“ნაზარდი ღორის თავის მოხარშვაც “ფეისბუკზე” რავა შეგითანხმოთ?”

კალანდამ შემოაბიჯა გურიაში და გაშალეს გურულებმა შესაფერი სუფრა – მოხარშული ღორის თავი, დოქით ადესა, კეცის ხაჭაპურები, კელამიდის მჭადები, კელამიდებზევე შეპიწკინებული ქათამი და კუპატი… ჰოდა, ყავარი გამოდეს “ფეისბუკზე” გაზულუქებულებმა – ამდენი საჭმელი და სასმელი სად გაგონილა, თუ ამდენი გაქვთ, გაჭირვებულებს დაურიგეთო…

გურიაში ყველა გაჭირვებული ვართ და ვინ მოგვცა გაჭირვების დავიწყების ფუფუნება – მეხსიერებას ჩვენ არ ვუჩივით და გაჭირვებულებს. მთელი წელი ღორს ვზრდით, ვასუქებთ და თვალებში შევყურებთ, მერე ასე ნაზარდი ღორის თავის მოხარშვაც “ფეისბუკზე” რავა შეგითანხმოთ?

მიწა ცოტა გვაქვს, და რაც გვაქვს,ქვითაა გამოტენილი: დავთესავთ 10 კილო კარტოფილს, ამევიღებთ 15 კილოს. ჩავტიებთ წელებს ყანაში, დევიარებით შემოდგომაზე წელგაკავებულები – სიმინდიც კი ისე ცოტა მოდის, ბევრი ქათამი რომ ვიყოლიოთ, სულ ქათმებს უნდა ვაჭამოთ, ერთი ბუხანკა პური ერთ ბაღანას უნდა მარტო და მჭადი თუ არ გამოვაცხვეთ, ვინ გვაჭმევს, “ფეისბუკის” პოსტებს დავაძღეთ? ისე, ამდენი რომ სკოლაში გეწერათ, რამდენსაც ინტერნეტში წერთ, ახლა პარლამენტის სხდომებიდან დაგვიქნევდით ხელს…

ახლა, მარტო ახალ წელს რომ გაახსენდება გაჭირვებული კაცი, იმან რაფერ უნდა წატიროს ჩემი სიმწრით გაზრდილი ღორის მოხარშულ თავს? ჩემზე მეტად დეენანა თუ ჩემზე მშიერია?

გურიაში იმფერი

მძიმე ყოფაა, შემოსავალი მარტო ჭიშკარი გვაქ დარჩენილი, ბაბუა რომ მომიკტა, ცოცხალი ბებიის ფოტოც გვერდით მივახატეთ, ერთ ხარჯში რომ გამოვსულიყავით; იმფერი დუხჭირობაა, დიდი სარკე გვაქვს გამოდგმული სასადილო ოთახში – სარკეში საჭმელი ბევრი ჩანს და თვალი მაინც რომ გაძღეს…

ჩამევედი ქალაქში და ვხედავ: გამოკრულია პლაკატი – “ცხოვრება სიღატიკის გარეშე”. გულმა მრეჩხა – აგი ერთი გვაქ დარჩენილი და მაგის გარეშეც გინდებიენ დაგვტოვოთ? წლებია, ჩვენს ცხოვრებას საერთო სიღატაკეზე ფიქრი და ლაპარიკი აფერადებს.

რაც უმიწობამ და ქვიანობამ ვერ დაგვაკლო, ფაროსანამ მიხედა წელს. გამევიდა რაცხეის მინისტრი, რას დეიმახსოვრებ, იმდენი არიან, – ფაროსნები პროტეინებს შეიცავენ, ცილაა ფაროსნებში და ზოგ ქვეყანაში საჭმელადაც იყენებენო
. არ გვინდა გურულებს ცილა და პროტეინი, ისედაც გამოცილებული ვართ წლიდან წლამდე ლობიოს ჭამით და წელს აი ლობიოც რომ ფაროსანას ცილად იქცა, რა ვქნათ, იმაზე ვიმტვრევთ თავს.

ბაბუაჩემი სულ იმას იხსენებდა, ჩამევიდა გურიაში ხრუშჩოვიო, მეიქაჩლეს გურულებმა თავი და სულ მაწონში, კვერცხში და რძეში მოუზილეს მჭადებიო, ეკალა ფხალი შეანელეს ნიგვზით და კიდევ ათასი რაღაც მოამზადეს, მაგრამ იმან ეკალა და მჭადი მოიწონა და გამოაცხადა: რა საჭიროა გურიაში პური, ასეთი შემცვლელი გქონიათ და ფხალიც თუ ტყეში მოდის, მაგას რა ჯობია, მიხედილი და დაპურებული ყოფილხართ ბუნებისგანო.

მას მერე იწყევლიან გურულები თავბედს, რა ჯანდაბად გავასინჯეთ ხრუშჩოვს­ ეკალა და მჭადიო, წელს კიდევ იმათი წყევლაც დაამატეს, ვინც ჩვენს მინისტრს ფაროსანა შეუწვა და გაასინჯაო…

წლიდან წლამდე ვშრომობთ და მაინც არაფერი გვაქ, დასასვენებლად წასვლა ჩვენ არ ვიცით, რა არის, იმიტომ რომ, ჩვენი ბიუჯეტის მიხედვით, სულ არ დავღლილვართ, დაბადების დღე ჩვენდა არაა და იუბილე, ჰოდა, რაცხა ახალ წელს ვმხიარულობთ და სიმწრით გაზრდილი ღორის თავს ვხარშავთ, ქი გვაპატიოთ იქნება…

აი ჩემი ტკბილ-მწარე წერილიზა ნუ გამკიცხავთ პატივცემულებო, მარა ძალიან მინდოდა ჩემი გულისტკივილი თქვენთვის მომეწერა და, ახლა თქვენ იცით, გამოაქვეყნებ თუ არა… მრავალ ახალ წელს, მრავალ შობას და მრავალ კალანდას დეესწარით…

კალანდას ღორის ხორცზე კბილდადგმული და გოზინაყზე კბილდაუდგმელი გურული

“კვირის პალიტრა”

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი