც მუსლიმურ სახელმწიფოში იხდიან არამუსლიმები, როგორც სიცოცხლის საფასურსა და გამოსასყიდს. („წიგნში“ იგულისხმება ბიბლია. „საღვთი სჯულის ხალხები“ არიან ისინი, ვისთვისაც ბიბლია წმიდა წიგნს წარმოადგენს, ანუ ებრაელები და ქრისტიანები).

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია: „დაცვის სიგელის“ მიხედვით, რომელმაც განსაზღვრა ურთიერთობა დამპყრობელ არაბებსა და დაპყრობილ ქართველბს შორის, ჯიზია ყოველ კომლზე 1 დინარს შეადგენდა.

ჯიზია, ყურანის თანახმად, „საღვთო სჯულის ხალხებისთვის“ არის დაწესებული, ხოლო წარმართები (სხვა რელიგიების მიმდევარნი), იდეაში, ან უნდა გამაჰმადიანდნენ, ან დაიხოცონ.

მუსლიმი სამართლისმცოდნეები ჯიჰადის 6 სახეობას განასხვავებდნენ, ესაა ბრძოლა:

1. ალაჰის მტრებთან, წარმართებთან, და ვინც ავიწროებს მუსლიმებს,
2. საგარეო აგრესორთან,
3. განდგომილებთან,
4. ძალმომრეებთან,
5. ყაჩაღებთან,
6. არამუსლიმ მონოთეისტებთან, რომლებმაც უარი თქვეს გადაეხადათ ჯიზია.

ისლამის დოგმატიკის ჩამოყალიბების დროიდან, VIII საუკუნიდან, ჯიჰადი მამრობითი სქესის თავისუფალი, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ბრძოლისუნარიანი მუსლიმის მოვალეობა გახდა.

თეორიაში მიიჩნეოდა, რომ მუსლიმები არამუსლიმურ სახელმწიფოებთან მუდმივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, მათთან მხოლოდ ათწლიანი დაზავება იყო დაშვებული.

„საღვთო ომში“ დაღუპული მუსლიმი ხდება შაჰიდი, რომელსაც გარანტირებული აქვს სამოთხე.

ავტორისაგან:

ნარკვევში განხილულ რწმენა-წარმოდგენებს კომენტარსშეგნებულად არ ვურთავთ, ანუ შეფასებას არ ვაძლევთ, რადგან ჩვენიმოკრძალებული მიზანია, მკითხველს ობიექტურიინფორმაცია მივაწოდოთდასკვნებს თავად გააკეთებს…  

წყარო: universumplus 

http://kenozisi.ge/geo/ras-qadagebs-islami/

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი